00:25 | 2021-09-10 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის შტამების ჩამონათვალს კიდევ ორი ახალი ვარიანტი შეემატა – რა უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის შტამების ჩამონათვალს კიდევ ორი ახალი ვარიანტი შეემატა – რა უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის შტამების ჩამონათვალს კიდევ ორი ახალი ვარიანტი შეემატა. ბოლო პერიოდში მეცნიერებისა და ექსპერტების ყურადღება კოვიდის ორმა – სამხრეთ აფრიკულმა (C.1.2.) და კოლუმბიურმა (Mu) შტამებმა მიიპყრო.


კოვიდის ახალ  შტამებს მეცნიერები დაკვირვებით და დიდი სიფრთხილით სწავლობენ.

 

|კოვიდის კოლუმბიური Mu შტამი – რა ვიცით

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალ ე.წ. Mu მუტაციას სწავლობს.

 

კოვიდის Mu იგივე B.1.621 შტამი პირველად იანვარში, კოლუმბიაში აღმოაჩინეს.  აღსანიშნავია, რომ WHO-მ Mu ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიას უკვე მიაკუთვნა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  ახალი შტამის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ისევე, როგორც ეს დელტა და ალფა ვარიანტების დროს მოხდა, რომლებმაც შესწავლის შემდეგ „შემაშფოთებული ვარიანტების“ სიაში გადაინაცვლეს.

 

WHO-ს  მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Mu ვარიანტს ისეთი მუტაციები აქვს, რომელმაც ის, შესაძლოა, ვაქცინების მიმართ რეზისტენტული გახადოს. თუმცა, ამის დაზუსტებას ჯერ კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება.

 

ამ დროისთვის Mu ვარიანტის შემთხვევები სამხრეთ ამერიკასა და ევროპაშია გამოვლენილი.

 

|კოვიდის სამხრეთ აფრიკული (C.1.2.)  მუტაცია

 

 

კოვიდის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი (C.1.2.) პირველად მაისში აღმოაჩინეს. ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც medrxiv-ზე გამოქვეყნდა,  ამ დროისთვის ვირუსის C.1.2. ვარიანტი  7 ქვეყანაშია გამოვლენილი (კონგო, მავრიკი, ახალი ზელანდია, პორტუგალია და შვეიცარია).

 

WHO-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, მარია ვან კერჰოვეს განცხადებით, ვირუსის C.1.2 შტამის აღმოჩენის შემდეგ, ჯერჯერობით მსოფლიოში სამხრეთ აფრიკული მუტაციის 100 შემთხვევაა დადასტურებული.

 

სამხრეთ აფრიკის გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NICD) განცხადებით, კოვიდის  C.1.2. ვარიანტს ყურადღების მიქცევა და შესწავლა  სჭირდება. მათივე თქმით, დღესდღებით სამხრეთ აფრიკაში ვირუსის სხვა ვარიანტებზე მეტად  მაინც დელტა შტამი დომინირებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) კოვიდის სამხრეთ  აფრიკული მუტაცია ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიისთვის ჯერ არ მიუკუთვნებია.

 

ექსპერტების თქმით, C.1.2 ვარიანტს დელტა შტამის მსგავსი მუტაციები აქვს.

 

„სამხრეთ აფრიკული შტამი შეიცავს ისეთ მუტაციებს, რომლებსაც წინა შტამებშიც შევხვედრივართ და რომლებიც შემდეგ ჯანმოს ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიაში მოხვდნენ. ჯერჯერობით მას ყურადღებით ვაკვირდებით და შემდეგ გადავწყვეტთ როგორ ჯობს მოქცევა. გადამწყვეტი მაინც იმის გაგებაა, რამდენად შეუძლია დაუსხლტეს ვაქცინას, ასევე რა სისწრაფით ვრცელდება ის“,- განაცხადა სიდნის კლინიკური სკოლის წარმომადგენელმა, მეგან სტეაინმა The Guardian-თან საუბარში.

 

სამხრეთ აფრიკის გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრის, პენი მურის თქმით, ჯერჯერობით იმის თქმა, რომ C.1.2 შტამი ანტისხეულების მოქმედების უნარს ასუსტებს, არ შეიძლება. როგორც პენი აღნიშნავს, ვარიანტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამე არაა ცნობილი და კვლევის პროცესშია. განაგრძეთ კითხვა

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!