13:53 | 2020-04-06 ავტორი: Prime Time

კორონავირუსი და ორსულობა, ის რაც უნდა ვიცოდეთ – ჟორდანიას კლინიკის რეკომენდაციები

კორონავირუსი და ორსულობა, ის რაც უნდა ვიცოდეთ – ჟორდანიას კლინიკის რეკომენდაციები

რას ნიშნავს კორონავირუსი ორსულთათვის? და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებზე მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი, ნანა ჯანელიძე საუბრობს.

 

– შედის თუ არა ორსული მაღალ რისკ ჯგუფში კორონავირუსით დაინფიცირების თვალსაზრისით?

 

– არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ორსული ქალი ზრდასრულ ადამიანზე მეტად არის COVID ინფექციით დაინფიცირების რისკ ჯგუფში.

 

ასევე ამ კუთხით არ არსებობს საკმარისი რაოდენობის მონაცემი.

 

გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე მცირე რაოდენობით შემთხვევებია დაფიქსირებული,  მათზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა ძალიან რთულია.

 

გრძელვადიანი გამოცდილებით, რომელიც დამყარებულია გრიპისა და SARS ვირუსების ეპიდემიოლოგიურ მონაცემთა ანალიზზე, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულები, შესაძლოა იყვნენ უფრო მოწყვლადი ჯგუფი მწვავე რესპირატორული სიმპტომების განვითარების კუთხით, ვიდრე ინფიცირებული რეპროდუქციული ასაკის პაციენტები.

 

ეს იმიტომ, რომ ორსულებს ისედაც აქვთ გახშირებული გულისცემა, შემცირებული ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა და ცვლილებები იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.

 

კორონა ვირუსით ინფიცირების დროს შესაძლოა იყოს თვითნებითი აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის მომატებული რისკი.

 

უცნობია ვირუსის გავლენა ნაყოფზე იმ ქალებში, რომელთა ინფიცირება ხდება გესტაციის ადრეულ ვადაზე. არ არსებობს შესაბამისი მონაცემები, რადგან ქალებს, რომელთა დაინფიცირება მოხდა პირველ ტრიმესტრში, ჯერ არ უმშობიარიათ.

 

RCOG (the Royal College of Obstetricians and Gynaecologists) მონაცემებით სავარაუდოა, რომ ორსულთა უმრავლესობას, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ექნება გრიპისა და გაციებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი და/ან საშუალო სიმძიმის კლინიკური სიმპტომები.

 

დღემდე, არ დაფიქსირებულა COVID-19–ით ინფიცირებული ორსულის ფატალური შემთხვევა.

 

– რას ნიშნავს კორონავირუსი ნაყოფისთვის და ბავშვებისთვის?

 

– ვირუსი აღმოჩენილი არ არის ამნიონურ სითხეში, ჭიპლარის სისხლში, პლაცენტარულ ქსოვილებში, ხსენსა და დედის რძეში.

 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯერ–ჯერობით, ვირუსის ვერტიკალური ტრანსმისია(დედიდან ნაყოფზე გადაცემა) არ დაფიქსირებულა.

 

აღწერილია მინიმუმ ორი შემთხვევა, როდესაც ჩვილებში გამოვლინდა კორონავირუსული ინფექცია.

 

თუმცა, მიიჩნევენ, რომ ინფიცირების გზა იგივეა, რაც მოზრდილებში – წვეთოვანი გადაცემის გზა, რაც აიხსნება ინფიცირებულ დედასთან ახლო კონტაქტით.

 

მარტის შუა რიცხვებამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ბავშვები ინფიცირდებოდნენ ძალიან იშვიათად და ვირუსული ინფექციის მიმდინარეობა იყო მსუბუქი.

 

უკანასკნელი კვლევით, რომელიც ჩატარდა ჩინეთში 2100 ბავშვზე, დადგინდა რომ 6% ინფიცირდება და მათში ვირუსის მიმდინარეობა არის საშუალო ან კრიტიკული.

 

მძიმე პაციენტების უმრავლესობა იყვნენ 5 წლამდე ასაკის და ამ პაციენტთა მესამედი – წლამდე ასაკის.

