fbpx
11:25 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

კოტე მარჯანიშვილის დის – დედა თამარის ტრაგიკული ისტორია – „რიტუალის შესრულებისას თავზე თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა“

კოტე მარჯანიშვილის დის – დედა თამარის ტრაგიკული ისტორია – „რიტუალის შესრულებისას თავზე თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა“

„გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში

მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?

ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის

მეტს არაფერს ჩვენ ვერ ვგრძნობდით!“

 

ამბობენ, 1860 წელს ილია ჭავჭავაძემ ეს ლექსი სოლომონ ჭავჭავაძის ქალიშვილს და კოტე მარჯანიშვილის დედას – ლიზას მიუძღვნა.

 

თუმცა დიდ ილიას ლიზამ იმედები გაუცრუა. მალე ის ცოლად სამხედრო ინჟინერს, ალექსანდრე მარჯანიშვილს გაჰყვა, მასთან ოთხი შვილი შეეძინა.

 

ცოტამ თუ იცის, რომ ამ ოჯახის პირველი შვილი და კოტე მარჯანიშვილის უფროსი და – თამარი მონაზონი იყო და ამის გამო 1937 წელს კომუნისტებმა ციმბირში გადაასახლეს.

 

თამარი 

 

 

თამარ და კოტე მარჯანიშვილებს პროფესია ბავშვობიდანვე არჩეული ჰქონდათ.

 

კოტეს არტისტობა იტაცებდა, თამარს კი – მუსიკა, ამიტომაც გადაწყვეტილი ჰქონდა, სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში გაეგრძელებინა, თუმცა შემდეგ რატომღაც გადაიფიქრა, არადა ძალიან ნიჭიერი ყოფილა და თან არაჩვეულებრივი ხმაც ჰქონია.

 

 

ის ძალიან პატარა იყო, როცა მამა გარდაეცვალა, 20 წლისას კი დედაც დაეღუპა. ამიტომაც ოჯახის გაძღოლის ტვირთი მას დააწვა.

 

იმ ზაფხულს, როცა ლიზა ჭავჭავაძე გარდაიცვალა, თამარი და-ძმებთან ერთად სიღნაღში დეიდასთან გაემგზავრა.

 

მაშინ ბოდბეში წმინდა ნინოს დედათა მონასტერი ახალი დაარსებული იყო და თამარმა მისი ნახვა მოინდომა. შეიძლება ითქვას, რომ იქაურობამ მოაჯადოვა.

 

 

მონაზვნად აღკვეცა

 

 

როცა თამარი ტაძარში შევიდა, ლიტურგია ტარდებოდა. სარკმლებიდან დღის შუქი სუსტად აღწევდა, ტაძარი მთლიანად სანთლებით იყო განათებული, საკმევლის საოცარი სურნელი იდგა.

 

იღუმენია იუბილენიას ლოცვებს შავ კაბებში გამოწყობილი დები წკრიალა ხმით გალობას უწყობდნენ. თამარის მეგობრები ცოტა ხანში უხმაუროდ გავიდნენ ტაძრიდან, თუმცა თამარს მათი გასვლა არც გაუგია.

 

ის იმ წუთებში მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, რა ბედნიერი იქნებოდა, თუ შეძლებდა და ამ მონაზვნებივით იცხოვრებდა. მაშინვე გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მონაზვნად აღკვეცილიყო.

 

იცოდა, ამას ვერც ოჯახის წევრები გაუგებდნენ და ვერც საქმრო, რომელიც ძალიან უყვარდა, თუმცა სხვანაირად უკვე არ შეეძლო. ამიტომაც ლიტურგიის დამთავრებისთანავე იღუმენიას მიუახლოვდა და თავისი სურვილი გაანდო.

 

ამ დროს ტაძარში თამარის მოსაძებნად გამოგზავნილი ნათესავი ბიჭი შემოვიდა, რომელმაც მისი და დედა იუბილენიას საუბარი მოისმინა, ამის შესახებ სხვებსაც უთხრა, თუმცა მეგობრებს თამარის სურვილი სასაცილოდ არ ეყოთ.

 

ეგონათ, ეს მხოლოდ შთაბეჭდილებებით გამოწვეული წუთიერი გატაცება იყო, თუმცა ამ აზრს თამარი არ იზიარებდა და ყველას ეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილებას აღარ შეიცვლიდა.

 

მაშინ ახლობლებმა სხვა გზით გადაწყვიტეს „დახმარება“ და ის გულის გადასაყოლებლად თბილისში ჩამოიყვანეს. მაშინდელი ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილი თეატრი და ლიტერატურული სალონები იყო.

 

შემდგომში დედა თამარი ხშირად იხსენებდა, როგორ იჯდა თეატრში და სპსექტაკლების მსვლელობისას თან კრიალოსანს მარცვლავდა, თან გულში ლოცულობდა. როცა მიხვდა, რომ ნათესავებს ასე ვერაფერში დაარწმუნებდა, მონასტერში იღუმენიასთან გაიპარა.

 

მონასტერში თამარის წამოსაყვანად ჩასული ნათესავები დედა იუბილენიამ დაარწმუნა, რომ ეს თამარის გზა იყო და სთხოვა, მისთვის ხელი არ შეეშალათ.

 

…ეზოში მორჩილის სამოსში გამოწყობილი თამარი შემოიყვანეს, დები გალობდნენ, შემდგომში მეუფე არსენი იგონებდა, რომ იქ დამსწრე ადამიანებისგან გაუგონია, რიტუალის შესრულებისას, როგორ დაჰფარფატებდა დედა თამარს თავზე თეთრი მტრედი, საეკლესიო სახელად მას იუბილენია უწოდეს.

