19:36 | 2020-06-17 ავტორი: Prime Time

კორონავირუსმა საქართველოში საქორწილო ბიზნესი გააკოტრა

კორონავირუსმა საქართველოში საქორწილო ბიზნესი გააკოტრა

კორონავირუსის პანდემიამ და მისი გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა, საქორწილო სალონების, საქორწინო კაბების გაყიდვისა და გაქირავების ბიზნესი სრულად ჩააგდო.

 

პანდემიის გამო, ასობით სადღესასწაულო ღონისძიება და ქორწილი დროებით გადაიდო, ან საერთოდ აღარ იმართება.

 

ამ ეტაპზე მხოლოდ ათკაციანი ქორწილების გადახდაა ნებადართული. იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულია იმ ადამიანების ვინაობაც, ვისაც დასწრება შეუძლია.

 

„პრაიმტაიმი“ საქართველოს მასშტაბით საქორწილო სალონების წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

 

ზუგდიდის სალონებში კორონავირუსის დროს საქორწილო წყვილების მომსახურება და პატარძლების წინასწარი ჩაწერის ბიზნესი მთლიანად ჩავარდა. ამის შესახებ სალონის მეპატრონეები „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებენ.

 

სალონ „სტილის“ მეპატრონე ელენე ფიფია ამბობს, რომ ბიზნესი ცოტათი ჩაუვარდათ.

 

„ჩვენი სალონი ქალაქის ცენტრშია. რომ დადიოდნენ მაგის ნახევარი არ დადის… ქორწილები და სუფრები რომ არ იმართება მაგის ბრალია. პატარა ნათლობისა და სუფრის დროს მოდის ხალხი და ისიც ცოტა. მანამდე ბევრი ჩაწერები გვქონდა პატარძლების, მაგრამ ამ პანდემიის გამო ყველა გადაიდო.

 

როცა ყველაფერი დალაგდება და ნორმალური ცხოვრება იქნება, მერე თანდათან ყველაფერი დალაგდება. ახლა კი რეკომენდაციის ყველა წესის დაცვით ვმუშაობთ. მთავარია ყველა ვიყოთ ჯანმრთელად“, -გვითხრა ელენე ფიფია.

ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის - ამირან გამყრელიძე
2020-05-23ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის - ამირან გამყრელიძე

 

საპატარძლოების სალონ „მარიფელში“ კი საპატარძლო კაბების ახალი კოლექცია მიიღეს, თუმცა ჯერ პატარძლები არ გამოჩენილან. სალონის მენეჯერის თქმით, მხოლოდ მოდელები ფოტოსესიისთვის თუ ირგებენ მათ კაბებს.

 

„იმედია დალაგდება ეპიდსიტუაცია და გვეყოლება პატარძლები,რომელსაც ადგილზე ყველა მომსახურებას გავუწევთ“, – გვითხრა მენეჯერმა.

 

საქორწილო სალონების წარმომადგენლები პანდემიის გამო ჩავარდნილ მუშაობაზე ქუთაისშიც ჩივიან. საქორწილო სალონ „მარიონელაში“ ამბობენ, რომ 15 მარტიდან ამ დრომდე მხოლოდ ერთი წყვილი მიიღეს.

 

„ჩვენ დავიკეტეთ 15 მარტიდან. ერთი წყვილი გვყავდა ცოტა ხნის წინ, ვიწრო წრეში ჰქონდა იმასაც ქორწილი და კაბა შევუკერეთ. ამ შეზღუდვების დარტყმამ გადაიარა ჩვენზე”, – ამბობს „მარიონელას“ მენეჯერი.

 

სალონში პანდემიამდე სულ 13 ადამიანი იყო დასაქმებული, თუმცა, იმის გამო, რომ მუშაობა არ აქვთ მხოლოდ მენეჯერი დარჩა.

 

„ქორწილი და დასასფლავება არ არის... ყვავილები გვილპება, როგორ უნდა გავყიდო“ - ზუგდიდელი მეყვავილეების გასაჭირი
2020-04-28„ქორწილი და დასასფლავება არ არის... ყვავილები გვილპება, როგორ უნდა გავყიდო“ - ზუგდიდელი მეყვავილეების გასაჭირი

 

კორონავურისის პადემიამ შემოსავლის გარეშე დატოვა ახალციხეში საქორწილო სტუდიებისა და სალონების თანამშრომლები.

 

ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდია „ანკა დეკორი“ შესაძლოა, დაიხუროს. მისი მეპატრონე „პრაიმტაიმთამ“ საუბრისას ამბობს, რომ მუშაობის განახლებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, თუმცა მასთან არც ერთი მომხმარებელი არ მისულა.

 

„რაც მუშაობა დავიწყეთ, ჯერ ერთი ადამიანიც კი არ მოსულა. ქორწილი არ არის, დაბადების დღე არ არის, ნათლობა არ არის და ვის უნდა საქორწინო ან სადღესასწაულო კაბები? გადასახადები, ხარჯი მაქვს ძალიან დიდი, ამხელა შენობას ვამუშავებ ტყუილად. ჩემთან არიან ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, მუსიკოსები და ისინიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. სტილისტები თმას მაინც ჭრიან და ორი კაპიკი აქვთ შემოსავალი, მაგრამ ვარცხნილობებზე ვერ მუშაობენ. ვფიქრობ, შეიძლება დავხურო და მაშინ გავხსნა, როცა ქორწილების გადახდას დაიწყებენ“, – გვითხრა სტუდია „ანკა დეკორის“ ხელმძღვანელმა ანაჰიტ კირაკოსიანმა.

