14:23 | 2020-03-16 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს მიღებული 5 ახალი გადაწყვეტილება

კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს მიღებული 5 ახალი გადაწყვეტილება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა იკრძალება.

 

ასევე, საბჭომ რეკომენდაციები მიმართა კაფე-ბარებსა და რესტორნებს, დროზე ადრე დაიხურება სამთო-სათხილამურო კურორტები.

 

1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

 

2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

 

3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

 

4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;

 

5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი 4 განზომილება, რომლის ეფექტური მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია – ჯანდაცვა; ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა; საზოგადოებრივი წესრიგი.

 

თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X