16:53 | 2020-06-22 ავტორი: თამარ გონგაძე

კონსერვატორიაში მისაღები გამოცდები რეგულაციების დაცვით ტარდება

კონსერვატორიაში მისაღები გამოცდები რეგულაციების დაცვით ტარდება

20-21 ივნისს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალის ფაკულტეტის სტუდენტების მისაღები გამოცდები ჩატარდა. ფაკულტეტზე 10 სტუდენტი მიიღეს, ხუთი უფასო კურსზე სასწავლებლად, ხუთიც – ფასიანზე.

 

პანდემიური შეზღუდვების გათვალისწინებით მომღერალ აბიტურიენტებს მისაღებ გამოცდაზე შირმის უკან უნდა ემღერათ. თუმცა საბოლოოდ, კონსერვატორიის რექტორის, ნანა შარიქაძის გადაწყვეტილებით გამოცდები ჩვეულებრივი ფორმით ჩატარდა. აბიტურიენტებმა წინა საგამოცდო რეპეტიციები რეგულაციის დაცვით გაიარეს – შირმის მიღმა მღეროდნენ.

 

გამოცდაზე პიანისტს ეკეთა პირბადე, აბიტურიენტი კი მისგან დისტანციით იდგა. მისაღები გამოცდის კომისიის წევრებიც – გოგი ჭიჭინაძე (დირიჟორი), თამარ ივერი (სოპრანო, მომღერალი) და სვეტლანა ეგოროვა (კათედრის პედაგოგი) ერთმანეთისგან დისტანციურად ისხდნენ. ივერი კონსერვატორიის კომისიის წევრებს შორის უკვე მეოთხეჯერ არის. როგორც ამბობს, ივლისში მაგისტრანტების შეფასებაც მოუწევს.

 

2020-06-19"დედიკო, ჩემო ცხოვრებავ, არ დამტოვო" - თამარ ივერის ემოციური მიმართვა დედას

 

თამარ ივერი: – როდესაც მომღერალს კომისია აფასებს, მის არტისტიზმს, ჟესტებს, გამომეტყველებას უნდა ხედავდეს. ფარდის უკან ნამღერის შეფასება შეუძლებელია. კარგია, რომ ქალბატონმა ნანა შარიქაძემ მიიღო გადაწყვეტილება და შირმის უკან არ მღეროდნენ აბიტურიენტები.

 

სამი-ოთხი პერსპექტიული მომღერალი აღმოვაჩინეთ. მისაღებ გამოცდაზე, შესაძლებელია, აბიტურიენტის ოსტატობაზე დახუჭო თვალი და პრიორიტეტი ხმას და მასალას მიანიჭო. ხმაა მომღერლის ძირითადი ფუნდამენტი. ამის დახვეწაზე მერე ის ხუთი წელი მუშაობს. მაგრამ როდესაც მომღერალი კონსერვატორიას ამთავრებს, იქ უკვე ლამაზი ხმისთვის ვეღარ დავუწერ მაღალ ნიშანს. ამ დროს უკვე ოსტატობა გადადის პირველ ადგილას.

 

როდესაც აბიტურიენტი ინდიფერენტულად ეპყრობა სცენაზე დგომას, ან ჯინსით მოდის, ან ყოველგვარი გამომსახველობის გარეშე, მოვალეობის მოხდის მიზნით მღერის, ასეთების მიმართ მკაცრი შეფასებით შემოვიფარგლები ხოლმე. და დაბალ ნიშანს ვწერ. თუ მომღერალი გინდა გახდე, როგორც შაქარი ბოლომდე დნება წყალში, ასე ბოლომდე უნდა დაიხარჯო.

 

მე მიყვარს კონსერვატორიის კედლები, მეც აქ გავიზარდე. მე და ამჟამინდეილი რექტორი, ნანა შარიქაძე ერთად ვსწავლობდით, ერთ დროში. ის საფორტეპიანოზე, მე – ვოკალზე. ერთი თაობის შვილები ვართ და ვიცით, რა კუთხით უნდა წავიყვანოთ საშემსრულებლო და ვოკალური ხელოვნება. ჩვენ ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ.

 

სიამოვნებით ვთანამშრომლობ კონსერვატორიასთან. თუკი მე მსოფლიოს საოპერო სცენებიდან მიღებული გამოცდილება-შთაბეჭდილებებით შემიძლია კონსერვატორიას დავეხმარო, რა თქმა უნდა ძალებს არ დავიშურებ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X