21:00 | 2020-05-20 ავტორი: Prime Time

კომუნიზმის დაუსჯელი ცოდვები – გზა თანასწორობიდან დიქტატურამდე

კომუნიზმის იდეა და რეალობა

 

კომუნიზმს ფილოსოფოსთა უდიდესი ნაწილი უტოპიურ მოძღვრებად მიიჩნევდა და ის დღემდე ასეთად დარჩა.

 

უკლასო საზოგადოების შექმნის იდეა ჯერ კიდვ ანტიკურ ხანაში, პლატონმა წამოჭრა. მისი აზრით, „რესპუბლიკაში“ უნდა შექმნილიყო იდეალური ქალაქი, სადაც ხალხს ვერც ფული, ვერც ძალაუფლება გახრწნიდა და ყველაფერს სიბრძნე, გონიერება და სამართლიანობა წარმართავდა.

რეალური ომი: აშშ, რუსეთი, ჩინეთი - ვინ დაიპყრობს კოსმოსს?
2020-05-09რეალური ომი: აშშ, რუსეთი, ჩინეთი - ვინ დაიპყრობს კოსმოსს?

 

 

მას შემდეგ, პირველად, მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა მისი პრაქტიკაში განხორციელების საშუალება საბჭოთა კავშირის ბაზაზე, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, კომუნიზმი პრაქტიკაში არსად არ დამყარებულა.

 

კომუნიზმი, ყველაზე ფუნდამენტურად თავიანთ ნაშრომებში მე-19 საუკუნის გერმანელმა ფილოსოფოსებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა აღწერეს. მათ ჩამოაყალიბეს ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება, რომელსაც შემდგომ მარქსიზმი ეწოდა.

 

 

 

მარქსისტული თეორიით, კომუნიზმი არის საზოგადოებრივი განვითარების საბოლოო წერტილი, უკლასო საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი შრომობს უნარისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ სარგებელს იღებს მოთხოვნილების მიხედვით.

.

 

წითელი კომუნიზმი – სსრკ-ს დროშა

 

 

კომუნიზმი, როგორც იდეა, ყველა სფეროში ჰუმანურ და თანასწორობაზე დამყარებულ ურთიერთობებს გულისხმობს. თუმცა, მისი განხორციელების მცდელობამ აჩვენა, რომ კომუნიზმის იდეა და რეალური კომუნიზმი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

 

კომუნიზმი საქართველოში – საქართველოს სსრ-ს დროშა

 

კომუნიზმი, რომელმაც გარკვეულ ქვეყნებში გარდამავალი წყობის – სოციალიზმის სახით იარსება, ცნობილ ბელადებში – ლენინში, სტალინში, მაო ძედუნში, ჰო ში მინში, ფიდელ კასტროში… განსხეულდა და გაბატონებული კლასის დიქტატურა წარმოშვა.

 

 

გარდამავალი პერიოდი, დიქტატურის თანხლებით, 70 წელი გაგრძელდა და რეალურმა კომუნიზმმა, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად საბოლოო კრახი განიცადა.

 

 

საბჭოთა კავშირი და ცივი ომი

 

მე-20 საუკუნეში, კომუნისტური პოლიტიკური ძალების მმართველობა ბევრ ქვეყანაში დამყარდა და მათი იდეოლოგიური წინამძღოლი საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოთა კავშირი კი, ამერიკასთან ერთად, ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ ითვლებოდა და მასთან დაპირისპირებულ ბანაკს წარმოადგენდა.

 

ერთი მხრივ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს, ხოლო მეორე მხრივ სსრკ-სა და მის მოკავშირეებს შორის მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური და სამხედრო კონფრონტაცია იყო გაჩაღებული.

 

ამ დაპირისპირებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა 1946 წლის 5 მარტს, ფულტონში სიტყვით გამოსვლისას ცივი ომი უწოდა.

 

მას შემდეგ ეს ტერმინი იდეოლოგიურ ბანაკებს შორის არასაომარი დაპირისპირების სახელწოდებად იქცა.