 

წყვილმა ქორწილი Facebook live-ით გადაიხადა (ინგლისი)
2020-03-26წყვილმა ქორწილი Facebook live-ით გადაიხადა (ინგლისი)

 

ანალოგიურად, პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე საუბრობენ კიდევ ერთ საქორწილო სალონ „დიადემაში“.

 

„ორი ქორწილისთვის ვემზადებოდით, მაგრამ იმის გამო, რომ რესტორნებს აქვთ შეზღუდვა, საერთოდ გადაიფიქრეს ქორწილი.  ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება“, – ამბობენ „დიადემაში“.

 

თელავში, ერთ- ერთი საქორწინო სალონის მფლობელი, ლელა რუსიშვილი განმარტავს, რომ ამ ბიზნესის ჩავარდნის გამო ის, სულ მალე საქართველოს დატოვებას აპირებს.

 

„მეოთხე თვეა, საარსებო საშუალებაც კი აღარ მაქვს. ახლობელი შოგვეშველა, ისევ იმ ჩაკეტილი ევროპიდან. ვფიქრობ, რომ მალე, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, დავტოვო საქართველო. მოხუცის მოვლა მირჩევია, საარსებო თანხას მაინც გიხდიან. თუ დარბაზები არ გაიხსნება და საქორწინო ცერემონიებზე ეს აკრძალვები არ მოიხსნება, ჩვენს ბიზნესს არაფერი ეშველება.

 

ვიყავი დღეს ცოტა ხანს, მაგრამ დავკეტე და წამოვედი. არავითარი აზრი არ აქვს აქ ჯდომას. ახლა იმას ვფიქრობ, 150 დოლარი ქირა, რით უნდა გადავიხადო, მარტის თვიდან არ გადამიხდია“, – განაცხადა რუსიშვილმა.

 

საქორწინო კაბების დაქირავება, თელავში 300, ხოლო შეძენა 500 ლარამდე ჯდება.

 

კარანტინის მოხსნის შემდეგ, საქორწინო წყვილს არ მომსახურებიან არც სილამაზის სალონები.

 

„ერთ-ერთი სალონის თანამშრომლის, ნინო ნაცვლიშვილის განმარტებით, საქორწინო მაკიაჟით, ჯერ არავის უსარგებლია.

 

ჯერ არავინ გამოჩენილა, სანამ ქორწილების გამართვის ნებას არ მისცემენ, ათკაციანი სუფრისთვის, მაკიაჟს არავინ გაიკეთებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

საქორწინო მაკიაჟის ფასი, თელავის სილამაზის სალონებში, 80- დან 100 ლარამდე მერყეობს.

 

ქორწილების, ქელეხების და დაბადების დღეების გადახდა ჯარიმდება 
2020-06-08ქორწილების, ქელეხების და დაბადების დღეების გადახდა ჯარიმდება 

 

უახლოეს დღეებში აქციას გამართავენ მარნეულის მერიის შენობის წინ სილამაზის სალონების და საქორწილო კაბების მაღაზიების მეპატრონეები.   ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ განცხადა.

 

სალონის „ესტელლითას“ ფლობელის თარანა ნოვრუზოვას თქმით, მიუხედავად იმისა რომ , საქორწილო სალონების ბიზნესი არ მუშაობს, ყოველთვიურად უწევს სალონისა და საქორწილო კაბების ფართის თანხის გადახდა. ამბობს რომ  ბანკიდან 100000 ლარი აქვს გამოტანილი და თუ არ ამუშავდა სალონი ვალებს ვერ გადაიხდის.

„ჩვენი ბიზნესი 18 მარტიდან არის შეჩერებული, მაღაზია და სილამაზის სალონი გვერდი-გვერდ მაქვს, ქორწილები არ არის და რა თქმა უნდა, არც მომხმარებლები არ გვყავს. სოფლის ხალხი სალონებში ძირითადად ქორწილების დროს მოდიან. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ მარნეულში ვინც ამ ბიზნესით ვართ დაკავებულები  ქალაქის მერიის წინ აქციას გავმართავთ. 18 მარტიდან შემოსავალი არაფერი  მაქვს  თუმცა  გადასახადს ვიხდი. ყველა ასეთ რთულ მდგომარეობაშია“, – ამბობს თარანა ნოვრუზოვა.

 

აქციას რომელიც სილამაზის სალონებისა და საქორწილო კაბების მეპატრონეებმა დააანონსეს  მარნეულელი ფოტოგრაფები და ვიდეო ოპერატორებიც შეუერთდებიან, მარნეულელი ფოტოგრაფი დურსუნ ალაგეზოვი საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრია და  ამბობს,  რომ დაანონსებულ აქციას კოლეგებთან ერთად აუცილებლად შეუერთდება.

 

„მე ამ აქციაზე აუცილებლად წავალ. ყველა ვინც საქორწილო ღონისძიებაში ვმონაწილეობთ, ფოტო და ვიდეო გადამღები თუ სალონების და კაბების მაღაზიების მეპატრონეები, თვეებია შემოსავლის წყაროს გარეშე ვართ დარჩენილები“, – ამბობს დურსუ ალაგეზოვი.

„მთავარი ერთად ყოფნა იყო და არა დიდი სუფრა“ - ინტერვიუ ველოსიპედიან პატარძალთან
2020-04-26„მთავარი ერთად ყოფნა იყო და არა დიდი სუფრა“ - ინტერვიუ ველოსიპედიან პატარძალთან

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +