18:40 | 2020-07-01 ავტორი: Prime Time

„გარდა იმისა რომ მე სულით დავარდი, ფიზიკურათაც ავად ვარ“ – პატიმრების წერილი იუსტიციის კომისარს (1921 წელი)

„გარდა იმისა რომ მე სულით დავარდი, ფიზიკურათაც ავად ვარ“ – პატიმრების წერილი იუსტიციის კომისარს (1921 წელი)

საბჭოთა ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით საშიში ადამიანები გიჟებად გამოეცხადებინა. ასე ხომ მათ აღარავინ დაუჯერებდათ.

 

ამ მეთოდის შესახებ მეტნაკლებად ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი. თუმცა, დღემდე არ არსებობდა არანაირი მონაცემები, რეალურად ვინ გადიოდა იძულებით „მკურნალობას“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

 

ადამიანები იძულებით მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა ასეთი მონაცემები, უბრალოდ, არ არსებობდა. პირველ რიგში მათი სახელებისა და გვარების მოძიება იყო საჭირო.

 

ამის გასარკვევად პრაიმტაიმმა იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, ვინც 1929 წლიდან 1988 წლის ჩათვლით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში გაუტარებიათ.

 

გთავაზობთ პატიმრების წერილებს საარქივო მასალებიდან, რომელიც რუსული ოკუპაციის პერიოდს ეხება.

 

„საქართველოს რევკომის თავჯდომარეს, პირი იუსტიციის სახალხო კომისარს

 

ამა წლის თებერვლის 25 და მარტის 18 განმავლობაში საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და ამ გვარათ შეიცვალა ჩვენი ცხოვრების სახელმწიფო და საზოგადოებრივი ურთიერთობა.

 

საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამებოდა უწინ არსებული ხელისუფლება ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს, პოლიტიკური ხასიათისაა და არ შეადგენს ჩვენი განცხადების საგანს.

 

ჩვენთვის უდავოა ის გარემოება, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას,რომელმაც სამი წელიწადი იარსება, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, ცნობილმა არა მარტო თავისი ხალხისა, არამედ დიდ უცხო სახელმწიფოთა მიერაც, რომელთა შორის რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკაც იყო, უნდა ჰქონოდა თავისი სახელმწიფოებრივი აპარატიც, რომელიც არსებობდა და მოქმედებდა მაშინდელ კანონების თანახმად.

 

ეჭვს გარეშეა, ეს აპარატი უნდა ყოფილიყო ცხოვრებაში გამტარებელი ყველა იმ განკარგულება-დადგენილებათა, რომელსაც სახელმწიფოს მაშინდელი ხელისუფლება სცემდა.

 

თუ ხშირად ამ ტექნიკურ აპარატის საშუალებით ცხოვრებაში ტარდებოდა ისეთი ზომები, რომლებიც ზოგჯერ მიმართული იყო იმათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროს ეწინააღმდეგებოდა არსებულ წეს-წყობილებას, ეს გარემოება არამც და არამც არ უნდა ჩათვლოდა დანაშაულად იმ პირებს, ვინც მხოლოდ აღმასრულებელი ძალა იყო და პირდაპირ მონაწილეობას პოლიტიკურ ბრძოლაში არ იღებდა.

 

სწორედ ეს მოსაზრება ქონდათ მხედველობაში თებერვლის 25 ამნისტიას და იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო ამა წლის მარტის 18 საქართველოს რევკომსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას შორის და რომლის ერთი მთავარი მუხლთაგანიც იყო სრული ამნისტია ყველა იმ საქმეებთა გამო, რომელიც გამოწვეული იქნებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის არსებობის დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობით, ან სხვა და სხვა სახელმწიფოებრივ თანამდებობათა აღსრულებით.

 

შემდეგ, თუმცა ხსენებული ხელშეკრულება გაუქმებული იქმნა საქართველოს რევკომის მიერ, მაგრამ მუხლი ამნისტიის შესახებ ხელუხლებელი დარჩა.