 

კომუნიზმის არეალი

 

კომუნიზმმა მე-20 საუკუნის ისტორიის უდიდესი ნაწილი განსაზღვრა. მისი სამოცდაათწლიანი არსებობის განმავლობაში ნახევარი მსოფლიო მოიცვა და პლანეტის მოსახლეობის ნახევრის მენტალიტეტი ჩამოაყალიბა.

 

1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სოციალისტურ სახელმწიფოში ცხოვრობდა.

 

კომუნიზმი 1970–იანი წლებიდან პოპულარული იდეოლოგია იყო ევროპაშიც. თუმცა, ევროპელი კომუნისტები მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს.

 

საბჭოეთის ბელადების შვილები, რომლებიც გაიქცნენ და აშშ-ის მოქალაქეები გახდნენ
2020-05-13საბჭოეთის ბელადების შვილები, რომლებიც გაიქცნენ და აშშ-ის მოქალაქეები გახდნენ
 ვარშავის ხელშეკრულების თანახმად კი აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტური ქვეყნების ბანაკი შეიქმნა.

 

კომუნისტური მოძრაობა, ასევე საკმაოდ ძლიერი იყო ლათინური ამერიკისა და აზიის რამდენიმე ქყვეყანაში.

 

საბჭოთა რუსეთის მიერ სამხედრო ექსპანსიით დამყარდა კომუნიზმი იმ 15 სუვერენულ ქვეყანაში, რომლებიც შემდგომ საბჭოთა კავშირის სოციალისტურ რესპუბლიკებად მოიხსენიებოდნენ.

 

მათ შორის იყო საქართველოც, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა

 

ყველაზე მძლავრად კომუნისტურმა პარტიამ, საბჭოთა კავშირის გარეთ, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში მოიკიდა ფეხი.

 

30 წლის წინ, ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში მომხდარ რევოლუციებს, ბერლინის კედლის დანგრევას და სსრკ-ს რესსპუბლიკებში თვითგამორკვევის პროცესს კომუნიზმის ფლაგმანის – საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა, თუმცა ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას დღესაც კომუნისტები მართავენ.

 

კომუნისტური იდეოლოგიის ქვეყნებში მდიდარი დასავლეთისთვის ეკონომიკური კონკურენციის გაწევის სურვილმა წარმოშვა ჰიბრიდული ეკონომიკური მოდელები. ამ მოდელის ნათელი მაგალითია თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

 

ჩინეთმა კომუნისტურ ეკონომიკურ დაგეგმარებაზე უარი თქვა და ფასწარმოქმნა საბაზრო კანონების მიხედვით დააწესა. თუმცა, ჩინეთის კომუნისტური პარტია დღესაც მთლიანად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკას და პოლიტიკას.

 

თანასწორობიდან დიქტატურამდე

 

 

ყველასათვის ცნობილია კომუნისტური იდეოლოგიის ქვეყნებში მასების და პროლეტაარიატის დიქტატურა როგორ გადაიზარდა მმართველი ძალების დიქტატში, როგორ იქცა რეალური კომუნიზმი (და არა კომუნიზმის იდეა) დიქტატურისა და ტირანიის სინონიმად.

 

კომუნიზმის ტრაგედიებით სავსე ისტორია, რომელიც 1914 წელს დაიწყო და 1991 წელს მოსკოვში დასრულდა, სრული მასშტაბით დღესაც დაუდგენელია.

 

კომუნისტური დანაშაულები მრავალმხრივი იყო:

 

  • კულტურული და რელიგიური საგანძურის ძარცვა-დაზიანება;
  • “ხალხის მტრების” რეპრესიები;
  • “ხალხის მტრების” დახვრეტები;
  • კატორღები ციმბირის გულაგებში;
  • “გოლოდომორი” უკრაინაში;
  • კომუნისტური საკონცენტრაციო ბანაკები პოლონეთში;
  • ეთნოსების მასიური დეპორტაციები…

კომუნიზმის სახელით მილიონობით ადამიანი აწამეს, დახოცეს, გადაასახლეს, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა უტყვ მონებად აქციეს.

