15:19 | 2020-03-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“კორონავირუსის დროს პირველად დავინახე მომღიმარი გერმანელი მეზობლები” – რეზო ჩხიკვიშვილი “პრაიმტაიმს” გერმანულ თვითიზოლაციაზე უყვება

გერმანიაში მოღვაწე მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი, ისევე როგორც ნახევარი მსოფლიო, სახლშია. მისთვის ამ უჩველო მდომარეობაში უკვე მეხუთე დღეა. ამბობს, რომ ბევრი საქმე აქვს, ეჩვენება, რომ დროც ჩქარა გადის. კითხულობს, მუსიკას დიდ დროს უთმობს, ველოსიპედით მოძრაობს, პარკში სეირნობს. მსახიობი „პრაიმტაიმს“ ქალაქ ესენიდან თავის გეგმებსა და კორონავირუსის მიერ შეცვლილ სამყაროზე ესაუბრა.

 

რეზო ჩხიკვიშვილი: – ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს, 10 მარტს მირეკავს თეატრის დირექტორი და მეუბნება, რომ სპექტაკლი, რომლის ბილეთები სეზონის ბოლომდე სულ გაყიდული იყო და 13 მარტს უნდა გვეთამაშა, სხვა სპექტაკლებთან ერთად იხსნებოდა რეპერტუარიდან და საერთოდ, თეატრი წყვეტდა მუშაობას. ასე მივიღე პირველი შოკი! ვინაიდან სახელმწიფო თეატრში ვარ, ხელფასს, ალბათ მივიღებ, თუმცა ვერ გეტყვით, რა იქნება სამი თვის შემდეგ. მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. მაგრამ რამდენი ხელოვანია გერმანიში თვითდაფინანსებით რომ მუშაობს, მათ ძალიან გაუჭირდებათ…

 

ესენში რა მდგომარეობაა?

 

– ჩემს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ გამოცხადებულა. მთავრობა უარზეა. ბევრგან, მათ შორის ბავარიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჩემი სახლის წინ დიდი პარკია. ფანჯრიდან ვხედავ პოლიციის მანქანები რომ დადიან, თუმცა ხალხს არ შლიან. ასეთი სიტუაცია არ არის. სიმშვიდეა. ხალხი ემორჩილება მთავრობისა და ჯანდაცვის რეკომენდაციებს. ყველანი ვხვდებით და ვაანალიზებთ, რა სერიოზულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გავიმარჯვებთ ფიზიკურად ერთად არყოფნით, მაგრამ მორალური თანადგომით. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. ყველამ უნდა გადაინაწილოს ტვირთი, გავუფრთხილდეთ ჩვენსა და სხვის ჯანმრთელობას. ხანდახან არაფრის კეთებით შეიძლება რაღაც დიდი გააკეთო. გერმანელებს აქვთ გამოთქმა, „ნაკლები არის მეტი“. არავინ გვთხოვს ფრონტის წინა ხაზზე ვიომოთ, გვთხოვენ სახლში დავრჩეთ და ამით გადავარჩინოთ ერთმანეთი.

ახლა პარკი ფაქტობრივად ცარიელია. ქალაქს ველოსიპედით წრეს ვარტყამ. ვსეირნობ. უჩვეულოა ის, რომ დატვირთული გრაფიკიდან ასეთ რეჟიმზე გადავედი. თვითიზოლაციაში ვარ. მოვუწოდებ ეს ყველამ გააკეთოს. ეს არის გადარჩენის მთავარი ფორმა. დადებითია ის, რომ რამხელა დროს ვუთმობთ ერთმანეთს. ქალაქები განიტვირთა, ვენეციაში წყალს თავისი ფერი დაბრუნებია. დელფინები გამოჩენილან…
ამდენი თავისუფალი დრო ცხოვრებაში არ მქონია და მინდა ეს დრო არა მოვკლა და მოვიწყინო, არამედ მსურს ის პროდუქტიულად გამოვიყენო. ყველა იმ ადამიანთან აღვადგინო კონტაქტები, ვისთან ურთიერთობაც მიხარია, მაგრამ ამ ურთიერთიბისთვის ვერ ვიცლიდი. მეტი დრო დავუთმო ურთიერთობას საკუთარ შვილებთან, მეუღლესთან, ვიკითხო წიგნები… ლაშა ბუღაძის რაღაც ნაწარმოებები წავიკითხე. ნინო ხარატიშვილის წიგნი „მერვე სიცოცხლე“ რთული წასაკითხია, მაგრამ უნდა წავიკითხო. გერმანელები ამ წიგნზე გაგიჟებულები არიან. ჩემი თეატრი ამ ნაწარმოების დადგმას აპირებს. სხვათა შორის, თეატრმა მსახიობებს გვთხოვა, მაყურებელთან კონტაქტი რომ არ გავწყვიტოთ, სახლში გადავიღოთ ვიდეო, თუ რას აკეთებს ხელოვანი, როცა გარეთ ასეთი პრობლემაა და მას სახლში ყოფნის დრო აქვს. მერე ეს ვიდეოები განთავსდება ჩვენი თეატრის გვერდზე.

აქ ცხოვრების დროს მუსიკა, რომელიც მანამდე ჩემი ჰობი იყო, ახლა უკვე ჰობიზე მეტი გახდა. მუსიკა ჩემი სულიერი საზრდოა. დროს დავუთმობ ახალი მელოდიების შექმნას.

 

საქართველოში ჩამოსვლაზე არ გიფიქრიათ?

– პირველი, რაზეც ამ დროს გავიფიქრე, ეს იყო სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნება. საქართველომ კარგად მოახერხა ამ პროცესებთან გამკლავება. ჩემი ქვეყნით ვამაყობ, რომელსაც ბევრი ძლიერი ქვეყანა სამაგალითოს უწოდებს. მინდა განსაცდელის ჟამს ჩემს ხალხთან ერთად ვიყო, გავამხნევო, სითბო და პოზიტივი გადავცე. მახსოვს, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოში რომ ჩამოვედი, (ფონდ „იავნანას“ მოწვევით) „ქალაქური მელოდიების“ მესამე სპექტაკლი უნდა გვეთამაშა. მეორე დღეს ომი დაიწყო. ამან, რა თქმა უნდა, ჩემში დიდი აღელვება გამოიწვია, მაგრამ გულით გეუბნებით – ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთ დროს ჩემს სამშობლოში ვიყავი, ჩემს ხალხთან ერთად, ჩემი ხალხის გვერდით.

 

ბატონო რეზო, თქვენი აზრით, რა კუთხით შეიცვლება სამყარო კორონავირუსის შემდეგ?

 

– ჩემი აზრით, სამყარო სხვანაირი უნდა გახდეს. ამ მოვლენამ ხალხი უნდა დააფიქროს. თანამედროვე სამყარო წამში შეცვალა ერთმა ვირუსმა. დედამიწის ზურგზე არავინ არაფრისგან დაცული არ არის. ეს გამოწვევა ბევრი ფასეულობის გადაფასებას მოიტანს. ბოლო წლებში მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ეს პროცესი შეუჩერებელი ჩანდა. ახლა უკვე ყველა ვხვდებით, რომ უფრო მნიშვნელოვან რამეებზე უნდა ვიფიქროთ. პირველი საფიქრალი ადამიანი და მისი ჯანმრთელობაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში სიყვარული, ოჯახი, მეგობრები, ურთიერთპატივისცემა და ერთსულოვნებაა. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. მიხარია, რომ ამ ვითარებაში გერმანიაში ადამიანებს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დათბა. ქართველებს აქ ისედაც თბილი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის დროს აივანზე პირველად დავინახე ის მეზობლები, რომლებიც ათი წელია არ დამინახავს, საერთოდ არ ვიცნობდი. მომღიმარი სახით ერთმანეთს ესალმებიან და როგორ ხართო, ეკითხებიან… ეს საოცრებაა. მგონი, მალე ყვავილებსაც ესვრიან ერთმანეთს.

 

აქეთ თეატრი მწერს, მოგვენატრეთო… გესმით? მუშაობა ძალიან სტრესულად მიდის, ქარხნული სისწრაფით. ყოველ ოთხ კვირაში სპექტაკლი იდგმება, რეპეტიცია, რაც ასპროცენტიან ჩართულოობას და ხარისხს ითხოვს. და ახლა, როგორ ხართ, მოგვენატრეთო, მწერენ. ასე შეიცვალა დამოკიდებულებები.

 

მე მჯერა, რომ ღირსეულად გამოვალთ ამ განსაცდელიდან, რომელიც ჩვენ უკეთეს ადამიანებად გვაქცევს.
ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ. ერთად დგომით ჩვენ ერთად დავამარცხებთ კორონავირუსს. მიყვარხართ და მენატრებით…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X