fbpx
11:46 | 2020-10-16 ავტორი: Prime Time

ყველა რეგულაცია, რაც 31 ოქტომბერს ხმის მიცემის დროს უნდა ვიცოდეთ

ყველა რეგულაცია, რაც 31 ოქტომბერს ხმის მიცემის დროს უნდა ვიცოდეთ

პანდემიის პირობებში, საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. 31 ოქტომბერს, 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირმა საკუთარი პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა დააფიქსიროს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო დადგენილება, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.

 

არჩევნების დღეს, რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

 

კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

 

რაც შეეხება ამომრჩეველს:

 

  • ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს თერმოსკრინინგს არ ჩაუტარებენ

 

  • ამომრჩევლებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, რომლის მოხსნაც რამდენიმე წუთით, იდენტიფიცირებისას იქნება საჭირო. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

 

  • ამომრჩევლებს უბნებზე ინდივიდუალური კალმისტრები დახვდებათ, რომელიც გამოყენების შემდეგ, სპეციალურად განკუთვნილ კონტეინერში უნდა მოათავსონ.

 

  • სარეგისტრაციო მაგიდასთან არ უნდა იყოს ორზე მეტი ამომრჩეველი, ამ შემთხვევაში დროებით შეჩერდება კენჭისყრის ოთახში სხვა ამომრჩევლის შესვლა.

 

  • ფარული კენჭისყრის კაბინები იქნება შემდეგნაირად: კენჭისყრის კაბინა, ამომრჩევლისთვის შესასვლელი, ერთი მხრიდან გახსნილი დარჩება და გახსნილი მხარე მიმართული იქნება კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X