fbpx
13:11 | 2020-09-11 ავტორი: Prime Time

ყველაფერი ბაჩალიაშვილის საქმეზე – ორი ვერსია და ერთი სიმართლე

ყველაფერი ბაჩალიაშვილის საქმეზე – ორი ვერსია და ერთი სიმართლე

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ზოგს სჯერა, რომ გოგონა მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

რა მოხდა რეალურად? რას ეფუძნება ადვოკატის და ოჯახის მტკიცება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია? რა მტკიცებულებები ამყარებს თვითმკვლელობის ვერსიას?

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა ყველა არსებული ინფორმაციის შეჯამების და მკითხველისთვის, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე მიწოდებას. დასკვნები თავად გააკეთეთ.

 

როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ოჯახი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს, ამის გასამყარებლად რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებენ:

 

მკვლელობის ვერსია

 

1.სატელიტის ფოტოები

 

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში წარადგინა ფოტოები, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდან არის გადაღებული. რამიშვილი ირწმუნება, რომ ეს ფოტოები მაწევანის ტყეში იმ დროს არის გადაღებული, როცა თამარ ბაჩალიაშვილს ჯერ კიდევ ეძებდნენ. ადვოკატის და ოჯახის მტკიცებით, ეს არის მკვლელობის ვერსიის უტყუარი მტკიცებულება, ვინაიდან, როგორც ფოტოებით ირკვევა, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ადგილას არ ფიქსირდება, სადაც 22 ივლისს მისი ცხედარი იპოვეს. ეს კი ადვოკატს აფიქრებინებს, რომ ბაჩალიაშვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი მაწევანის ტყეში ავტომობილით მიიტანეს.

 

სატელიტის ფოტოების გასაჯაროების შემდეგ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს და თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა მან არ დაასახელა წყარო, ვისგანაც აღნიშნული ფოტო-მასალა მოიპოვა.

 

სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული ფოტოები დამონტაჟებული და ფეიკია. გავრცელდა ზუსტად იდენტური ფოტო მასალა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არა 2020 წლის ივლისში, არამედ 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული. მას შემდეგ ამ საიტზე მაწევანის ტერიტორიის სატელიტური გადაღების კადრები არ ფიქსირდება.

 

ამჟამად პროკურატურის მოთხოვნით, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებულ ფოტოებზე ექსპერტიზაა დანიშნული, რის შემდეგაც გაირკვევა, მართლაც გაავრცელა თუ არა ადვოკატმა დამონტაჟებული ფოტო-მასალა.

 

ამასთან, ცნობილია, რომ პროკურატურამ სატელიტური ჩანაწერების გადმოცემის მოთხოვნით რამდენიმე ქვეყანას სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. აღნიშნული მიმართვები სისხლის სამართლის საქმეს ერთვის და ცნობილია ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვისაც.

 

2.ცხედრის აღმოჩენის ადგილი

 

ოჯახს მკვლელობის ვერსიას უმყარებს ცხედრის აღმოჩენის ადგილიც, რამეთუ ფიქრობენ, რომ გოგონა თავის მოსაკლავად რამდენიმე კილომეტრს არ გაივლიდა.

 

„ჩემს შვილს თავის მოკვლა თუ უნდოდა, თავისუფლად შეეძლო, მარტო იყო სახლში, მიეღო თუნდაც ერთი მედიკამენტი, დაწოლილიყო ლოგინში და მშვიდად განეხორციელებინა რაც ჰქონდა ჩაფიქრებული“, – ამბობს გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი.

 

ოჯახის ეს მსჯელობა სრულიად ლოგიკურია, თუმცა ფსიქოლოგები და ფაქტები მიუთითებენ, რომ ხშირად სუიციდის შემთხვევებში ლოგიკის დანახვა რთულია.

 

სამწუხაროდ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანს სიცოცხლე სახლიდან შორს, კილომეტრების დაშორებით დაუსრულებია, ან უცდია მაინც.

 

მაგალითად, გასულ წელს „პირველი არხის“ თანამშრომლის, სანდრო ბერაძის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლიდან კილომეტრების დაშორებით, ცხვარიჭამიის ტყეში იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცს, ოჯახის წევრები, კოლეგები და პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, 2019 წლის 19 ოქტომბერს კი ცხვარიჭამიის ტყეში ჩამომხვრჩალი იპოვეს.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ თვეში ზუგდიდში 24 წლის გოგო სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, მივიდა ტყის პირას და თავის მოკვლის მიზნით წამლები დალია. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა და გოგონა გადაარჩინეს.

 

თვითმხილველების განცხადებით, გოგონას მეგობარმა, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, სამართალდამცველებს აცნობა ის ადგილები, სადაც შესაძლოა გაუჩინარებული გოგო ყოფილიყო.

 

რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად, ზუგდიდის მახლობლად ტყის პირას, დაუსახლებელ ადგილას გოგონას მანქანას პოლიციამ მიაკვლია.

 

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელსაც აღმოჩნდა, რომ მედიკამენტები ჰქონდა მიღებული, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ფაქტი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში და შსს-ში დაგვიდასტურეს, სადაც განგვიმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

უახლოეს წლებში მსგავსი თვითმკვლელობის არაერთი ფაქტი არსებობს – ზოგი გახმაურებული, ზოგიც გაუხმაურებელი, თუმცა არცერთ ამ საქმეში სუიციდის გეოგრაფია ეჭქვეშ არავის დაუყენებია.

 

3.სამი მაღალჩინოსანი

 

ოჯახი აქცენტს აკეთებს სამ მაღალჩინოსანზე. ეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში წყაროზე დაყრდნობით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოს 23 წლის პროგრამისტმა სამი მაღალჩინოსნის პირადი ფაილები გაშიფრა, რის გამოც ის თავიდან მოიცილეს. არც ამ სამი მაღალჩინოსნის და არც ინფორმაციის წყაროს ვინაობა ამ დრომდე არ კონკრეტდება, შესაბამისად უცნობია, რომელ მაღალჩინოსნებზეა საუბარი.

 

4.იარაღი და მილიონები

 

გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შვილის გარდაცვალება ყარაბაღის ომს დაუკავშირა და თქვა:

 

„მოვუწოდებ აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსანის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, ის სქემა თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდათ, როცა პერსპექტიულ ახალგაზრდებს უსპობენ სიცოცხლეს და თქვენი ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლეს დაინდობენ, მილიარდების საშოვნელად?

 

ზუსტად მაგიტომ გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან, იმიტომ რომ იარაღის შესაძენად ძალიან ბევრი თანხა სჭირდება. სუს-იც ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში“.

 

სკანდალური განცხადების შემდეგ თეონა თამაზაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს, თუმცა ამჯერად მან განაცხადა, რომ იარაღის უკანონო ვაჭრობის სქემაზე რაიმე კონკრეტული ინფორმაციას არ ფლობს და ის მხოლოდ სხვადასხვა მედიასაშუალებებში ყარაბაღის თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

 

„დღევანელი დაკითხვის მთავარი თემა გახდა ის განცხადება, რაც 30 აგვისტოს გააკეთა ქალბატონმა თეონა თამაზაშვილმა. ჩვენ დავუსვით კონკრეტული კითხვები, თუმცა მან ვერ დაასახელა კონკრეტული წყარო და საბოლოოდ მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის მისი ვარაუდი და ეჭვები ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილის დაკითხვის შემდეგ საქმის პროკურორმა.

 

5.სუსის ავტომობილები

 

პროკურატურის მიერ წარმოებულ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებში დევს საავტომობილო გზაზე დამონტაჟებული ვიდეო-თვალის ჩანაწერები, სადაც ასახულია თუ როგორ გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს. ერთ მონაკვეთში კადრებში ასევე ჩანს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილები. მედიის ერთი ნაწილი ირწმუნებოდა, რომ ეს ავტომობილები ბაჩალიაშვილს მიჰყვებოდნენ და შესაძლოა მკვლელობასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

 

მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია და კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ შედიან ზემოხსენებული ავტომობილები შავნაბადას ბაზაზე. აღნიშნული ბაზა სუსის დაქვემდებარებაშია და გზის ამ პერიმეტრზე სუსის სამსახურეობრივი ავტომობილები რეგულარულად გადაადგილდებიან.

 

 

6.გასახდომი ჩაი

 

ოჯახი მკვლელობის ვერსიას ამყარებს იმ გარემოებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე სხვადასხვა მედიკამენტებთან ერთად გასახდომი ჩაიც შეიძინა.

 

ეს ხდება ბაჩალიაშვილის გაუჩინარების წინა დღეს, როდესაც მან აფთიაქებში გასახდომ ჩაისთან ერთად დიდი რაოდენობით შეიძინა საძილე, წნევის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

 

7.დრონის კადრები

 

ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მკვლელობის ვერსიის გასამყარებლად ხშირად აკეთებენ აქცენტს დრონის კადრებზე. მათი თქმით, გაუჩინარების შემდეგ ბაჩალიაშვილის ძებნაში დრონიც ჩაერთო, რომელიც დაადასტურებდა, რომ თავდაპირველად ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში არ იმყოფებოდა და ის იქ მკვლელობის შემდეგ მიიტანეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დრონს საძიებო სამუშაოები მაწევანის ტყეში არ უწარმოებია და პირველ ეტაპზე შემოწმება იმ ადგილებში განხორციელდა, სადაც თვითმხილველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დააფიქსირეს. ცხედარი კი მოგვიანებით, ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

 

8.სისხლის კვალი ავტომობილში

 

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილსა და ნივთებზე სისხლის კვალია აღმოჩენილი. ეს ინფორმაცია პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ექსპერტიზის დასკვნაშია ასახული. ოჯახის ადვოკატს ეს გარემოებაც მკვლელობაზე მიანიშნებს.

 

როგორ აღმოჩნდა რეალურად სისხლის კვალი ბაჩალიაშვილის ავტომობილში? ირკვევა, რომ აღნიშნული სისხლის წვეთები ცხედრიდან სხვადასხვა ნივთებზე გადავიდა.

 

როგორც ცნობილია ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივლისს იპოვეს. ამ პერიოდში უკვე დაწყებული იყო გვამური ლპობის პროცესი, რასაც ხელს უწყობდა მაღალი ტემპერატურა.

 

ექსპერტების შეფასებით, სწორედ აქედან გამომდინარე გადავიდა ბაჩალიაშვილის სისხლის ნაწილაკები ავტომობილის სავარძელსა და ნივთებზე, რომელიც ცხედართან ახლოს იდო. მაგალითად, ირკვევა, რომ პირბადე, სადაც სისხლის ნაწილაკებია აღმოჩენილი, ავტომობილის უკანა სავარძელზე, ცხედრის ქვემოთ იდო.

 

 

თვითმკვლელობის ვერსია

 

 

1.კადრები აფთიაქებიდან

 

გაუჩინარების წინა დღეს, ანუ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა სხვადასხვა აფთიაქში, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც პროკურატურამ გაავრცელა.

 

ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილმა ხსენებულ აფთიაქებში დიდი ოდენობით მედიკამენტები შეიძინა.

 

 

 

ოჯახი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილს აფთიაქებში შესვლა აიძულეს, რათა კადრებში მისი გადაადგილება დაფიქსირებულიყო და შემდეგ ეს, თვითმკვლელობის ინსცენიერებისთვის გამოეყენებინათ.

 

2.ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

 

ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

 

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

 

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე  „გუგლის“ საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს -„საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე,  მან „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.

 

იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“„იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც შეიძინა ზემოხსენებული მედიკამენტები.

 

ამასთან, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.

 

 

3.კომპიუტერული ექსპერტიზა

 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია ვებ გვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?

 

ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

 

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide – რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის.

 

იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე – გვერდზე მიწერილი აქვს სათაური – Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

 

დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

 

 

4.ფსიქოლოგის ჩვენება

 

ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა პირადი ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში საინტერესო ინფორმაციას აჟღერებს:

 

„თამარს პირდაპირ თვითმკვლელობაზე არ უსაუბრია. თუმცა, ივნისის თვეში, როდესაც ჩვენ ბოლოს შევხვდით ერთმანეთს, მან ერთ-ერთ მომენტში თქვა, რომ ცხოვრება სხვანაირად წარმომედგინაო.

 

როდესაც მას შევეკითხე თუ აღნიშნულში რას გულისხმობდა, თამარმა ამაზეც ზოგადად მიპასუხა, რომ მისი თანატოლები ზოგი დაოჯახებულია და ჰყავს შვილები.

 

ზოგი უფრო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და მისი თქმით, ვინაიდან მას არც პირადი ოჯახი ჰქონდა და არც აქტიური ცხოვრება გამოსდიოდა, აღნიშნულს ძალიან განიცდიდა“.

 

ფსიქოლოგი ასევე ამბობს, რომ ივნისში მას თამარი ძალიან ცუდ ხასიათზე მოეჩვენა და დაინტერესდა რა იყო მისი გუნება-განწყობილების მიზეზი. თამარმა უპასუხა, რომ უნივერსიტეტში ნაშრომი ვერ დაწერა ისე კარგად, როგორც მას უნდოდა და ვერ მოემზადა კარგად…

 

მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ჰქონდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, რადგან ის ისეთ საკითხებს აღიქვამდა მწვავედ, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში ის პრობლემა არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.

 

მაგალითად, ამბობდა, რომ სამსახურში, როდესაც ავეჯის ინტერიერს ცვლიან, აღნიშნული მე ძალიან მაღიზიანებსო. თვლიდა, რომ მას სხვები ჩაგრავდნენ, თავის დასაცავად კი მას არ შეეძლო, რომ ვინმეს შეწინააღმდეგებოდა და თავისი მოსაზრებები დაეცვა.

 

თვლიდა, რომ ეს ყველაფერი იყო მისი პიროვნული სისუსტის ბრალი…

 

თამარი თითქმის ყველა ვიზიტზე ახსენებდა სამსახურს და უფრო კონკრეტულად კი, ხშირად საუბრობდა ხელმძღვანელ ნიკაზე (გეჯაძე).

 

იგი წუხდა, რომ ნიკას მასთან ჰქონდა დისტანციური ურთიერთობა. მაგალითისთის იგი ასახელებდა ასეთ შემთხვევებს, რომ ყოფილა სიტუაცია, როდესაც ნიკა შესვენებისას სხვა თანამშრომლებს პატიჟებდა ყავის დასალევად, ხოლო მას არა.

 

ასევე, თამარი იხსენებდა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მან რაღაც მიწერა ნიკას, ხოლო ნიკამ აღნიშნულზე პასუხი არ დაუბრუნა. თუმცა, სხვა თანამშრომელს, რომელმაც მიწერა ნიკას – დაუყოვნებლივ უპასუხა.

 

იგი ასევე განიცდიდა, რომ მას შეუცვალეს სამუშაო ადგილი და მაგიდა. თვლიდა, რომ იგი ასეთი შემთხვევების გამო იჩაგრებოდა და ექცეოდნენ უსამართლოდ.

 

ყველაზე ხშირად ახსენებდა ამერიკაში ვიზიტს, კერძოდ იგი თვლიდა, რომ მას აუცილებლად ეკუთვნოდა ამერიკაში კონფერენციაზე გამგზავრება, რადგანაც ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, თუმცა არ გაუშვეს.

 

გარდა ამისა, ახსენებდა ვიღაც გოგოს, რომლის სახელი არ უხსენებია და ამბობდა, რომ იგი იყო ახალი მოსული და სარგებლობდა გარკვეული პრივილეგიებით“.

 

5.ცალმხრივი სიყვარული

 

კომპანია „ზეგის“ თანამშრომელმა ნიკა გეჯაძემ გამოძიებას წერილი მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ანონიმური ავტორისგან მიიღო, ის ვარაუდობს, რომ წერილი მას თამარ ბაჩალიაშვილმა მისწერა.

 

„თუ არ წაგიკითხავს, უკეთესია. მართალია, ჩემს თავს დავპირდი, რომ აღარასდროს მოგწერდი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო. ნეტავ იცოდე, რამდენ რამეს გადავაბიჯე ეს რომ მომეწერა. პირველი, რაც მინდა იცოდე, ის არის, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ, მოვქცეულვარ. გულშიც კი არ გამივლია, შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება. არასდროს არც შეგნებულად და არც, შეუგნებლად.

 

პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის.

 

არ ვიცი, რას როგორ აღიქვამდი, ან როგორ მიიღე. რა მოყვა ან, როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ მერწმუნე, არასდროს განგებ ცუდის ჩადენა არც კი მიფიქრია. ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ, არც კი უსაფუძვლოდ.

 

ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ. მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი, სულ ცოტა ყურადღება მაინც რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი მაინც რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის. შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული. მახსოვს, ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან.

 

ამის ფონზე კი, შენი დაცვის იმედით გათამამებული, შენი მეგობარი, როგორ მამცირებდა. არ ერიდებოდა არც მორალურ საზღვრებს და არც არფერს სხვას. იქნებ ერთადაც გადაწყვიტეთ ასე, რომ ყოველი დღე კოშმარად ქცეულიყო ჩემთვის. შურისძიება მოახერხე, კმაყოფილი ხარ თუ არა.

 

უფრო მეტად, რომ გახანგრძლივებულიყო სიამოვნება, გეტყვი, რომ არაერთხელ ვიფიქრე თვითმკვლელობაზე. შენზე ფიქრის გარეშე, არ ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს,“- აღნიშნულია წერილში.

 

6.დეა კაპანაძის ჩვენება

 

თამარ ბაჩალიაშვილის უახლოესი მეგობარი დეა კაპანაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ თამარმა წარსულში თვითმკვლელობა ორჯერ სცადა.

 

„თამარმა მომიყვა იმის შესახებ, რომ სკოლის პერიოდში ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ერთხელ მან დაიზიანა ვენები და იხსენებდა, რომ ძალიან რცხვენოდა თანაკლასელებისა და დაზიანებულ ხელებზე იფარებდა ქურთუკსა და გრძელსახელოებიან მაისურებს, რომ ვინმეს არ შეემჩნია დაზიანებები“.

 

ის ასევე იხსენებს თამარის გაუჩინარების დღეს მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის სიტყვებს.

 

„პირველ დღეს, როდესაც თამარს ვეძებდით, ჯუმბერი ამბობდა ერთი ის ვიცი, რომ თამარი გვეუბნებოდა – “წავალ და ვეღარ მიპოვითო”, მან ხმამაღლა დააფიქსირა ეს სიტყვები, ძალიან კარგად მახსოვს,” – ამბობს დეა კაპანაძე “რუსთავი 2-თან”.

 

ბაჩალიაშვილის ოჯახი ირწმუნება, რომ დეა კაპანაძე ცრუობს და მასზე ზეწოლა ხორციელდება.

 

7.კონფლიქტი ოჯახში

 

2012 წელს თამარ ბაჩალიაშვილი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით პირველად მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

ფსიქოლოგის და სხვა პროფილის ექიმის მიერ შედგენილი სამედიცინო ჩანაწერებით ირკვევა, რომ მედიკამენტების მიღებას წინ უძღოდა კონფლიქტი ბაჩალიაშვილების ოჯახში.

 

მაშინ თამარ ბაჩალიაშვილმა გამოძიებას მისცა ჩვენება, სადაც მამის მხრიდან დედაზე ძალადობის შესახებ საუბრობდა. 

 

თამუნას მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

„მშობლებს დიდი ხანია აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა. ხშირია ოჯახში ჩხუბი, მამა გამოირჩევა ფეთქებადობით, აღგზნებადობით, ეტანება ალკოჰოლს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს პაციენტი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა.

 

დაახლოებით ორი თვის წინ ოჯახში მორიგი კონფლიქიტის შემდეგ, დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი, აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა, იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები. ყვიროდა მომბეზრდა ყველაფერი“ – წერია 2012 წელს, ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ შედგენილ სამედიცინო ბარათში.

 

8.ბაჩალიაშვილის ბებიის განცხადება

 

ტელეკომპანია „იმედის“გადაცემა „ქრონიკაში“ თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია რიტა ზურაბაშვილი გარდაცვლილ გოგოზე საუბრობს.

 

„გარდაცვალებამდე, თამარმა მითხრა, რომ ის სამსახურის უფროსზე იყო შეყვარებული. 32 წლის არის, ვაჟკაცი და ტვინიანიო – ამბობდა შეყვარებულზე. ეგ ბაჩანა თამარისთვის იყო ვიღაც, როგორც ვიცი, კურსელი იყო და არც კი მეგობრობდნენ. ეგ არის გამოგონილი პერსონა.

 

ძალიან ვენდობი გამოძიებას, რომ კარგად ჩაატარებენ. მე არ ვენდობი გვარამიას ჟურნალისტურ გამოძიებას და ადვოკატ მიხეილ რამიშვილს.

 

არ მესმის რატომ შესთავაზა რამიშვილმა ოჯახს უფასო ადვოკატობა? ალბათ, ვიღაც უხდის. ჩემმა დისშვილმა მითხრა, მე ვენდობიო და აღარ მივდივარ მას შემდეგ.

 

დაკრძალვამდე რამიშვილი რომ მოდიოდა ხოლმე ჩვენს ოჯახში, ან მე მთხოვდნენ ოთახიდან გასვლას, ან ის თავად გადიოდა“, – ამბობს ბაჩალიაშვილის ბებია.

 

„შენი აზრი არ მაინტერესებს, იუდა“ – ასე უპასუხა რიტა ზურაბაშვილს გარდაცვლილის დედამ, რომელიც ფიქრობს, რომ ბაჩალიაშვილის ბებიას მსგავსი განცხადებების სანაცვლოდ ფულს დაპირდნენ.

 

9.ბაჩალიაშვილის ვიდეო-ჩანაწერები

 

საქმის მასალებში დევს თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გადაღებული ვიდეო-ჩანაწერები, სადაც ის თვითმკვლელობის შესაძლებლობაზე საუბრობს.

 

აღნიშნული ვიდეობის არსებობას არ უარყოფს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ეკა ქობესაშვილი, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეში ახლახანს ჩაერთო.

 

„ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, რომ არ ეცოდებოდეს დედა და მამა. მიზეზებზე საუბარი არ არის. ფიქრობს, რომ შეიძლებოდა ცხოვრებაში მეტისთვის მიეღწია და უფრო მეტი გაეკეთებინა და რაღაც გარემოებები სამსახურში აღიზიანებდა. ჩემი აზრით, თუ ადამიანი ასეთი ტიპის ვიდეოებს წერს, იმასაც აუცილებლად ჩაწერდა, რომ იმ დღეს თავს მოიკლავდა.

 

არის ვიდეოები, სადაც სიბნელეა, თამარი საერთოდ არ ჩანს და საუბრობს. დეპრესიული დეტალები ნამდვილადაა, თუმცა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პერიოდი შეიძლება, ნებისმიერს ჰქონდეს“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X