16:00 | 2020-05-25 ავტორი: Prime Time

ყველაფერი გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ

ყველაფერი გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ

გენმოდიფიცირებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე ათეული წელია დამკვიდრდა. გენურ ინჟინერიას საკმაოდ ხანმოკლე ისტორია აქვს.

 

გენმოდფიფიცირებული ორგანიზმი არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის გენეტიკური მასალა- დნმ შეცვლილია ლაბორატორიული გზით.

 

ერთ ორგანიზმში ჩაშენებულია სხვა ორგანიზმის გენი, ამის მიღწევა ბუნებრივ პირობებში შეუძლებელია.

 

გენმოდიფიცირებული საკვები - სიმინდი

 

გენმოდიფიცირებული პროდუქტების მასობრივი წარმოება გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

 

მკვლევარებს სურდათ გენური ინჟინერიით შეექმნათ სიმინდი, რომელიც მავნებლებს გაუძლებდა. აი მათი ქმედებების ძალიან გამარტივებული ჩამონათვალი:

 

  • პირველ რიგში, მეცნიერებმა უნდა იპოვონ იმ თვისების მქონე ორგანიზმი, რა თვისებაც სურთ, რომ მათ სიმინდს ჰქონდეს.

 

  • ჩვენს მაგალითში, მათ მიაგნეს პროტეინს ნიადაგის Bt-ბაქტერიაში, რომელიც კლავს სიმინდის ხოჭოს მსგავს მავნებლებს და, თანაც, ძუძუმწოვრებისთვის უსაფრთხოა (ფერმერები ათწლეულებია, რაც Bt-ს იყენებენ შესაწამლად).

 

 

  • მეცნიერებს არ სჭირდებათ ბაქტერიის მთლიანი გენომი, მათ მხოლოდ კონკრეტული გენი აინტერესებთ, რომელიც მავნებლების მკვლელი Bt-პროტეინის წარმოებას განაგებს.

 

  •  ისინი იწყებენ ე.წ. გენის კლონირების პროცესს, რათა მოახდინონ Bt-გენის იზოლირება და მისი მრავალი ასლის შექმნა.

 

  • გენის შეცვლა სპეციალური დანადგარის დახმარებით ხდება, რომელიც გენს ფერმენტებით ხლეჩს და მხოლოდ კონკრეტულ ადგილებს აღადგენს. მაგალითად, ამ მეთოდით შეიძლება მიიღონ ისეთი გენი, რომელიც მხოლოდ მწვანე ფოთლებს გამოამუშავებინებს მკვლელ პროტეინს.

 

  • ახლად შექმნილი “ტრანსგენი” უკვე მზადაა სიმინდის დნმ-ში მოსახვედრად. ამის რამდენიმე გზა არსებობს. თუმცა, შესაძლოა, პროცესის განმეორება რამდენიმე ასეულჯერ იყოს საჭირო, სანამ ტრანსგენი წარმატებით “ჩაჯდება” სიმინდის დნმ-ში.

 

  • როდესც Bt-გენი წარმატებით მოხვდება სიმინდის უჯრედში და ამ უჯრედებიდან ახალ მცენარეს გამოზრდიან, გენური ინჟინერია დასრულებულია.

 

  • ახალი სიმინდი სხვა სპეციალისტებს გადაეცემათ, რომლებიც უფრო ტრადიციული გზით, სხვა სიმინდებთან შეჯვარებით, დამატებით თვისებებს გამოიყვანენ.

 

შეიცავს თუ არა საფრთხეს გენური ინჟინერია

 

 

მეცნიერთა აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დადებითი თვისებების მატარებელია და სწორედ გენური ინჟინერია იხსნის მსოფლიოს შიმშილისგან.

 

მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს.

 

იწვევს უშვილობას და მოიაზრება სიმსივნური დაავადებების მაპროვაცირებლად.

 

თუმცა, კვლევები ჯერ მხოლოდ ცხოველებზე მიმდინარეობს და სრულყოფილი რეზულტატის დადებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.

 

შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე ჯგუფს მივემხროთ. კვლევების დასრულებას კიდევ ათეულობით წელი დასჭირდება.

 

შეიცავს თუ არა საფრთხეს გენმოდიფიცირებული საკვები

კანონმდებლობით მომხმარებელთა უფლებები დაცულია.