 

ამნაირათ, ძველი საქმეები არ უნდა დადებოდა სარჩულად საქართველოს ახალი ხელისუფლების ამა თუ იმ უწყების მიერ ბრალდების წამოყენებას და პასუხის გებაში მიცემას.

 

პასპორტი

 

საუბედუროდ, სინამდვილეში კი ეს ჩვენს მიმართ არ ხორციელდება. არ გასულა ამნისტიის გამოცხადების შემდეგ ერთი თვეც, რომ დაიწყო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ყოფილ მოსამსახურეთა დაპატიმრება, რამაც თანდათან მასიური ხასიათი მიიღო.

 

ეს დაპატიმრება ზოგჯერ უბრალო შურისძიებით და ზოგჯერ უსახელო დაბეზღებით არის გამოწვეული.

 

ამ პატიმრებს არავითარი ახალი საქმეები არა აქვთ ჩადენილი. ბრალდება ეხება მხოლოდ წარმათს მოქმედებას, რომელიც ამნისტიის ძალით სრულიად დავიწყებული უნდა ყოფილიყო . ჩვენ ქვემორე ამისა ხელისმომწერნიც ვეკუთვნით სწორედ პატიმართა ამ კატეგორიას.

 

ჩვენი დანაშაული გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ ვემსახურებოდით ჩვენს სამშობლოს იმ კანონების ფარგლებში, რომლებიც შემოიღო ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ და იმ მთავრობის დროს, რომელიც ამავე კრებამ წამოაყენა. საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს აქვე მოგახსენებთ:

 

პატიმარნი ივანე დვალიშვილი, გიორგი ლომსაძე, ალექსანდრე იკაშვილი და სოსო ფარეზაშვილი მსახურობდნენ ხაშურის გვარდიაში.

 

ამათ აბრალებენ ორი მილიციელის, კორკოტაძის და ჩადუნელის დახვრეტას. ნამდვილათ კორკოტაძე და ჩადუნელი დაიხვრიტნენ სასამართლო განაჩენის თანახმად ხაშურის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობისთვის 1919 წლის შემოდგომაზე.

 

პატიმარი ეპიფანე მეგრელიშვილი, ნიკოლოზ ბუთხუზი და ნიკოლოზ ანდრუშინი მსახურობდნენ თბილისის საპყრობილეებში. მათ ბრალდებათ სახალხო ქონების გაფლანგვა. ნამდვილად კი ის ქონება, რომელიც მათ ებარა, გაზიდულ იქნა მთავრობის ბრძანების თანახმად თბილისის ევაკუაციის დროს.

 

პატიმართ, გიორგი აღნიაშვილს და ვალერიან ბექაიას ბრალდება მხოლოდ საგანგებო რაზმში სამსახური და ვადაჭკორიას კი – გენერალურ შტაბის კონტრ-დაზვერვის განყოფილებაში.

 

ალექსანდრე სარჯველაძეს, რომელიც მსახურობდა დუშეთის რაიონში მილიციის უფროსათ,აბრალებენ კომუნისტების დაპატიმრებას…

ამნაირათ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დაპატიმრება და შემდეგ პასუხის გებაშიც მიცემაც სრულიად ეწინააღმდეგება, როგორც საქმის ნამდვილ ვითარებას, ისე საქართველოს რევკომის მიერ გამოცხადებულ ამნისტიას და გამოწვეულია რაღაც გაუგებრობით.

 

ჩვენ კი თითქმის ყველა წვრილი ცოლ-შვილის პატრონი ვართ და მოკლებულნი რაიმე ქონებას ან სხვა მატერიალურს საშვალებას. ერთად ერთს ჩვენს არსებობის წყაროს შეადგენს ჩვენი ოირადი შრომა და ეხლა ჩვენც და ჩვენი ოჯახობაც ცალ-ცალკე განვიცდით სრულიად უდანაშაულოთ უკიდურეს გაჭირვებას, გარდა იმისა, რომ ყოველი ჩვენთაგანი დასჯილია კიდევ როგორც მორალურათ, ისე ფიზიკურათ.

