08:11 | 2020-03-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კლინიკებში მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პაციენტები მოხვდებიან – რა წერია სახელმწიფო პროტოკოლში

კლინიკებში მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პაციენტები მოხვდებიან – რა წერია სახელმწიფო პროტოკოლში

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) დაამტკიცა, რომელის მიხედვითაც პირველად ჯანდაცვაში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო შემთხვევის მართვა უნდა განხორციელდეს.

 

„კატეგორია1. თუ შესაძლო COVID-19 (თავად პაციენტს ან მის ოჯახის წევრს უვლინდება სიმპტომები): პირველადი ჯანდაცვის კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, თუ არის მძიმე ზოგადი მდგომარეობა პაციენტი უნდა გადაიყვანონ ჰოსპიტალში ან (დაუკავშირდნენ 112-ს და ოპერატორს და აცნობონ COVID-19-ის რისკის შესახებ).

 

კატეგორია 2: საჭიროებს შემდგომ შეფასებას: – მართეთ დისტანციურად, სადაც შესაძლებელია – საჭიროებს პირისპირ შეფასებას – განსაზღვრეთ პაციენტთან ბინაზე ვიზიტის თუ კლინიკაში შეფასების საჭიროება. პაციენტი მსუბუქი სიმპტომებით – ურჩიეთ „დარჩეს სახლში“ და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში. მიაწოდეთ თვითმოვლის რეკომენდაციები. დღეში სულ მცირე ორჯერ (დილას და საღამოს) გაიზომოს სიცხე და მაჩვენებლები ჩაიწეროს, რათა შემდეგ მოახსენოს ექიმს, დაუკავშირდეს სასწრაფოს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (დაკავშირებულია ეს COVID-19 თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან).

 

თუ პაციენტს არ აქვს ბინაზე თვითიზოლაციის შესაძლებლობა, ცხოვრობს ოჯახის სხვა წევრებთან (განსაკუთრებით ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პირები) ოჯახის ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის საკარანტინე სივრცეში გადაყვანის შესაძლებლობა და აცნობოს ამის შესახებ სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

განახორციელეთ სატელეფონო მონიტორინგი მე-3 დღეს – მესამე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-6 დღეს, მეოთხე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-10 დღეს და მეხუთე კომუნიკაცია არაუგვიანეს მე-14 დღეს; – მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადასაყვანად დაუკავშირდით სსიპ „112“-ს

 

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს, ურჩიეთ, გადადონ თავის ოჯახის ექიმთან, თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმონ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა. რეკომენდებულია ყველა გეგმიური რუტინულად დანიშნული ვიზიტისა და წინასწარი ჩაწერის გაუქმება და აღნიშნულის სანაცვლოდ დისტანციური მეთვალყურეობის ფორმების გამოყენება (სატელეფონო თუ ონლაინკონსულტაციები)“, – ნათქვამია პროტოკოლში.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა.  გამოჯანმრთელებულია – 20 პაციენტი.

 

დღეიდან საქართველოში კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X

error: Content is protected !!