 

– ორსულობის შემთხვევაში როგორ უნდა დავიცვათ თავი?

 

– ზოგადი რეკომენდაციები იგივეა, რაც არაორსულის შემთხვევაში: ეცადეთ გაიძლიეროთ იმუნური სისტემა და მაქსიმალურად აარიდოთ თავი საფრთხის შემცველ გარემოს.

 

დაიცავით სოციალური დისტანცირება, ხშირად დაიბანეთ ხელები.

 

იმ შემთხვევაში, თუ ორსულს არ აქვს გაკეთებული სეზონური გრიპის აცრა, რეკომენდებულია ვაქცინაცია, რათა იმუნური სისტემა იყოს მომზადებული.

 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გრიპის ვაქცინაცია უსაფრთხოა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდშიც.

 

ორსულებმა, რომლებსაც აქვთ თანდართული ქრონიკული მდგომარეობა.

 

მაგალითად გულის ან ფილტვების დაავადებები, ასევე ვინც იმყოფება მესამე ტრიმესტრში, რეკომენდებულია იმუშაონ სახლიდან online რეჟიმში, რა თქმა უნდა თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.

 

– შეიძლება თუ არა ორსულმა გამოტოვოს გეგმიური ანტენატალური ვიზიტი?

 

– არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა სიხშირით უნდა იაროს ორსულმა ანტენატალურ ვიზიტებზე შექმნილ პანდემიურ სიტუაციაში.

 

თუმცა, რეკომენდებულია ანტენატალური ვიზიტების შეზღუდვა, თუ ამისი განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს. ეცადეთ ვიზიტზე წახვიდეთ მარტო და მომზადებული, რათა ვიზიტის ხანგრძლივობა იყოს მაქსიმალურად მცირე.

 

ორსულობის ადრეულ ვადაზე, ანტენატალური ვიზიტები უნდა დაიგეგმოს ყოველ 6 კვირაში (4-ის ნაცვლად).

 

ხოლო ორსულობის მე-9 თვეში, როდესაც ორსული რუტინულად ყოველ კვირა იღებს სამეანო რეკომენდაციებს, მნიშვნელოვანია შემცირდეს ექიმთან ვიზიტების რაოდენობა.

 

ფიზიოლოგიური ორსულობის დროს რეკომენდებულია შეიზღუდოს ულტრასონოგრაფიული კვლევის სიხშირეც.

 

რჩება მხოლოდ ორი აუცილებელი ულტრასონოგრაფიული კვლევის საჭიროება: პირველი გესტაციის 11-დან 13 კვირამდე, ნაყოფის გენეტიკური ანომალიების სასკრინინგოდ და მეორე – გესტაციის 18-დან 22 კვირამდე, ორგანოგენეზის შესამოწმებლად.

 

განსხვავებულია რეკომენდაციები გართულებული ორსულობის შემთხვევაში. თითოეული სამედიცინო შემთხვევა უნდა იმართოს ინდივიდუალურად, რისკის სიმძიმიდან გამომდინარე.

 

36 კვირის ორსულისა და ორსულის მაღალი არტერიული წნევით, დიაბეტით, ასთმით ან ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში, შეუძლებელია სამედიცინო მენეჯმენტი განხორციელდეს ერთნაირად.

 

– თუ გეგმავთ ორსულობას, შეგიძლიათ თუ არა გააგრძელოთ მკურნალობა?

 

– სამწუხაროდ, პაციენტთა უმეტესობისთვის პასუხი არის – არა. ASRM-ის  (the American Society of Reproductive Medicine) რეკომენდაციით რეპროდუქციულმა კლინიკებმა უნდა შეწყვიტონ in vitro განაყოფიერების,  საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისა და კვერცხუჯრედის გაყინვის პროცესები.

 

რეკომენდებულია ემბრიონის გადატანისა და ემბრიონის გალღობა-გადატანის პროცესების შეჩერებაც. ასევე მაქსიმალურად იზღუდება გეგმიური და დიაგნოსტიკური პროცედურები.

 

თუ პაციენტებს  უკვე დაწყებული აქვთ ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ემბრიონის გადატანის მომზადების ციკლი, თეორიულად შესაძლებელია დაასრულონ მკურნალობის პროცესი.

 

გამონაკლისია ასევე ის პაციენტები, რომლებსაც ურგენტულად ესაჭიროებათ საკვერცხეების სტიმულაცია ფერტილობის შენახვის მიზნით.

 

მკაცრი რეკომენდაციებია მიღებული არა მხოლოდ ASRM-ის, არამედ სხვა კლინიკების მიერაც, რომლებიც იმ პაციენტთა მკურნალობასაც კი წყვეტენ, ვისი ემბრიონის გადატანაც უკვე დაგეგმილი იყო.

 

მკურნალობის პროცესების განახლება დამოკიდებულია ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

მანამდე კი, პაციენტებს ურჩევენ გაითვალისწინონ მკურნალი ექიმის ზოგადი რეკომენდაციები ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

 

– რა უნდა გააკეთოთ თუ ორსულობის დროს აღმოაჩინეთ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები?

 

– თუ აღმოაჩენთ COVID-19-ისთვის დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომებს აუცილებლად მიმართეთ შესაბამის დაწესებულებას.

 

ჯანდაცვის მუშაკი გადაწყვეტს უნდა გაიაროთ თუ არა ტესტირება COVID-19-ზე. ხოლო ინდივიდუალური შეფასების შემდეგ მოგეცემათ რეკომენდაცია თვითიზოლაციაზე ან ჰოსპიტალიზაციაზე.

 

თვითიზოლაციის პირობებში, თუ აღმოაჩენთ სუნთქვის გაძნელებას, მიმართეთ სამეანო გადაუდებელ სამსახურს.

 

COVID-19-ით ინფიცირება არ არის საკეისრო კვეთის ჩვენება. საკეისრო კვეთის ჩვენებები ერთნაირია ინფიცირებულ და არაინფიცირებულ პაციენტებში.

 

– როგორ უნდა მოვიქცეთ საეჭვო ან ინფიცირებული ორსულის მშობიარობის შემდეგ?

– დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით დედა და ახალშობილი უნდა დაშორდნენ ერთმანეთს მშობიარობიდან მინიმუმ 14 დღის განმავლობაში.

 

თუ დედისა და ჩვილის სრული იზოლაციის პირობები არ არსებობს, რეკომენდებულია მათი დისტანცირება მინიმუმ 2 მეტრზე.

 

დედის ტესტირების შემდეგ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დედისა და ჩვილის იზოლირება აღარ არის საჭირო.

 

შედარებით მსუბუქია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის რეკომენდაციები დედისა და ჩვილის იზოლირებასთან დაკავშირებით.

 

იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ დედის რძეში არ არის აღმოჩენილი ვირუსი, ისინი მოუწოდებენ პაციენტებს ძუძუთი კვების საჭიროებაზე.

 

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ძუძუთი კვება ახალშობილთა იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაზე დადებითად მოქმედებს.

 

გასათვალისწინებელია, რომ ძუძუთი კვების დროს ინფიცირებული დედა უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი.

 

– რა უნდა გააკეთოს პაციენტმა მშობიარობის შემდგომ ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

 

– მშობიარობის შემდგომ, ლოგინობის პერიოდში, პაციენტებს აქვთ სიკვდილობისა და გართულებების მაღალი რისკი.

 

სოციალური დისტანცირებისა და იზოლაციის პირობებში, ეს რისკი უფრო იმატებს. მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოთ ისეთი სიმპტომების გამოჩენისას, როგორებიცაა: თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ცხელება და შეშუპება.

 

გარდა კორონავირუსული ინფექციისა, ეს სიმპტომები დამახასიათებელია მშობიარობისშემდგომი პრეეკლამფსიის, ინფექციის, თრომბოზისა და გულის პრობლემებისთვის, რომლებიც პოტენციურად სასიკვდილო გართულებებია.

 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არ გააცდინოთ მშობიარობის შემდგომი, ე.წ მეოთხე ტრიმესტრის ვიზიტი ექიმთან.

 

თუ ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ გაძლევთ, გაიარეთ online კონსულტაცია.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები