17:33 | 2020-03-15 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ყველაზე ცნობილი ქართველი მზარეული, რომელიც სამზარეულო დანადგარებში ვერ ერკვევა – კონსულტანტების მიერ მოყოლილი კურიოზები

ყველაზე ცნობილი ქართველი მზარეული, რომელიც სამზარეულო დანადგარებში ვერ ერკვევა – კონსულტანტების მიერ მოყოლილი კურიოზები

არსებობს გამოთქმა, რომ „კლიენტი ყოველთვის მართალია“ და ხშირად მოგვისმენია კიდეც მომხმარებლის უკმაყოფილება მომსახურების სფეროს თანამშრომლების მიმართ.

 

„არ გვიღიმიან“, „ყურადღებას არ გვაქცევენ“, „გვეუხეშებიან“, „კარგად არ მომემსახურნენ“ და ათას ამგვარ პრეტენზიას გმოთქვამენ ხოლმე.
საინტერესოა მეორე მხარის აზრიც ანუ რას ამბობენ თავად მომსახურების სფეროს წარმომადგენლები მომხმარებლებზე. რაღა თტქმა უნდა, მათაც აქვთ ჩვენთან პრეტენზია.

 

ვნახოთ, რას წერენ ისინი სოციალურ ქსელში და რა იწვევს მათ უკმაყოფილებას.
გთავაზობთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების კურიოზებსა და საინტერესო სიტუაციებზე.

 

„ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობ. დავიწყოთ იქიდან, რომ ზოგი კარს გააღებს ბოლომდე და ცივა, ცხელა, ქარია თუ დარია, ბოლომდე ტოვებს ღიას, შემოსვლისასაც და გასვლისასაც. ზამთარში, როცა გარეთ ცივა და შიგნით გათბობაა ჩართული ან ზაფხულში, როცა ცხელა და კონდიციონერია ჩართული მაღაზიაში. შემდეგი: როცა წვიმს და კართან გარეთაც და შიგნითაც დევს ფეხის გასაწმენდი „დეზობარიერი“, ორივეს გადმოახტებიან და ისე შემოდიან, თან როცა თეთრი იატაკია. მაინტერესებს, ასეთი ადამიანები სახლში რომ შედიან ან გადიან, კარს ღიას ტოვებენ? ან ტალახიანი ფეხებით შედიან და არ იწმენდენ კართან? მერე ასეთ მომხმარებელს რამე რომ არ მოეწონოს, გადმოხტება, გაიკვანძება, გახდის ტრაგედიად და მოთქვამს და წუწუნებს“.

 

„ჩემი და ერთ-ერთი მომხმარებლის დიალოგი:
– შენაა, ეს რა ღირს?
– 760 ლარი, ბატონო.
– დაა რა არის?
– ბლენდერია, ბატონო.
– და რას აკეთებს?“

 

„მომხმარებლის შეკითხვა ღუმელზე:
– სადაურია, თურქული თუ ჩინური? (სხვა არჩევანს არ მიტოვებს).
– იტალიური, ბატონო.
– ჩინეთშია წარმოებული?
– არა, იტალიაში.
– ჩინური ნაწილებით იქნება, – იხტიბარს არ იტეხს.
– მწარმოებელი ამბობს, რომ ნაწილებსაც იტალიაში ამზადებს და ასეც აწერია ნაწილებზე.
– ჩინელებს რასაც გინდა დააწერინებ, შვილო, – მაინც თავისას აწვება“.

 

 

 

„შემოდის მომხმარებელი და უცებ მეუბნება:
– ასეთი „ფეჩი“ ვიყიდეთ და „სეტკა“ არ მოჰყვა.
– არ მოჰყვება, ქალბატონო.
– არ მოჰყვება?
– არა, არ მოჰყვება.
– რას ნიშნავს, არ მოჰყვება?
– ასე, ქალბატონო, არ მოჰყვება ანუ ცალკე იყიდება.
– საერთოდ არ მოჰყვება?
– არა, საერთოდ არ მოჰყვება.
– როგორ? არ მოჰყვება? (გაოცდა)
– ქარხნულად არ მოჰყვება, ქალბატონო.
– ააა, ანუ საერთოდ არ მოჰყვება?
– არა, ქალბატონო, საერთოდ არ მოჰყვება.
– აბა, ცალკე უნდა ვიყიდოთ?
– დიახ, ცალკე უნდა იყიდოთ, როგორიც გნებავთ.
– აა, სხვანაირებიცაა?
– კი, „სეტკა“ საერთოდ არ მაქვს დანარჩენები სხვადასხვანაირებია.

 

 

„მაღაზიაში ტიპია მოსული და – მიქსერები თუ გაქვთო? – კი, ორნაირი მიქსერი გვაქვს, ერთი კრემების ამოსაყვანადაა, მეორე – ცომის მოსაზელია-მეთქი. – კრემის მიქსერში ცომი რომ მოვზილო? – არ შეიძლება-მეთქი. – რა მოუვაო? – გაფიჭდება-თქო და პასუხი: – ვაა, ეგეთი სუსტებია, ტოო?!“

„ტიპი იწერება, კაროჩე, თქვენს ონლაინ მაღაზიაში ვერ ვნახე და შეფის დანები გაქვთო? ჩემი თანამშრომელი წერს პასუხს, – არ ვართ ჩვენ ონლაინ მაღაზია და დანები შოურუმებში გვაქვს და მობრძანდით და ნახეთო. ის არ ნებდება: – რა ზომები გაქვთო? ამანაც არ „დაზადნა“ და მისწერა – 10, 15, 18, 20, 25, 30 სმ-ო და იმან მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრა, – შეგიძლიათ, ამარჩევინოთო?“

 

 

„მამაკაცი მწერს, მზარეულის ფორმები გაქვთო? ვუპასუხე, დიღმის მაღაზიაში გვაქვს დარჩენილი და მხოლოდ L ზომა-მეთქი. არ დაიბნა და მწერს: ორთაჭალაშიო? – არა, მარტო დიღომშია-მეთქი. – არც S ზომა გაქვთო?“

 

 

„ტიპი შემოდის, ერთი კონკრეტული არაყი უნდა და ვეკითხები:
– ცივი ხომ არ გნებავთ?
– ცივი?
– დიახ, ცივი..
– ცივი როგორ?
– რა – როგორ? ცივი, მაცივრიდან…
– აა, მაცივარში ცივია?
– დიახ, მაცივარში ცივია.
– კარგი, იყოს ცივი.

 

„დღის შეკითხვა : “აი, ეს კოვზი რომ ჩავდო ჩაიში, გაცხელდება კოვზი?” მე: – 🤔 რა ლოგიკით შეიძლება, რომ არ გაცხელდეს მეტალის კოვზი ცხელ წყალში?“

 

 

„მე ვმუშაობდი მაღაზიაში, საწოლი იდგა ვიტრინასთან. აი, პირდაპირ იქ შემოდიოდნენ ხოლმე, თავისი ჭკუით. თავიდან მაგრად ვპანიკდებოდით ხოლმე და მერე უკვე შემოჯახების სიძლიერეს ვსაზღვრავდით. ზოგჯერ ვიტრინის შუშაზე მარტო ცხვირი ეტყობოდა ხოლმე, ეგ „ლაითი“ შემთხვევა იყო, მაგრამ ერთმა ქალმა მთლიანი სახე დაგვიტოვა, ტონალურიან-„ბლესკიანად“.

 

„ქალი ამოდის კიბეზე და გარედან ეძებს კარის სახელურს იმ მხარეს, სადაც კარს „პეტლები“ აქვს. ნუ, ვერ იპოვა და შიგნიდან ვანიშნე, საითაც ჰქონდა სახელური და ვახ, იპოვა-მეთქი, საღოლ. გააღო, შემოვიდა, ავდექი, აბა, რით დაგეხმაროთ-მეთქი და ისეთ რაღაცებს მეკითხებოდა, ეს მყიდველი არ არის-თქო და წავედი, დავჯექი კომპთან. მორჩა ეს დათვალიერებას და მივიდა კართან. ჰოი, საოცრებავ, ისევ „პეტლების“ მხარეს ეძებს სახელურს. მე ვზივარ და ვუყურებ. სპეციალურად არ ვიღებ ხმას და ის ეძებს სახელურს (დღე იყო. 1-ლი საათი). ნუ, ვერ იპოვა, მომიტრიალდა და მეკუთხება: ისაა, კარს ვერ ვაღებ და დაიკეტეთ უკვე? წარმოიდგინეთ, მაღაზია დაიკეტა, მომხმარებელი შიგნით დატოვეს და კარს სახელური მოხსნეს?“

