fbpx
19:15 | 2021-01-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ყველაფერი Covid-ის ახალ შტამზე – რას პროგნოზირებენ საქართველოში

ყველაფერი Covid-ის ახალ შტამზე – რას პროგნოზირებენ საქართველოში

მსოფლიოს წამყვანი მედიკოსები, მეცნიერები და მკვლევარები ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ახლა უკვე ე.წ. ბრიტანულ შტამსაც სწავლობენ. უკვე ცნობილია, რომ ახალი შტამი 40-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.

 

რით განსხვავდება ახალი შტამი ძველისგან, როგორ ვრცელდება ის, მოქმედებს თუ არა ვაქცინა ახალ შტამზე, შესაძლებელია თუ არა, ამ ახალი შტამის პირობებში რეინფიცირება, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და რა საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრებმა პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, როდის იქნება შესაძლებელი თქმა, რომ თავი ავარიდეთ ახალ შტამს? – ამ კითხვებით „პრაიმტაიმმა” ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს მიმართა.

 

„ახალი შტამი ძველისგან განსხვავდება გავრცელების სისწრაფით და ახალი თვისებებით, მეტად გადამდებია. ძველმა მუტაცია განიცადა, რაც სპეციალისტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ახალმა შტამმა შესაძლოა, შემთხვევათა რაოდენობა გაზარდოს, ახალი შტამის გადამდებობა 40-დან 70%-მდე მეტია, ვიდრე – ძველი.

 

ეს ამ ვირუსის საშიში და არასასიამოვნო თვისებებია. დღევანდელი მონაცემებით, განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი ადამიანის სიცოცხლისთვის არ არის. რაც მთავარია, დაავადების სიმძიმე იგივეა, რაც ძველი შტამის შემთხვევაში იყო, არ იწვევს სიკვდილიანობის ზრდას. ვარაუდობდნენ, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებსა და ბავშვებს მნიშვნელოვნად აზიანებდა და მძიმედ მიდიოდა, თუმცა საბედნიეროდ, არც ეს დადასტურდა. გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე, მეტად ინფიცირდებიან ეს ასაკობრივი კატეგორიები.” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 

 

არსებული ტესტებით, რომლითაც ორგანიზმში კორონავირუსის ძველი შტამის აღმოჩენა ხდებოდა, შესაძლებელია თუ არა, ახალი შტამის დაფიქსირება?

 

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, არსებული ტესტები ძველი შტამის მსგავსად, ახალ შტამსაც ადგენენ. 

 

„მაღალი ალბათობით, შესაძლებელია არსებული ტესტებით ახალი შტამის აღმოჩენა. ამ ტესტებში რამდენიმე სამიზნეებია, რომლებიც ახალ შტამს იჭერს, მასში რამდენიმე ცილის სტრუქტურაა და ახალ შტამში შეცვლილია მხოლოდ ერთი ცილის სტრუქტურა, რაც იძლევა ახალი შტამის დადასტურების შესაძლებლობას. თუმცა, კომპეტენტური ორგანოების მიერ არის გარკვეული გაფრთხილება. თუმცა, შესაძლებელია, ყოველთვის ეს შტამი ვერ დაიჭიროს, ამიტომ საჭიროა დამატებითი დაკვირვება, ჯერჯერობით ასეა ცნობილი, რომ ახალ შტამს ტესტი იჭერს.” – განმარტავს მედიკოსი.

 

დაიცავს თუ არა ვაქცინა ახალ შტამს?

 

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ვაქცინაცია ახალ შტამს ერევა. ის ამ კუთხით, დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს. 

 

„სპეციალისტები დარწმუნებით ამბობენ, რომ ვაქცინა დაიცავს ადამიანს ახალი შტამის შემთხვევაშიც. იმიტომ, რომ ვაქცინას ტესტის მსგავსად, აქვს რამდენიმე სამიზნე ამ ვირუსის სტრუქტურაში, რომლიდანაც ცვლილება მხოლოდ ერთმა განიცადა. ამიტომ, ვაქცინა დაიცავს ადამიანს როგორც ძველი შტამის შემთხვევაში, ისე – ახლის.” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

ვინც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ, რეინფიცირების შანსი რამდენადაა ახალი შტამის პირობებში?

 

ამ კითხვაზეც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორი დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ ახალი შტამით რეინფიცირება ჯერ მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებული არ არის. 

 

„მათ, ვინც კოვიდინფექცია ძველი შტამით უკვე გადაიტანეს, იმუნიტეტი იცავს ახალი შტამით რეინფექცირებისგან. მსგასვი შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის.” – ამბობს ცერცვაძე. 

 

რეაგირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისგან და მედიკოსებისგან 

 

რა ზომები უნდა მიიღონ ჯანდაცვის ცენტრებმა და მოსახლეობამ, რათა სწრაფად გავრცელებად ვირუსულ ინფექციას გავუმკლავდეთ? – ამ კითხვას თენგიზ ცერცვაძე ასე პასუხობს:

 

„ყველა ის რეგულაცია, რომლებიც აქამდე მოქმედებდა, უფრო მკაცრად უნდა შესრულდეს და უფრო ზედმიწევნით, აი ეს არის გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აუცილებლად.  რაც შეეხება მოსახლეობის პასუხისმგებლობას პანდემიის გავრცელების პრევენციის ნაწილში, აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა გააგრძელონ ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. აუცილებელია ყველა იმ წესის დაცვა, რაც ძველი შტამის დროს სრულდებოდა, თუმცა სულ მცირე დარღვევაც კი, ახალი შტამის გავრცელებისთვის უფრო სახიფათო იქნება.” – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე,

 

როგორია ახალი შტამის გავრცელების პროგნოზი?

 

საქართველოში გავრცელდება თუ არა ახალი შტამი და რას პროგნოზირებენ წამყვანი მედიკოსები, ცალსახა პასუხის გაცემა თენგიზ ცერცვაძეს უჭირს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე, შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, თუმცა ლუგარის ლაბორატორია შემთხვევებს სწავლობს და განსაკუთრებით, მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებს იკვლევს.

 

„ეს პროგნოზი უნივერსალურია. ეს შტამი უკვე 40-მდე ქვეყანაშია აღმოჩენილი, მათ შორის – საქართველოში, მხოლოდ ერთ ადამიანში. ვრცელდება სამხრეთ აფრიკაში, ევროპასა და აშშ-ში. შეუძლებელია დროის დასახელება, როდის გახდება ცნობილი, ავარიდეთ თუ არა თავი ახალი შტამის გავრცელებას. ლუგარის ლაბორატორია დადგენილი წესის მიხედვით, ახალ შტამის არსებობას ინფიცირებულებში იკვლევს. იკვლევენ იმათ, ვისაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კონტროლი მუდმივად ხდება და როდის გამოვლინდება არ ვიცით.” – განმარტავს ცერცვაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X