 

ვინაიდან საქართველოში დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, მიღებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაცბიზნესოპერატორს ვალდებულება აქვს ეტიკეტზე თვალსაჩინო ადგილას გააკეთოს ნიშანდება იმის თაობაზე, რომ პროდუქტი არის გენმოდიფიცირებული. თუკი მის შემცველობაში გმო გენი 0.9 %ზე მეტია.

 

 

 

გენმოდიფიცირებული საკვების დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

 

  • განსაზღვრული გენის ჩასმისას მცენარე იძენს საჭირო თვისებებს, მათ შორის მდგრადობა მავნებლების, პესტიციდების მიმართ. შედეგად სოფლის მეურნეობა უფრო მოსავლიანია და წარმოებაც იაფდება.

 

აღნიშნული თვალსაზრისით, მიზანი კეთილშობილურია. მაგრამ სინამდვილეში ასეა? დღეს გენომოდიფიცირების უარყოფით მხარეებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე დადებითზე.

 

დისკუსიები გმ-ტექნოლოგიების საფრთხეებზე, სარგებელსა და კანონმდებლობაზე მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს.

 

სამეგრელოში ტურისტებისთვის აჯიკის სახლი მოეწყობა
2020-01-15სამეგრელოში ტურისტებისთვის აჯიკის სახლი მოეწყობა

 

ორად არის გაყოფილი ქვეყნების პოლიტიკა და სტრატეგიაც გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიმართ.

 

შედარებით ლმობიერია აშშ, ბრაზილია და ჩინეთი, რომლებსაც გმ-მოსავლის დიდი ნაწილი მოჰყავთ. უფრო მკაცრია ევროკავშირი.

 

მკაცრი აკრძალვები მოქმედებს ბულგარეთში 2010 წლიდან, ვენესუელაში 2004-დან, ეკვადორში 2008-დან.

 

არსებობს სრულიად განსხვავებული პროექტები, რომელთა მიზანი სრულიად კეთილშობილურია.

 

  • გენმოდიფიცირების მეშვეობით მიღებულია “ოქროს ბრინჯი”, რომელსაც ჩვეულებრივი ბრინჯისგან განსხვავებით A ვიტამინის მაღალი შემცველობა აქვს.

 

ჩანაფიქრი იმ ასეულობით ათასი ბავშვის გადარჩენაა, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან ვიტამინის ნაკლებობისგან აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

 

მიღებულია ისეთი მცენარეებიც, რომლებსაც გარემოს მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდა შეუძლია.

 

გამოყენების ფართო სპექტრის გამო, მწარმოებელი კომპანიების გარდა, გმ-ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართული არიან მეცენატებიც, მათ შორის, მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი.

 

რა განსხვავებაა გმო-სგან მიღებულ საკვებსა და ჩვეულებრივ საკვებს შორის?

 

კარგი იქნება, განვასხვავოთ გენური ინჟინერია საკვების წარმოების ტრადიციული მეთოდებისგან.

 

 

ადამიანები ათეულობით ათასი წელია, შერჩევით და ხელოვნურად აჯვარებენ მცენარეებსა და ცხოველებს სასურველი თვისებების მქონე ჯიშების მისაღებად.

 

მაგალითად, დღევანდელი სიმინდი ფერმერებმა და მეცნიერებმა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჩამოაყალიბეს, რათა ყოფილიყო უფრო დიდი, ყოველ თავთავს ჰქონოდა უფრო მეტი მარცვალი და გაზრდილიყო სხვადასხვა კლიმატურ პირობებში.

 

ცხადია, სიმინდის გენი ამ პროცესმაც მნიშვნელოვნად შეცვალა. მაგრამ როგორც წესი, ამას “გენურ ინჟინერიად” არ თვლიან.

 

 

გენური ინჟინერია, ჯიშის გამოყვანისგან განსხვავებით, დნმ-ის მანიპულირებას პირდაპირ ახდენს და მხოლოდ 1970-იანი წლებიდან გახდა შესაძლებელი.

