18:17 | 2020-05-25 ავტორი: Prime Time

„კუთხეში ვიჯექი და აკანკალებული ვუყურებდი, როგორ ურტყამდა მამა დედაჩემს“ – კახეთში გოგომ თვითმკვლელობა სცადა

„კუთხეში ვიჯექი და აკანკალებული ვუყურებდი, როგორ ურტყამდა მამა დედაჩემს“ – კახეთში გოგომ თვითმკვლელობა სცადა

ჩვენი ამბის მთავარი გმირი კახეთის ერთ-ერთ რაიონში მცხოვრები 20 წლის გოგონაა.

 

სამი დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და ექიმების დიდი მონდომებით გადარჩა.

 

გოგონა თვლის, რომ მისი პრობლემები სათავეს ბავშვობიდან იღებს.

 

„მამა ხშირად სვამდა და სასმელის საყიდლად, სახლიდან ნივთები მიჰქონდა.

 

დედა მორჩილი ქალი იყო, საყვედურს ძლივს უბედავდა.

 

როცა წინააღმდეგობას გაუწევდა, მამაჩემი ყვირილს ტეხდა და დედაჩემს ჩემს თვალწინ სცემდა.

 

მე კუთხეში ვიჯექი აკანკალებული და ამ სცენებს თვალს ვადევნებდი. ახლაც მახსოვს, როგორ მიცემდა გული“, – ყვება გოგონა „პრაიმტაიმთან“.

 

მოძალადე მამასთან დედა-შვილმა ექვსი წელი იცხოვრა. ამასობაში მამამ თითქმის ყველა საოჯახო ნივთი და ოქროული, სასმელის საყიდლად კაპიკებში გაყიდა.

 

„სახლიდან ყველაფერი გაყიდა. მე და დედა ხშირად მშივრები ვიყავით, ბებიას და დეიდაჩემის ანაბარა.

 

მამას გავცილდით და ქირით გადავედით საცხოვრებლად.

 

ვერ ვმონაწილეობ რთული ემოციური მდგომარეობის გამო! - ბასილაშვილის ყოფილი ცოლი თავისავე პრესკონფერენციაზე ვერ მივიდა
2020-05-25ვერ ვმონაწილეობ რთული ემოციური მდგომარეობის გამო! - ბასილაშვილის ყოფილი ცოლი თავისავე პრესკონფერენციაზე ვერ მივიდა

 

დედამ დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. მამაჩემი იქაც მოდიოდა და მთელი დასახლების გასაგონად გვაგინებდა.

 

სულ პოლიცია გვედგა თავზე. სკოლაში მრცხვენოდა, ჩემი ამბავი არ გაიგონ-მეთქი. თუმცა გაიგეს და ძალიან თანაგრძნობით მექცეოდნენ“, – იხსენებს გოგონა.

 

ჩვენი გმირის ბავშვობა, ფაქტიურად გამუდმებული სტრესის, შეურცხყოფისა და პოლიციაში დაუსრულებელი საჩივრების ფონზე გავიდა.

 

„ბავშვობა დაუსრულებელი აურზაურით მახსოვს. პატარა სტრესიც კი სასოწარკვეთილებაში მაგდებს, წინააღმდეგობების გადალახვა მიჭირს.

 

გაჭირვების გამო, დედა ხუთი წელია, იტალიაში წავიდა და დეიდასთან ვცხოვრობ.

 

ფინანსური მდგომარეობა თითქოს გამოგვისწორდა, მაგრამ მარტოობის გრძნობა არ მტოვებს.

 

სულ მგონია, რომ არავის ვჭირდები. შეყვარებული მყავს, მაგრამ მგონი ისიც დაიღალა ჩემგან“, – ამბობს ჩვენი გმირი.

 

გოგონა იმ დღეს იხსენებს, როცა თვითმკვლელობა გადაწყვიტა და გამოსამშვიდობებელი წერილის წერა დაიწყო.

 

„მინდა ბევრი ჩემი თანატოლივით ბედნიერი ვიყო, მაგრამ არ გამომდის.

 

ვერ ვმშვიდდები, განცდა, რომ ზალიან უბედური ვარ, არ მტოვებს. ზოგჯერ მიზეზსაც ვერ ვხსნი.

 

ახლაც მომეჩვენა, რომ არაფერს ქვეყნად აზრი არ აქვს. მამაჩემიც აღარ არის და ქვეყანა არ დაქცეულა- მეთქი.

 

გადავწყვიტე, დედაჩემიც მოისვენებს და ჩემი შეყვარებულიც-მეთქი. ბანალური რაღაც დავწერე – მაპატიეთ და გემშვიდობებით-მეთქი და წამლები დავლიე.

 

უცნაური იცით რა არის? როცა უკვე გააკეთებ, სიკვდილის გეშინია. მეც შემეშინდა. ალბათ ამიტომ გადავრჩი“, – ამბობს გოგონა.

 

დეიდა, რომელთანაც ახლა გოგონა ცხოვრობს, თვლის, რომ ბავშვობაში, ოჯახში ძალადობის სცენების უშუალო მომსწრე ბავშვს, ფსიქოლოგის დახმარება გაცილებით ადრე სჭირდებოდა.

 

„ის ხშირად ესწრებოდა დედ-მამის ჩხუბს. ერთხელ მეც შევესწარი და მახსოვს, ბავშვს შიშით თვალები ჰქონდა გადიდებული და თავიდან ფეხებამდე კანკალებდა. დახმარება ადრევე სჭირდებოდა“, – ამბობს დეიდა.

 

მისი თქმით, იმ დღეს, როცა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა, უცნაურად და არაბუნებრივად იქცეოდა.

 

„სულ მიკვირს, როცა ამბობენ, რომ არაფერი ეტყობოდა და ადამიანმა თავი მოიკლაო.

 

მე მგონია, შეუძლებელია, უცნაური ქცევა არ შენიშნო. ჩემი დისშვილი სტუდენტია. იმ დღეს არაბუნებრივად ბევრჯერ გავიდა და შემოვიდა სახლში.

 

რაღაც აფორიაქებული დარბოდა. უბრალოდ, მე ვერ მივხვდი. ამას ვერ წარმოვიდგენდი. ისე, სულ აქვს განცდა, არავის ვჭირდებიო, ზედმეტი გგონივართო.

 

მე მგონია, მისი საქციელი პროტესტიცაა, სასოწარკვეთაც, გამძლეობის დეფიციტიც. რამხელა უბედურებას გადავრჩი, რა უნდა მეთქვა ჩემი დისათვის“, – ამბობს დეიდა.

 

გოგონა ახლა ფსიქიტრთან და ფსიქოლოგთან მკურნალობას ერთდროულად გადის.

 

სუიციდი პრობლემების გადაწყვეტის გზად აღარ მიაჩნია, მაგრამ ფიქრობს, რომ ცხოვრების თავიდან სწავლა სჭირდება.

 

საქართველოში სუიციდის შემთხვევები, თითქმის ყოველდღიურობად იქცა. შემცირებულია თვითმკვლელობის მსხვერპლთა ასაკიც.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სუიციდი, სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები