20:21 | 2020-04-13 ავტორი: თამარ გონგაძე

“ყველა დავიხოცებით და გვერდზე დაგვრჩება კლიპიც და რეიტინგიც” – გია ჯაჯანიძე “ბრალდებას” პასუხობს

“ყველა დავიხოცებით და გვერდზე დაგვრჩება კლიპიც და რეიტინგიც” – გია ჯაჯანიძე “ბრალდებას” პასუხობს

გია ჯაჯანიძე ამბობს, რომ მაღალი რეიტინგი ჰქონდა გასული ხუთშაბათის მის გადაცემას, რომელშიც ის ხმაურიანი კლიპი გაუშვა. როგორც ამბობს, ამ კლიპის გაშვება „სხვა რაკურსში“ ცხრა აპრილს დაემთხვა და გამიზნულად არ დაუგეგმავს.

 

თუმცა ჯაზის ვოკალისტი, გულიკო ჭანტურია ასე არ მიიჩნევს. მან „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ გია ჯაჯანიძე ცუდად მოიქცა, მან რეიტინგისთვის გამოიყენა ეს ვიდეორგოლი.

 

გია ჯაზის ვოკალისტს „პრაიმტაიმის“ მეშვეობით ეპასუხება.

 

გია ჯაჯანიძე: – დიდ პატივს ვცემ ქალბატონ გულიკოს. მაგრამ რა შუაშია გადაცემის ორი კვირით ადრე დააანონსება, ან ჩემი ცუდი საქციელი? ადამიანებს ემღერებოდათ და იმღერეს. ეს იყო გზავნილი, როგორც მოახერხეს, გააკეთეს ისე.

 

ახლა ისეთი მდგომარეობაა, რეიტინგზე არც ვფიქრობ. რა დროს კლიპი და რა დროს აგრესიაა? აგრესია იმუნიტეტს აკარგვინებს და ადამიანები ავადდებიან.

 

იცით რა, ყველა დავიხოცებით და ყველას გვერდზე დაგვრჩება ყველაფერი, რეიტინგიც, კლიპიც და ის სიავეებიც, რასაც წერენ და ამბობენ. ამიტომ არაფერზე ვნერვიულობ.

 

ამ ვიდეორგოლმა თავისი გააკეთა. 48 საათის განმავლობაში ხალხს ვირუსი დაავიწყა. ისხდნენ და გაქაფულები ილანძღებოდნენ, გეგონებოდათ, სამშობლოს ღალატში ამხელდნენ მომღერლებს.

 

მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა და არც ეს არის უკანასკნელი.

 

– თვითონ მოგწონს ნამუშევარი? შენც მღერი მასში.

 

– ცოცხალი ვარ და ყველაფერი მომწონს. ამ წუთას ინტერვიუს გაძლევ, ჩემი მამლის ყივილი მესმის. მგონია, რომ ესეც სასწაულია. ხალხი იხოცება. უარეს დღეში ჩავვარდებით, რა დროს კლიპის განხილვაა.

 

მახსოვს, წერდნენ, უნდა დავაფასოთ ერთმანეთი, გვიყვარდეს ერთმანეთიო, უცებ, ნახეს კლიპი და წავიდა – ჩაქოლეთ, დაკალითო!.. მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და ის კიდე გამიშვით, ცხვარი გარბისო. ისე, ორთქლი გამოუშვეს, დაგროვილი ბოღმა ამოანთხიეს და დადებითი ეგ მოხდა.

 

– გია, სად ხარ? მამალი სად გიყივის და რა განწყობაზე ხარ?

 

– ჩემ ეზოში. ორი დედალი მყავს. დილით ორ კვერცხს მახვედრებენ. პენსიაზე რომ გავალ, ვიცი, რასაც გავაკეთებ. მიწას უნდა მივხედო. პრასი, ახალი ნიორი, ოხრახუში, ხახვი, კიტრის და პომიდვრის ახალი ჩითილები მაქვს ჩარგული.

 

– იმუნიტეტს რით იძლიერებ?

 

– კარგი განწყობით, დადებითი ემოციით, მიხარია ცხოვრება. დილით ვფიქრობ, რითი გავერთო. შევკერე, მოვქსოვე… ვკითხულობ, ვწერ, ვუყურებ. და მინდა კიდევ მოვიფიქრო რაღაც, რომ ამ ხალს უარყოფითი ემოციისგან დაცლაში კიდევ მივეხმარო. ადრე რომ მლანძღავდნენ, ყველას პირადში ვწერდი, კარგია, რომ დაიცალეთ, ახლა თქვენ ბედნიერები იქნებით-მეთქი.

.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები