00:10 | 2020-07-03 ავტორი: რუსა ღვანიძე

ყველა ჯარისკაცის „მამა“ – 87 წლის ჯემალ ღაღანიძის აქამდე უცნობი ისტორიები სერგო ზაქარიაძეზე

ყველა ჯარისკაცის „მამა“ – 87 წლის ჯემალ ღაღანიძის აქამდე უცნობი ისტორიები სერგო ზაქარიაძეზე

საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე, სერგო ზაქარიაძის 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლეგენდარული მსახიობის შემოქმედებაზე და აქამდე უცნობ ისტორიებზე „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა:

 

რომ გითხრათ, კარგად ვარ მეთქი, მოგატყუებთ! უკვე, 87 წლის ვარ, სიბერე თავისას აკეთებს. ბ-ნ სერგოზე, ბევრად ახალგაზრდა ვიყავი და ამიტომ კარგად მახსოვს, მისი მოღვაწეობა.

 

ერთ კურიოზს გავიხსენებ. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრში ვარ, სერგო კი, ჩემს მერე – 1957 -ში მოვიდა. ამ ბუმბერაზ მსახიობს, მე უკვე თეატრში დავხვდი, მასზე მეტი სტაჟი მაქვს (იცინის).

 

მინდა ხაზი გავუსვა, ჩემ ბედნიერებას იმით, რომ მასთან ერთად მომიწია სცენაზე დგომა. როცა გიგა ლორთქიფანიძემ რუსთაველის თეატრში პირველი სპექტაკლი – „მეტეხის ჩრდილში“ დადგა, პატარა როლი მქონდა, მაგრამ ეს სპექტაკლი, ჩემ სავიზიტო ბარათად იქცა!

 

– იმ დროს ახალგაზრდა, დამწყები მსახიობი ბრძანდებოდით…

 

რა თქმა უნდა, იმ დროს, 27 წლის ვიყავი, მაგრამ ჩემთვის, ეს არ იყო პირველი სპექტაკლი. ჩემი პირველი სპექტაკლი – მიშა თუმანიშვილის – „ფილოსოფიის დოქტორი“ იყო, რომელიც რუსთაველის თეატრში დადგა, სადაც ისე იყო როლები გადანაწილებული, რომ მე და ქალბატონ ზინაიდა კვერენჩხილაძეს მიგვიწვია ამ სპექტაკლში თამაში.

 

– ბატონ სერგოსთან ერთად შესრულებული როლები…

 

ისევ სპექტაკლ „მეტეხის ჩრდილში“ გავიხსენებდი, სადაც როგორც გითხარით, პატარა როლი მქონდა. სპექტაკლის მსვლელობის დროს, მთელი ორი საათის განმავლობაში, მხოლოდ ჩემ სახელს ახსენებდნენ.

 

სერგო სცენაზე იდგა და ამბობდა – არ იცნობთ, ჩემ სიძეს? სპექტაკლში ასევე თამაშობდნენ სოსო ლაღიძე და ნუგზარ ჯუღელი, სადაც საკუთარი სახელები ერქვათ. ძალიან ვნერვიულობდი, მთელი ორი საათი ეს ადამიანი მაქებდა, მადიდებდა და სპექტაკლის ბოლოს კი, მე უნდა შევსულიყავი (იცინის).

 

 

უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ჩაბნელებულ სცენაზე, დაბალ მაგიდასთან ვსხედვართ მე, ბატონი სერგო და ქალბატონი ეკატერინე ვაჩნაძე. ამ დროს იხსნება ფარდა, ინთება შუქი და უცებ, ტაშის ხმა გაისმა! გაოგნებული დავრჩი, არ ველოდი.

 

მთელი ორი საათი, ბუმბერაზი მსახიობები იდგნენ სცენაზე და ამ დროს, მე დამიკრეს ტაში! მიხარია, რომ მაყურებელმა, ბატონი სერგოს მიერ ნაქები კაცი, ისე აღიქვა, როგორსაც მახასიათებდა. ბედნიერი კაცი ვარ, რომ გავამართლე მისი სიტყვები. ხშირად იხსენებდა ხოლმე ამ ამბავს. ბატონ გიგას ეტყოდა ხოლმე – გიგა, როგორ გამიმართლა სიძეშიო! (იცინის). ერთად, ძალიან ბევრ სპექტაკლში ვითამაშეთ.

 

– ფილმი, სადაც ერთად მონაწილეობთ…

 

სხვათა შორის, ერთ-ერთ უძლიერეს ფილმში „არ დაიდარდო“ ერთად ვართ გადაღებული, სადაც ეპიზოდური, მაგრამ ძალიან საინტერესო როლი მაქვს – ლევან ცინცაძესთან (სერგო ზაქარიაძე), მეუღლის შარდი მიმაქვს! (იცინის).

 

 

 

ეს ძალიან თვალსაჩინო სცენაა, მართალია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი. ფილმში, რეჟისორმა გია დანელიამ ამიყვანა. სპექტაკლი „მეტეხის ჩრდილში“ ნახა და ამის შემდეგ, ფილმში ჩემი გადაღების იდეა დაებადა.

 

 

სერგო ზაქარიაძე ფილმში – „ჯარისკაცის მამა“ გადაღებების დროს…

 

არ არსებობდა მომენტი, რომ გადაღებებიდან მოსულ სერგოს, ყველა არ შემოვსეულიყავით და არ გვეკითხა, როგორ მიმდინარეობდა გადაღებები. სულ ამ ფილმზე საუბრობდა, აზარტულად იყო ჩართული გადაღებებში.

 

 

არ გეცოდინაბათ და ბ-ნი სერგო ფილმის გამოსვლის შემდეგ, შ. რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი გახდა. იმ წლებში, პოლონეთში გასტროლზე მოგვიწია წასვლა. ბრესტის საზღვარზე, სასწაული ამბავი მოხდა. როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ ჩვენი მატარებლით, „ჯარისკაცის მამა“ მგზავრობდა და საზღვარზე, გარკვეული რაოდენობის ჯგუფი დახვდა, რომლებმაც ავტოგრაფი ჩამოართვეს და მასთან ერთად, უამრავი ფოტოც კი გადაიღეს.

 

 

ერთ-ერთ გასტროლზე, ბერლინში, ახალგაზრდა სარდალი იყო ჩამოსული, რომელსაც სამხედრო პირები დახვდნენ. შეხვედრაზე ჩვენც მიგვიწვიეს. ბ-მა სერგომ დაიგვიანა, უკვე დაწყებულ ღონისძიებაზე, დარბაზში მოხრილი შემოვიდა, რომ ვინმე არ შეეწუხებია და კუთვნილ სკამზე დამჯდარიყო. გენერალმა რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა, რასაც მთელი დარბაზი აყვა. უცებ შუქი აინთო და სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ჯარისკაცები გამოვიდნენ, სასწაული შეხვედრა მოუწყვეს. „ჩვენი მამა ხარ“- ისმოდა ჯარისკაცთა შეძახილები. სერგო (გიორგი მახარაშვილი) ფაქტიურად, ყველა ქვეყნის ჯარისკაცის „მამად“ აღიარეს…

 

 

ვიზიტი მოსკოვში, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ლეონიდ ბრეჟნევთან…

 

არ შემიძლია, არ გავიხსენო ის პერიოდი, როცა ზაქარიაძე, ლეონიდ ბრეჟნევმა მოსკოვში მიიწვია. შეხვედრის ლიმიტი 20 წუთი იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ 1,5 საათს გაგრძელდა. ამ შეხვედრის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – რუსთაველის თეტრს, ხელფასები გაუორმაგეს.

 

ბ-ნი სერგოს გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დიდი კამათი გაიმართა, სად დაეკრძალათ! მწერალთა პანთეონში დასაფლავებასთან დაკავშირებით, ბევრ წინააღდეგობას წააწყდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრეჟნევმა ხელი მოაწერა მის ნეკროლოგს სწორედ, იქ გადაწყდა მისი პანთეონში დასაფლავების საკითხი.

 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამბავს დავამატებდი, ბატონმა სერგომ „ჩანაწერები ჩემი ფიქრების” – სერგო ზაქარიაძის დღიურების სამტომეული გამოუშვა, რომლიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. წიგნში დეტალურად აქვს აღწერილი, საკუთარი ბიოგრაფია.

 

 

როცა სპექტაკლი „ფიროსმანი“ დავდგით, ბანკეტი, ჩემთან სახლში გადავიხადეთ. თამადად ბ-ნი სერგო დავნიშნეთ, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან იშვიათად სვამდა. თავიდან უარზე იყო, მაგრამ ბოლოს დავითანხმეთ. სახლში ყველა ზომის ყანწი მქონდა. ერთი პირობით დაგთანხმდებით, ამ ყანწით უნდა დავლიო ყველა სადღეგრძელოო.

 

 

მთელი საღამო ყანწით სვავმდა, რომელსაც წარწერა ჰქონდა -„ვინც დამლევს, იმისი ვარო“. ხოდა, სერგოს ერგო ეს როლი და რომ წავიდა, თან წაიღო, სახსოვრად(იცინის). არ უყვარდა დალევა, ამ საქმისთვის, ბუხუტი ჰყავდა. როცა სუფრაზე ვისხედით, იტყოდა ხოლმე – მე ვერა, მაგრამ აგერ, ბუხუტი დალევსო.

 

როგორ გაიხსენებდით ზერგო ზაქარიაძის ოჯახს?

 

კარგად მახსოვს მისი ბრწყინვალე ოჯახი. მეუღლე მერი ქორელი – უაღრესად კეთილშობილი ქალბატონი და მათი ვაჟი – გუგა.

 

 

ფილმში „ჯარისკაცის მამა“,ერთ-ერთ გმირს – გოდერძი მახარაშვილი, გია (გიჟური) კობახიძე ასრულებს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა…

 

გიჟური, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი იყო. ფილმში „ჩემი მეგობარი ნოდარი“, ერთად ვართ გადაღებული. რუსეთში მოღვაწეობდა და ამის გამო, ბოლო ხანებში, ნაკლებად მქონდა მასთან შეხება. ამ ფილმმა ძალიან დაგვაახლოვა. საოცარი მეგობრობა გვქონდა, შესანიშნავი პიროვნება იყო.

 

 

ამავე დროს, ძალიან თავმდაბალი იყო, როცა უფლება ჰქონდა, ცოტა ეამაყა კიდეც – არ იყო „ცხვირაწეული“.  მ. თუმანიშვილის თეტრის მსახიობი იყო და ქართულ ფილმებშიც მოასწრო გადაღება. როგორც მახსოვს, რუსეთში გარდაიცვალა, ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა და ამიტომ „ქართველ გრეგორი პეკად“ მოიხსენიებდნენ.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღემდე ახსოვხართ და უყვარხართ საზოგადოებას, უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის…

 

მიხარია, თუ რამეში გამოგადექით. ვფიქრობ, კარგი მასალა მოგაწოდეთ, თან რაც მოგიყევით, ყველაფერი „ნაღდია“. მართალია, ამჟამად ვწევარ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ 65 წელია რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ. შემოქმედი ადამიანი ვარ და ბოლომდე შემოქმედებას ვემსახურები. მადლობა, რომ გახსოვართ!

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X