 

სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი პოლიტიკის დაგმობამ და ადამიანის კულტის უარყოფამ ჩინეთის მეთაურს მაო ძედუნს კომუნიზმის უძლეველობის დემონსტრირებისკენ უბიძგა. შედეგად, „ჩინეთის კულტურულმა რევოლუციამ“ მეტი ადამიანი იმსხვერპლა ვიდრე სტალინის რეპრესიებმა.

 

მაოს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ჩინელმა ხალხმა მისი მიღწევები ”დიდ შეცდომებად” და ”დიდ წარმატებებად” დაყო, კამპუჩიის ლიდერმა პოლ პოტმა გადაწყვიტა კომუნიზმის მტრებზე წინასწარ ეძია შური და ხელოვნური შიმშილით ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი გაწყვიტა.

 

ისტორიკოსები მათთვის ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ კომუნისტურ რეპრესიებს 100 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამინდელი კომუნისტური ქვეყნების მონაცემები რა თქმა უნდა არ არსებობს. ჩინეთის სტატისტიკა მხოლოდ მიახლოებითია.

 

შედარებისთვის, ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს 20 მილიონი ადამიანი გაანადგურეს საკონცენტრაციო ბანაკებში.

 

დაუსჯელობის სინდრომი

 

 

კომუნისტური რეპრესიების მიახლოებითი სურათი ისტორიკოსებისათვის მეოცე საუკუნის ბოლოსათვის გამოიკვეთა, როცა არქივების ნაწილი გახდა ხელმისაწვდომი.

 

რუსული კომუნიზმის საიდუმლოებებს დღესაც ისევე სათუთად უფრთხილდებიან რუსეთის საიდუმლო სამსახურები, როგორც ლენინის ცხედარს მავზოლეუმში. დანარჩენი კომუნისტური სახელმწიფოების არქივები ისევ დახურული რჩება.

 

თუ ნაციზმს ნიურნბერგის პროცესზე გამოუტანეს განაჩენი, კომუნისტებისთვის საჯაროდ პასუხი არავის მოუთხოვია. მათთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია ისევ ძალაშია.

 

ეს ფაქტი პოსტკომუნისტური საზოგადოების მენტალიტეტზე და რეალობის აღქმაზე დღესაც მოქმედებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოური ქვეყნების სათავეებში ყოფილი კომუნისტები მოექცნენ, როცა ყოფილი ნაცისტები გერმანიის მთავრობაში ყველასთვის დაუშვებელი იყო.

 

მას შემდეგ, კომპრომისების პოლიტიკა გრძელდება და კომუნისტური ცოდვები სახელისუფლებო თუ სხვა ელიტებში თამამად ყოფნაში ხელს არავის უშლის.

 

ლუსტრაციის მცდელობა ჩავარდა

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყანამ მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურებისა და კომუნისტური ნომენკლატურის გავლენისგან სრულად გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.

 

ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც პირი თანამდებობის დაკავებას საჯარო სამსახურში მხოლოდ მაშინ შეძლებს თუ თავად გაამხელს თავის კომუნისტურ წარსულს.

 

 

ამ ინფორმაციის საჯარო თანამდებობის დაკავების შემდეგ გამჟღავნების შემთხვევაში კი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკრძალება საჯარო თანამდებობის დაკავება.

 

ამავე მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო „თავისუფლების ქარტია“, რომლის მე-9 მუხლი სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ყოფილ წევრებს და თანამდებობის პირებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში საჯარო თანამდებობის დაკავებას უკრძალავდა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 28 ოქტომბერს ეს მუხლები არაკონსტიტუციურად სცნო კონკრეტული სარჩელის „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე.

 

ცნობისათვის: ნოდარ მუმლაურს 2014 წელს თელავის მერის თანამდებობაზე კენჭისყრაზე უარი უთხრეს, რადგან 1985–1986 წლებში თელავის რაიკომის მდივანი იყო.

 

კომუნისტური ცოდვების ლუსტრაციის მცდელობა საქართველოში ჩავარდა.

 

 

ავტორი: მარიამ სამუშია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X