fbpx
16:25 | 2020-10-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი ამ ინფექციას „გამორჩეული“ არ ჰყავს“ – კორონავირუსის მსხვერპლთა ასაკობრივი მონაცემები „გაახალგაზრდავდა“?!

„კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი ამ ინფექციას „გამორჩეული“ არ ჰყავს“ – კორონავირუსის მსხვერპლთა ასაკობრივი მონაცემები „გაახალგაზრდავდა“?!

პანდემიის დასაწყისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კატეგორიულად აცხადებდა, რომ ახალი კორონავირუსი განსაკუთრებით სახიფათო იყო ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

 

საქართველოში ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 1 თვე და 1 კვირა ქვეყანა ეპიდემიას ლეტალობის გარეშე უმკლავდებოდა. პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა. ეს იყო 70 წელს გადაცილებული პაციენტი. საქართველოსთვის ეს შემთხვევა იმის დასტური იყო, რომ პანდემიამ რეალურად ჩვენთანაც შემოაღწია.

 

„საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა კოვიდპაციენტი გარდაიცვალა“ –  ასეთი შინაარსის ფრაზა კი პირველად 18 მაისს გაიჟღერა. ეს იყო 45 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომების გარდა, ანამნეზში სხვა ქრონიკული დაავადებები უფიქსირდებოდა. ის „ყველაზე ახალგაზრდა კოვიდგარდაცვლილად“ 5 თვის განმავლობაში დარჩა.

 

15 ოქტომბრიდან კი კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში სხვა უფრო ნაკლები ასაკის ადამიანთა მონაცემები გამოჩნდა. დინამიკამ საზოგადოებაში ღელვა გამოიწვია:

 

15 ოქტომბერი – ბათუმში კორონავირუსით 42 წლის ქალი გარდაიცვალა.

 

20 ოქტომბერი – კვლავ ბათუმში, კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა, 40 წლის ქალი გარდაიცვალა.

 

30 წლამდე კოვიდპაციენტის გარდაცვალების მიზეზად ჭარბი წონა და სხვა თანხმხლები დაავადებები სახელდება - ახალი დეტალები
2020-10-2130 წლამდე კოვიდპაციენტის გარდაცვალების მიზეზად ჭარბი წონა და სხვა თანხმხლები დაავადებები სახელდება - ახალი დეტალები

 

21 ოქტომბერი: გარდაიცვალა 30-წლამდე ახალგაზრდა ქალი. ის ისე დაიღუპა, რომ არც კი იცოდნენ ინფექციის შესახებ. კორონავირუსი მას გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურდა.

 

ამ ფონზე აქტუალური გახდა კითხვა, ხომ არ „გაახალგაზრდავდა“ კორონავირუსი?!

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა ასაკობრივ ჯგუფშია, მათ შორის ადრეული ასაკის ბავშვებშიც კი. შესაბამისად, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი ამ ინფექციას „გამორჩეული“ არ ჰყავს.

 

„მსოფლიოში ახალგაზრდების გარდაცვალება პროცენტულად იშვიათია, ამიტომ ჩვენთან ეს მინიმალური გამოდის. ადამიანის გარდაცვალებაზე პროცენტებში ხომ ვერ ვისაუბრებთ? ეს მისი ოჯახისთვის 100%-ზე მეტია და ისეთი დანაკარგია, ვერავინ აუნაზღაურებს.

 

აშშ-ში ანტონი ფაუჩის ინსტიტუტმა კრიტიკულად მძიმე პაციენტებზე კვლევა ჩაატარა, შეისწავლეს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა ინფიცირებული და შეეცადნენ გარკვევას, რატომ მოხდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, რამე თავისებურება ხომ არ არსებობდა. 

 

შემთხვევების 20%-ში გაირკვა, რომ ასეთ ადამიანებს რომლებსაც არც თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და სხვა რისკ-ფაქტორი, ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო მებრძოლი ნივთიერება – ინტერფერონი აღმოაჩნდათ. ეს ადამიანის შინაგანი ინტერფერონის საწინააღმდეგო ანტისხეულებია, ანუ იმუნოდეფიციტის ფორმა.

 

რამდენ ხანს აღარ დაინფიცირდება კორონავირუსით კოვიდგადატანილი პაციენტი - გამყრელიძის განმარტება
2020-10-21რამდენ ხანს აღარ დაინფიცირდება კორონავირუსით კოვიდგადატანილი პაციენტი - გამყრელიძის განმარტება

 

ეს მეცნიერულად ახსნადი კი არის, მაგრამ ჯერ ცოტა დროა გასული, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ლაბორატორიულად არა, მაგრამ მეცნიერულად ჩანს, რომ ამ ადამიანების იმუნურ სისტემაში გარკვეული ნაკლოვანებები იძებნება. ასე რომ ვერ ვიტყვით, რომ კორონავირუსი „გაახალგაზრდავდა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

ინფორმაციისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 6 კვირის ბავშვია. ბავშვი აშშ-ის ერთ-ერთ შტატში გარდაიცვალა. გაუგებარია, ჰქონდა თუ არა მას რაიმე სხვა გართულებები.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X