16:34 | 2020-02-12 ავტორი: Prime Time

ყველა, ვინც ჩვილის გაყიდვაში ბრალდებულია, სასამართლომ გირაოთი გაუშვა

ყველა, ვინც ჩვილის გაყიდვაში ბრალდებულია, სასამართლომ გირაოთი გაუშვა

ბავშვის გაყიდვის ფაქტზე დაკავებული დედა, ორი ექიმი და კიდევ 4 პირი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, დავით გოგოლაშვილის განცხადებით, დაკავებულ 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 თებერვალს შეეფარდა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვნით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.

 

ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

 

საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მეორე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X