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ჩვენი მდგომარეობა არავისთვის არ უნდა იყოს სასურველი და ვერავის ვერაფელს შემატებს.

 

ამიტომ, გთხოვთ გასცეთ სათანადო განკარგულება ვისაც ჯერ არს, გადასინჯულ იქნას ყველა ამგვარი საქმეები და ჩვენ ასეთს სატანჯველსაც ბოლო მოეღოს ჩვენი სრული განთავისუფლებით.

 

                                                                         12 ივლისი 1921 წელი

                                                                                 მეტეხის ციხე“

 

ამ დოკუმენტს ხელს აწერს 28 პატიმარი ( სხვათაშორის, ბევრი მათგანის საქმე ჩვენს არქივში ინახება: ა. სარჯველაძე, ი. საყვარელიძე, ე. შუშიაშვილი, ვ. ბექაია, ა.კორძახია, მ. რუხვაძე და ა.შ ).

 

 

1921 წ. 31 დეკემბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული იძულებითი სამუშაოს მთავარმა სამმართველომ „გაითვალისწინა“ პატიმართა თხოვნა და ისინი გადაანაწილა სხვადასხვა „გამასწორებელ სახლში“იძულებით სამუშაოზე, მაგრამ ეს სამუშაო გაუსაძლისი იყო:

 

ნაწყვეტი №1 „გამასწორებელი სახლის“ პატიმრის , ვალერიან ექვთიმეს ძე ბექაიას განცხადებიდან, რომელიც მისწერა საქართველოს სსრ მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა თავჯდომარეს და საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს:

 

„ განცხადებით მე მინდა უკანასკნელათ მოგმართოთ თქვენ უმაღლეს ხელისუფლების მატარებელთ, რათა მეც, როგორც მოქალაქეს, მეცნოს რათ და რისთვის ან და რა კონკრეტიული დანაშაულისთვის მომაქვს ეს მძიმე ჯვარი…

 

როგორც წინასწარი დაკითხვიდან გამოვარკვიე მე ბრალი მედება „მენშევიკების დროს განსაკუთრებულ რაზმში სამსახური“. ამ უკანასკნელს არ ვუარყოფდი და ეხლაც ვლაპარაკობ… მე დავყავი რაზმში 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდის 1920 წელს.

 

გამოძიების დროს მე ეს სუყველაფერი აღვნიშნე, და საქართველოს საგანგებო კომისიამ 12 ივლისის დადგენილებით მომისაჯა ხუთი წლის იძულებითი მუშაობა.

 

გასამართლებელ საბუთათ მე პატიმარმა რა უნდა ვიხმარო, გაცნობებთ, რომ მე თუ რაიმე დანაშაული მქონებოდა წარსულში მე დროც მქონდა და სახსარიც წავსულიყავი საზღვარგარეთ და ამით ჩემი თავი დანაშაულალათ მეცნო …

 

გამასწორებელ სახლებში მოთავსებამ, გარდა იმისა, რომ მე მატერიალურათ სრულებით გამანადგურა, ფიზიკურათაც ისეთი გამხადა, რომ ჩემი სიცოცხლე მოწამლულია, გარდა იმისა რომ მე სულით დავარდი, ფიზიკურათაც ავად ვარ და რასაც თქვენ იხელთ ზედდართულ მოწმობებში და მე მგონია, რომ ხელისუფლების სასარგებლოც არ არის ნახევარ კაცის პატიმრობაში ყოფნა. ამისათვის გთხოვთ გამათავისუფლოთ…“

 

ბექაიას თხოვნა გათავისუფლების შესახებ რამდენჯერმე განიხილეს. „Амнистию не применять,“ – იყო პასუხი, გამოვიდა თუ არა ბექაია ცოცხალი ციხიდან უცნობია…

 

„პრაიმტაიმი“ ეტაპობრივად მოგაწვდით იმ ადამიანების შესახებ საარქივო მასალებს, რომლებიც კომუნიზმის რეპრესიებმა შეიწირა და გიჟად შერაცხა.

 

ლია კერესელიძე – „პრაიმტაიმის“ პროექტი კომუნისტური შიზოფრენია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X