 

„შარშან აქცია გვქონდა, მე სარესტორნო ჭურჭელი და აქსესუარები მაქვს წარმოდგენილი (საერთო ფართი იყო გამოყოფილი აქციის ფარგლებში) და არის საწოლები და სხვადასხვა რაღაცები, შემოდის ცოლ-ქმარი, 60-70 წლის ასაკის და საწოლების სექციასთან ჩერდებიან, სადაც ტახტზე 4 გოგო ზის. ათვალიერებს ცოლ-ქმარი საწოლებს, ვდგავარ დაახლოებით 20 მეტრში, ჩემს საქმეს ვაკეთებ და მეძახიან:
– ბიჭიი!
მარტო მე ვიყავი ამ აქციის დროს მთელ დარბაზში ბიჭი და გავხედე.
– გისმენთ. – მიუხედვად იმისა, რომ არაფერ შუაში ვიყავი საწოლებთან და გამყიდველი გოგონა წინ ეჯდათ, მაინც გადავწყვიტე დახმარება.
– ეს ტახტი რა ღირს? – გოგონები რომ ისხდნენ, იმაზე მეკითხება.
– 280 ლარი ბატონო, აქციაა ახლა მაგ დივანზე.
– გამძლეა?
– რა თქმა უნდა, გამძლეა, ყველა მაგ დივანზე ვსხედვართ და ვჭამთ ხოლმე და არაფერი მოსვლია-მეთქი.
იმდენად მყარ არგუმენტად მოეჩვენათ, რომ იყიდეს“.

 

 

„ერთი „ჯაან სვეცკი“ გოგო შემოდის და გადასაფარებელს არჩევს, ტვინი გამეღუნა, ყველა ნახა და ჰოპ, მოეწონა როგორც იქნა, ერთი. ატრიალებს, ატრიალებს და მეუბნება, – სხვა ფერი არ გაქვთ? – მარტო ეგ ფერია-მეთქი. – კატისთვის მინდა და ეს ფერი არ მოუხდება ჩემს კატასო“.

 

„საქართველოში ყველაზე ცნობილი მზარეული, რომლის სახელიც ყველას გაუგონია და ლექციებს ატარებს ერთ-ერთ კულინარიულ სკოლაში, მეუბნება: – თქვენგან შესაბოლი დანადგარი ვიყიდეთ და ვერ მივხვდით, როგორ ავაწყოთ (შესაბოლი დანადგარი აწყობილია, ვერ დაშლი და ვერ ააწყობ)…
მაინც გადავწყვიტე, უსიტყვოდ დავხმარებოდი, რა პრობლემაა ჩემთვის? ორი წუთის ამბავია, კონსულტაცია გავუწიო. შემიყვანეს საწყობში და ინსტინქტურად ვეძებ შესაბოლ აპარატს, რომელიც RATIONAL-ის ღუმელს უერთდება, მააგრამ ვერ ვხედავ ვერსად, არ არის, თავს დავდებ, რაა… და ჰოოპ, იპოვეს, – აი, ეს არისო. თვალებს არ ვუჯერებ, მიმითითეს ცხიმდამჭერზე, რომელიც ონკანის ქვეშ დგება და ზომით ის კონკრეტული იმხელა იყო, რომ ღუმელში ვერც თეორიულად და ვერც ფიზიკურად შეეტეოდა.
– იცით, რაშია საქმე? ეს ცხიმდამჭერია და ნიჟარის ქვეშ დგება, კანალიზაციაზე უნდა შეაერთოთ, არაფერი შეხება არა აქვს ამას შებოლვასთან, პატივცემულო…
– აა, ვსო, მაშინ კაი, ეგ გვაინტერესებდა, როგორ შეგვებოლა და ე.ი. მაგით ვერ შევბოლავთო“.