 

როგორც წესი, არსებობს ორი განსხვავებული მეთოდი:

 

  • ცისგენოზი, რომელიც ისეთი ორგანიზმების გენების “გაცვლას” გულისხმობს, როგორებიც ისედაც შეჯვარდებოდნენ (მაგალითად, ერთი ხორბლის მეორე ხორბალთან);

 

  • ტრანსგენოზი, რომლის დროსაც, სასურველი თვისებების მისაღებად, კარგად გამოკვეთილი გენების გადატანა ერთი სახეობიდან მეორეში ხდება (როგორც ჩვენს მაგალითში იყო — ბაქტერიიდან სიმინდზე).

 

 

საბოლოოდ, გენური ინჟინერია იმავე მიზნის მიღწევას ცდილობს, რასაც ჯიშის ტრადიციული გამოყვანა — შექმნას სასურველი თვისებების მქონე მცენარეები და ცხოველები.

 

გენური ინჟინერია უფრო დეტალური კონტროლის საშუალებას იძლევა. ასევე, იგი უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციულად გამოყვანა და ისეთ სახეობებს აცვლევინებს გენებს, რომლებიც სხვანაირად არ იქნებოდნენ თავსებადი.

 

 

 

როგორ ხდება გენოდიფიცირებული საკვები პროდუქციის რეგულირება

 

 

აშშ-ში, გენმოდიფიცირებულ მარცვლეულს სამი სხვადასხვა სააგენტო არეგულირებს. ყველაზე დიდი ყურადღება FDA-ს საქმიანობას ექცევა ხოლმე.

 

გმო-საკვების მარეგულირებელი კონკრეტული კანონი არ არსებობს, თუმცა, შექმნილია ნებაყოფლობითი “კონსულტაციის” პროცესი კომპანიებისთვის, ვისაც გენმოდიფიცირებული მარცვლეულის გაყიდვა სურს.

 

გენოდიფიცირებული საკვები პროდუქციის რეგულირება

 

ეს უკანასკნელნი ატარებენ უსაფრთხოების შეფასების პროცედურებს, სადაც ისაზღვრება, ახალი ორგანიზმი ხომ არ შეიცავს ტოქსიკურ ან ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს.

 

FDA-ს მეცნიერები კი გამოითხოვენ ხოლმე დამატებით ინფორმაციას ან ნიშნავენ დამატებით ტესტებს. სადღეისოდ, ეს პროცესი 96 ტიპის მარცვლეულმა გაიარა.

 

კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ეს პროცესი ნებაყოფლობითია და არ არსებობს კანონი, რომელიც კონკრეტული ტიპის ტესტებს ითხოვს.

 

ხინკლის ისტორიული ფესვებით BBC დაინტერესდა
2020-01-15ხინკლის ისტორიული ფესვებით BBC დაინტერესდა

 

ბიოტექნოლოგიური კომპანიები კი ხშირად ახსენებენ, რომ რეალურად FDA-ს რეგულაცია არც ისე “ნებაყოფლობითია”. ისინი უამრავ ცდას ატარებენ და სააგენტოს ყველა მოთხოვნილი მონაცემით უზრუნველყოფენ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გმ-საკვებზე ევროკავშირს გაცილებით მკაცრი პოლიტიკა აქვს ჯერკიდევ 2003 წლიდან. კანონის მიხედვით, ბაზარზე გასვლამდე, ყველა გენმოდიფიცირებულმა პროდუქტმა მკაცრი შემოწმება უნდა გაიაროს.

 

ნებართვის მიღების შემდეგაც, ცალკეულ ქვეყნებს მაინც აქვთ მათი აკრძალვის უფლება. შესაბამისად, ევროპაში, აშშ-სთან შედარებით, ბევრად ნაკლები გმ-მარცვლეული და საკვებია.

 

საქართველოში გმო-პროდუქციის რეგულირებას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ჩვენი კანონმდებლობით, გმო-ინგრედიენტების შემცველი პროდუქციის შემოტანა დაშვებულია, მაგრამ გენმოდიფიცირებული თესლის შეძენა ფერმერებს აკრძალული აქვთ.

 

 

 

როგორ ხდება გენოდიფიცირებული საკვები პროდუქტების აღნიშვნა

 

 

აშშ-ში კომპანიები თავად წყვეტენ, სურთ თუ არა, რომ მათ პროდუქციაში გმო-ს შემცველობა გაამჟღავნონ. მაგრამ ეს მალე შეიცვლება.

 

 

2014 წლის აპრილში, ვერმონტის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო პირველი კანონი, რომელიც ავალდებულებდა კომპანიებს, დაეტანათ ეტიკეტზე გმო-ს შემცველობის მანიშნებელი წარწერა.

