fbpx
13:58 | 2020-10-28 ავტორი: Prime Time

“ყველაზე მეტი ფული ბრენდირებულ პირბადეებზე დავხარჯე, ეს არაა იაფი სიამოვნება” – რას (არ) აკეთებენ პოლიტიკოსები, საარჩევნო მარათონისას ეპიდემია რომ არ გაავრცელონ

“ყველაზე მეტი ფული ბრენდირებულ პირბადეებზე დავხარჯე, ეს არაა იაფი სიამოვნება” – რას (არ) აკეთებენ პოლიტიკოსები, საარჩევნო მარათონისას ეპიდემია რომ არ გაავრცელონ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2024 წელს ქვეყანა სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადადის.

 

უწყობენ თუ არა ხელს პოლიტიკოსები პანდემიის გავრცელებას საარჩევნო მარათონისას – რაზე მეტყველებს ფაქტები

გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღმავალ ფაზას დაემთხვა და ინფიცირებულთა რიცხვიც ყოველდღიურად მზარდია, ჯანდაცვის სამინისტრო პერიოდულად ანახლებს რეკომენდაციებს. 2-მეტრიანი დისტანცია, პირბადის ტარება, შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე… ჩამონათვალი გრძელია, თუმცა პარტიებს აქვთ გამონაკლისის სახით უფლება, აწარმოონ შეხვედრები ამომრჩეველთან წინასაარჩევნო პერიოდში.

 

ყოველდღიურად, ყველა რეგიონში, სხვადასხვა პარტია რიგრიგობით წარადგენს კანდიდატებს. თუმცა, “პრაიმტაიმი” დაინტერესდა, რამდენად იცავენ ისინი ჯანდაცვის მიერ პროტოკლოლით გაწერილ რეგულაციებს წინასაარჩევნო მარათონისას.

 

ამომრჩეველთან ყველაზე მაშტაბური შეხვედრები “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამართა. ამის თვალსაჩინო მაგალითია, შეხვედრა აჭარის რეგიონში, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ნდობა გამოუცხადა თავის რჩეულ გუნდს. აქციას მოქალაქეები ძირითადად, პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ. აჭარაში ჩატარებულ პრეზენტაციას მოსახლეობაში და მმართველ გუნდში დიდი გამოხმაურება მოყვა.

 

ბათუმში ჩატარებულ პრეზენტაციას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. როგოც გახარია ამბობდა,

„მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, ეს, უბრალოდ, უკიდურესი უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა“.

 

PTN.GE

 

პრეზენტაციას გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძეც. მისი შეფასებით, “ნაცმოძრაობამ” კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშან-თვისებაა”.

 

აჭარაში ჩატარებულ პრეზენტაციას ასევე გამოეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც. ცერცვაძის თქმით, ბათუმში ჩატარებული აქცია ვირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენდა.

„არჩევნები ზრდის რისკებს იმ ერთი მიზეზის გამო, როდესაც საარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია. საარჩევნო კამპანია მოიცავს ხალხმრავალ შეკრებასაც, ამის მაგალითი რამდენიმე დღის წინ ბათუმში გვქონდა, სადაც ხალხმრავალი შეკრება ისე გაიმართა, რომ არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები“, – ამბობდა თენგიზ ცერცვაძე.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა წყალტუბოში, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოს, სამტრედიის, ვანის და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს. იცავდნენ თუ არა ჯანდაცვის რეკომენდაციებს, ამ საკითხზე კომენტარი ჩვენ ნანუკა ჟორჟოლიანს ვთხოვეთ.

„სიმართლე გითხრათ, ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყველაზე მეტი ფული რაზეც დავხარჯე იყო პირბადეები, თანაც ბრენდირებული, ეს არაა იაფი სიამოვნება, ისევე როგორც სტიკერები. მე ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს შეხვედრა, მაქსიმალურად ჩამჯდარიყო ჯანდაცვის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ სტანდარტებში. ჩემი შვილები, მარიამი და საბა, იქ ქვემოთ იდგნენ ხალხში და მე როგორც მათზე, ასევე ვზრუნავდი თითოეული სტუმრის უსაფრთხოებაზე. ამიტომაც გამოვიდა ეს შეხვედრა, ისეთი როგორიც მინდოდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად ხალხის დიდი ნაკადისა, ჩვენ შევძელით და უსაფრთხოება გავხადეთ ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა “პრაიმტაიმს”.

 

სხვადასხვა რეგიონში კანდიდატების წარდგენა გამართა „ქართულმა ოცნებამაც“. შეიძლება ითქვას, რომ მათი ამომრჩეველთან შეხვედრის ფოტომასალითა და ვიდეოკადრებით თუ ვიმსჯელებთ, ამ მხრივ საკმაოდ ორგანიზებულად და ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა მათმა შეხვედრებმაც, თუმცა მთლად უკვალოდაც არა.

მაგალითად, ლანჩხუთში, კანდიდატის წარდგენიდან მეორე დღეს, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომელიც პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთმანეთზე მიყოლებით ამ შეხვედრის შემდეგ ვირუსი ჯერ პარლამენტარ ნინო წილოსანს დაუდასტურდა, შემდეგ კი გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას. შეიძლება ითქვას გურია “სამთავრობო კლასტერად” გადაიქცა. დაინფიცირდა ოზურგეთის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსი ნათია ზედგინიძეც. ყველა მათგანი სახლში გადის მკურნალობას და თავს კარგად გრძნობენ.

 

„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა ლანჩხუთში და ხელისუფლების კლასტერი გურიიდან - ფოტოამბავი
2020-10-19„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა ლანჩხუთში და ხელისუფლების კლასტერი გურიიდან - ფოტოამბავი

 

რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” შეხვედრებს რეგიონებში, აქაც, ძირითადად, ყველაფერმა წესების დაცვით და მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსახლეობას ეკეთათ პირბადეები და ძირითადად ყველა იცავდა დისტანციას.

 

… თუმცა ასევე “ევროპულ საქართველოს” უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველ ეტაპზე, სენაკში გაშლილი 600-კაციანი სუფრა, რასაც საზოგადოების მხრიდან მალევე მოჰყვა მძაფრი კრიტიკული შეფასებები.

 

 

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომელმაც შედარებით მასშტაბური შეხვედრა გამართა ბათუმში, წესების ზედმიწევნით დაცვოთ ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია. ამას, მათი შეხვედრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც ადასტურებს. როგორც ჩვენთან საუბრისას პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, ყველა შეხვედრა ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და ყველა რეგულაციის გათვალისწინებით დაიგეგმა და საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ამ ამოცანას. გარდა ამისა, მათ ჯერ კიდევ წინ აქვთ პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ოფიციალური წარდგენის ცერემონია თბილისში.

 

ასევე ნაკლები პომპეზურობით გამოირჩეოდა პარტია „ლელო საქართველოსთვის“, სადაც ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია თითქმის ზედმიწევნით იყო დაცული. როგორც პარტიაში გვითხრეს, ყველანაირად იცავდნენ ჯანდაცვის მიერ მიწოდებულ ყველა რეკომენდაციას.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X