 

„ბანკში ადმინისტრატორად ვმუშაობდი და აპარატთან დახმარებაც მევალებოდა ხოლმე. ისე მომიგდებდნენ ამ დენისა და გაზის ქვითრებს, ვითომც არაფერი. რომ ვეტყოდი, არ მაქვს უფლება, მე აგიხსნით, აქვე ვიქნები და თქვენით ჩარიცხეთ-მეთქი, მანდ იწყებოდა მკვლელის თვალებით გამოხედვა და ზოგჯერ ლანძღვა. რიგში დგანან? ადმინისტრატორია დამნაშავე, აბა, ამდენი ხალხი რომ შემოვიდა 14:05 საათზე, ხომ უნდა გამეთვალა, რომ ამ ქალს აგვიანდება „მარშუტკაზე“ და ფილიალში რიგი არ დამეხვედრებინა? ქოლგების ყუთში ნაგავს რომ ყრიდნენ, ეგეც ხომ ჩვეულებრივი ამბავია და არ ვიცი, რამდენი რამე ჩამოვთვალო, რკინის ნერვები უნდა გქონდეს, უბრალოდ, გაიღიმო და დღის განმავლობაში მინიმუმ 500 მომხმარებელი მაინც უმადურია“.

 

„ჯერ არ გახსნილი ფილიალის მთელი ძალით, ხელებითა და ფეხებით გახსნას რომ ცდილობდნენ, ყოველდღიური ამბავი იყო და ერთხელაც, ასე, 25 წლამდე ბიჭს ვანიშნებ ფილიალიდან, – ჯერ არ გავხსნილვართ, დახედე აბრას-მეთქი და სენსორი ეგონა, უქნევს ამ ორივე ხელს წარწერას, რომელსაც სამუშაო საათები აწერია. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. – მაინც არ ისხნება, არ მუშაობს სენსორიო, ყვიროდა“.

 

„ერთ-ერთ აფთიაქში ვმუშაობდი ფარმაცევტად. ორსულად ვიყავი, ბოლო თვეში, მუცელი ცხვირთან მქონდა… ერთმა ქალმა პამპერსები იყიდა, ბავშვის ფაფფები და ა.შ. და მეუბნება, – მანქანამდე მიმიტანე, მძიმეაო… რომ ვუთხარი, – ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის-მეთქი, მიწასთან გამასწორა, – სამსახურს დაგაკარგვინებ, იცი, მე ვინ ვარო? ჩაიწერა ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი… იცოდა ძალიან კარგად, მომსახურე პერსონალს არანაირი კანონი რომ არ იცავს და იმიტომ“.

 

„ძალიან ხშირ შემთხვევაში მომხმარებელია მტყუანი! ვინ ჯანდაბამ მოიგონა, რომ ,,კლიენტი ყოველთვის მართალია“? რამდენიმე დღის წინ შემოვიდა ქალი და მეუბნება, რომ ელექტროგაზის ბუხარი უნდა. ვუხსნი, რომ ერთად არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ელექტრო ღუმელი, რომელსაც მხოლოდ დენის წყარო სჭირდება და გაზს კიდევ მონტაჟი უნდა, მილები და ასე შემდეგ. ახტა, გაიკვანძა, – შე სოფლელო, აქ ვინ მოგათრიაო. მართლა მიკვირს, თავში რომ არ ვხიე რამე ამ დროს… ჩემს დირექტორს ვკითხე მერე, – არსებობ ელექტრო გაზის ბუხარი და მე არ ვიცი-მეთქი? – გადი, გამეცალეო, დამცინა. ზოგი ძაან გიჟია, უმიზეზოდ რომ ატეხავს ხოლმე ერთ ამბებს. ძაან ძნელია მუშაობა მომსახურების სფეროში“.

 

„ერთ ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი. შემოვიდა მამაკაცი, რომელსაც გავუღიმე და მივესალმე – გამარჯობა. გაჩერდა,შემომხედა, დამაკვირდა და მეკითხება: – მიცნობ, შვილო? აბა, რა უნდა ველაპარაკო“

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X