 

 

კანონი ძალაში 2016 წლის 1-ლი ივლისიდან შევა, თუმცა საკვების მწარმოებელი კომპანიები მის გასაჩივრებას აპირებენ.

 

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მხოლოდ ვერმონტი, აიძულოს ამერიკულ კომპანიებს, აღნიშნონ საკვებში გმო-ს არსებობა.

 

ეს შტატი იმდენად პატარაა, რომ ზოგი ფირმა უბრალოდ შეწყვეტს იქ ასეთი პროდუქტების გაყიდვას. თუმცა, უკანასკნელ წლებში, სხვა შტატებშიც მიმდინარეობს საუბარი მსგავსი კანონის მიღებაზე.

 

 

არგუმენტები სავალდებულო მანიშნებლის მოთხოვნაზე:

 

 

სავალდებულო წარწერის კანონის მხარდამჭერები, მათ შორის, ნატურალური საკვების მწარმოებლები და აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რას შეიცავს საკვები.

 

 

გენმოდიფიცირების ზოგიერთი კრიტიკოსი, მაგალითად ტომ ფილპოტი თვლის, რომ ამ კანონების შემოღება, ხელს შეუწყობს იმ ინდუსტრიის მეტ გამჭვირვალობას, სადაც ამჟამად Monsanto-ს და Dupont-ის მსგავსი რამდენიმე დიდი კორპორაციაა დომინანტი მოთამაშე.

 

 

არგუმენტები სავალდებულო მანიშნებლის საწინააღმდეგოდ:

 

 

კანონის მოწინააღმდეგეები, სხვადასხვა ბიოტექტნოლოგიური გიგანტების ჩათვლით, მიიჩნევენ, რომ სავალდებულო წარწერები ფასების მატებას და საკვები კომპანიების წინააღმდეგ არასერიოზულ სასამართლო დავებს გამოიწვევს.

 

საშიშია თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტები

 

ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ წარწერების კანონმა შესაძლოა იმაზე მეტად მოახდინოს გენმოდიფიცირებული საკვების დემონიზება, ვიდრე ამის რეალური მიზეზი არსებობს.

 

UC Berkeley-ს პროფესორი დავიდ ზილბერმანი თვლის, რომ წარწერები “სტიგმის ეფექტს გამოიწვევს”, რაც შეაფერხებს გმ-საკვების კვლევებს, მისი სარგებლიანობის გაზრდის ან კლიმატის ცვლილების გავლენის დაძლევის მიმართულებით.

 

ამჟამად მსოფლიოში 64 ქვეყანა კრძალავს გმო-პროდუქციის გაყიდვას შეფუთვაზე შესაბამისი აღნიშვნის გარეშე. მათ შორის არიან იაპონია, მალაიზია, ახალი ზელანდია და ავსტრალია.

 

წარწერის კანონის რამდენიმე კვლევამ ნიდერლანდებსა და ჩინეთში აჩვენა, რომ ასეთ მიდგომას დიდად არ შეუცვლია მომხმარებლის ქცევა.

 

თუმცა, 1997 წელს ევროკავშირის მიღებული იმავე კანონის შემდეგ, ევროპის ბევრმა ბიზნესმა საერთოდ ამოიღო გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები საკუთარი თაროებიდან.

 

 

საქართველოში 2015 წლის 1-ლი ივლისიდან მოქმედებს კანონი “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”, რომლის მიზანია, მომხმარებელს ინფორმაცია მიაწოდოს არსებობს თუ არა მის სასურველ პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები.

 

კანონის მიხედვით, იმპორტიორი ან მწარმოებელი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე გასაყიდი პროდუქციის ეტიკეტზე მიუთითოს ცხადი და ადვილად შესამჩნევი აღნიშვნა “გმო”, თუ საკვებში გმო-ს შემცველი ინგრედიენტის მოცულობა მთლიანი მასის 0,9 პროცენტზე მეტია.

 

 

გენმოდიფიცირებული საკვების ჭამა ალერგიას იწვევს?

 

 

დნმ-ის ერთი ორგანიზმიდან მეორეში გადატანით, შესაძლოა, საკვებში ახალი ალერგენები გამოჩნდეს. კომპანიები ხშირად ტესტავენ ახალ პროდუქტებს ალერგენებზე, მაგრამ მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ყველა უცნობ ალერგენზე შემოწმება, შეუძლებელია.

 

მეცნიერთა უმრავლესობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ გმო-ს შემცველი საკვების უსაფრთხოდ გამოცხადებამდე, უფრო მეტი კვლევაა საჭირო.

 

ისინი თვლიან, რომ გენურ ინჟინერიას შეიძლება მოჰყვებოდეს ისეთი თანმდევი მოვლენები, როგორიც მეცნიერებს ჯერ არ უპოვიათ.

 

მაგალითად, AAAS-ს განცხადების საპირისპიროდ, 21 მკვლევარი ამტკიცებს, რომ ჰერბიციდების მომატებულად გამოყენებას შეიძლება ისეთი გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობაზე, რომელზეც ჯერ არც კი გვსმენია.

 

 

შეიძლება თუ არა გემოდიფიცირებული საკვების დაპატენტება

 

 

კი. 1980 წელს, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ, დაიმონდი ჩაკრაბარტის წინააღმდეგ საქმის განხილვისას განსაზღვრა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმი დაპატენტებადია.

 

 

როგორც წესი, გმ-თესლის შემსყიდველი ვალდებულოა, დაემორჩილოს კონკრეტულ შეზღუდვებს.

 

გენმოდიფიცირებული საკვების შემოწმება

 

 

ფერმერები, რომლებიც გენმოდიფიცირებულ, ჰერბიციდ-გამძლე სოიოს მარცვლებს ყიდულობენ, ხელს აწერენ კონტრაქტს, რომ ისინი მხოლოდ ერთხელ დასათესად გამოიყენებენ ამ მარცვლებს და, განმეორებით დასათესად, არ ამოიღებენ თესლს მიღებული მოსავლისგან.

 

კომპანიები აცხადებენ, რომ პატენტები ინოვაციების ხელშესაწყობად აუცილებელია. მოწინააღმდეგეები კი თვლიან, რომ პატენტების სისტემა თესლის მწარმოებელ კომპანიებს ბაზარზე არაპროპორციულ ძალაუფლებას აძლევს – ამჟამად, 10 ყველაზე დიდი კომპანია, ინდუსტრიის 73 პროცენტს აკონტროლებს.

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია გენმოდიფიცირებული საკვების არსებობა

 

 

გმ-საკვების მომხრეები ამბობენ, რომ დედამიწის მოსახლეობა 2050 წლისთვის 9,6 მილიარდამდე გაიზრდება.

 

ადამიანებს უნდა შეეძლოთ ყველანაირი ტექნოლოგიური მიღწევის გამოყენება, რათა გაზარდონ მარცვლეულის მოსავლიანობა და არავინ დარჩეს საკვების გარეშე.

 

სხვები კი, მაგალითად, ჯონ ფოლი მინესოტას უნივერსიტეტიდან, ამტკიცებენ, რომ ყველასთვის სამყოფი საკვების მოპოვების სხვა გზებიც არსებობს.

 

მაგალითად ისეთები, როგორიცაა დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანა საკვების წარმოება-მოხმარებისას ან, ღარიბი ქვეყნების ფერმერების სასუქით და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა.

 

გენმოდიფიცირებული საკვების გემო

 

ასევე, მიდის დავა იმის შესახებ, თუ რეალურად რამდენად გაზარდა გენურმა ინჟინერიამ მარცვლეულის მოსავალი.

 

ბიოტექნოლოგიური კომპანიების მიერ დაკვეთილი 2010 წლის კვლევა ამტკიცებს, რომ გმ-ტექნოლოგია ფერმერებს საშუალებას აძლევს, ერთი ზომის მიწის ნაკვეთზე უფრო მეტი მოსავალი მიიღოს, რადგან გმ-თესლები სარეველებთან გამკლავებას ამარტივებს.

 

Union of Concerned Scientists-ის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში “ჩავარდნილი მოსავალი” ნათქვამია, რომ მოსავლიანობის ზრდის გამომწვევი, ტრადიციული მეურნეობის გაუმჯობესებული მეთოდებია და არა – გენური ინჟინერია.

 

გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ შეგიძლიატ გაეცნოთ საერთაშორისო კვლევას ამ ბმულზე.

 

ავტორი: Prime Time


X