 

მას შემდეგ, რაც უფროსი იუბილენია მოსკოვში გადაიყვანეს, ბოდბის მონასტრის წინმაძღვარი უმცროსი იუბინალია გახდა, დიდი სქემით შემოსვის შემდეგ კი მას ძველი სახელი თამარი დაუბრუნეს.

 

ბრძოლა კომუნისტებთან და დედა თამარის სასწაულები

 

დედა თამარი ბოდბის მონასტერს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თუმცა საკმაოდ რთული პერიოდი დადგა. რევოლუციონერები ხშირად ემუქრებოდნენ და მუქარის წერილებსაც უგზავნიდნენ.

 

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ დედა თამარი ხშირად ეხმარებოდა რევოლუციონერების- განდევნილ გლეხებს და მათ მონასტერში თავშესაფარს აძლევდა.

 

ერთხელ თბილისის გზაზე თავსაც დაესხნენ, მეეტლე სასიკვდილოდ დაჭრეს, თუმცა ამბობენ, რომ დედა თამარისა და დანარჩენი მონაზვნების სამოსს ტყვიები არ მიეკარა.

 

 

ამ შემთხვევის გამო, ის მოსკოვის პოკროვის საზოგადოების წინაძღვრად გადაიყვანეს. საზოგადოების დები მოწყალების დებად მუშაობენ, თუმცა დედა თამარს განდეგილობა სურდა.

 

ერთხელაც ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა, როცა ხმა შემოესმა. გამოცხადება რამდენიმეჯერ განმეორდა და მალე დედა თამარმა ახალი მონასტერი სერაფიმო-ზნამენკოს განდეგილ დედათა სავანე დააარსა.

 

პირველი მსოფლიო ომის დროს მონასტერთან სამხედრო ჰოსპიტალი დაარსდა. აქ მოიყვანეს მეგრელთა პოლკის დაჭრილი ჯარისკაცები და დედა თამარი ყველა ღონეს მხარობდა მათ გადასარჩენად.

 

ამ მონასტერმა მხოლოდ 12 წელი აირსება. 1924 წელს ის ბოლშევიკებმა გაანადგურეს, მონაზვნები მიმოიფანტნენ, თუმცა დედა თამარი, თავის ათ დასთან ერთად, პერხუშკოვოში პატარა სახლში დასახლდა და ისევ ისე ცხოვრობდნენ, როგორც მონასტერში.

 

„რეჟისორ მარჯანოვს ურჩევნია, დაივიწყოს, და რომ ჰყავს“

 

 

დედა თმარი 1931 წელს, სხვა მონაზვნებთან ერთად, დააპატიმრეს. მას საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ გამოსულთა თანადგომა დააბრალეს.

 

საკანი სხვადასხვა ჯურის ხალხით იყო სავსე, თუმცა დედა თამარის საწოლი ფარდით გადატიხრეს.

 

ყველა კარგად ექცეოდა, ამიტომაც პატიმრები განსაკუთრებული მოწიწებით ექცეოდნენ, მისი თანდასწრებით გინებასა და უწმაწურ სიმღერებს ერიდებოდნენ.

 

საკანში დედაო მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, მხოლოდ დღისით წამოწვებოდა ხოლმე დასასვენებლად და ასეთ დროს საკანში ყველა ჩუმდებოდა.

დედა თამარის ტრაგიკული ისტორია - „რიტუალის შესრულებისას თავზე თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა“

 

მისთვის გამონაკლისს უფროსობაც უშვებდა. ციხის აბანოში ასეთი წესი იყო:

 

ქალები ბანაობის წინ ციხის თანამშრომელი მამაკაცების წინაშე შიშვლდებოდნენ და ტანსაცმელს სადეზინფექციოდ აბარებდნენ, თუმცა დედა თამარს ამას ვერავინ უბედავდა.

 

სულ მალე დედა თამარს ირკუტსკის ოლქში გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებაში მას ახალგაზრდა მონაზონი, გლეხის ქალი ნიუშა გაჰყვა.

 

ისინი დანიშნულების ადგილამდე ფეხით მივიდნენ. გადასახლებაში მან სამი წელი დაჰყო, თუმცა ავადმყოფობა ძალიან მოერია. ჩრდილოეთის ჰავამ მასზე იმოქმედა და ყელის ტუბერკულოზი დაემართა.

 

კოტე მარჯანიშვილმა სცადა, როგორმე და პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.

 

დახმარებისთვის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს – ლუნაჩარსკის მიმართა, მან კი მარჯანიშვილის თხოვნა სერგო ორჯონიკიძეს გადასცა, თუმცა ორჯონიკიძეს უთქვამს: რეჟისორ მარჯანოვს ურჩევნია, სრულიად დაივიწყოს, რომ და ჰყავსო!“

 

1933 წელს კოტე მარჯანიშვილი აღდგომის მეორე დღეს, დონ კარლოსის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ლუნაჩარსკის კვლავ შეხვდა, დიდხანს ისაუბრეს და სასტუმროში მიმავალი კოტე მარჯანიშვილი გზაში, მანქანაში გარდაიცვალა.

 

1934 წელს ის კოტე მარჯანიშვილის მეგობრების დახმარებით მაინც გაათავისუფლეს და ნება მისცეს, ბელორუსის რკინიგზის სადგურ „პიონერსკაიასთან“ პატარა სახლში დასახლებულიყო, 1936 წელს ის გარდაიცვალა და მოსკოვში ვედენის მთაზე დაკრძალეს.

 

მის საფლავზე თეთრი ჯვარია აღმართული, რომელშიც ღვისმშობლისა და ღირსი სერაფიმეს ხატებია ჩასმული.

 

 

(სტატია მომზადებულია გაზეთი “პრაიმტაიმის” არქივიდან)

ავტორი: მარიტა დამენია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X