18:33 | 2021-03-17 ავტორი: Prime Time

„ხონსკი“ და „კუსა“ – თბილისის სასამართლომ გავლენიან „კანონიერ ქურდებს“ 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

„ხონსკი“ და „კუსა“ – თბილისის სასამართლომ გავლენიან „კანონიერ ქურდებს“ 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობასა და „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულ პირთა საქმის განხილვა დაასრულა.

 

როგორც „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, გავლენიან „კანონიერ ქურდებს“ – ჯეირან კინწურაშვილს და თამაზ ქარცივაძეს დაუსწრებლად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

 

ქურდული სამყაროს ბრალდებით დაკავებული ერთი პირი – რომან პარადა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ასევე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს კიდევ ერთი ბრალდებული იმედა აბაშიძე, რომელსაც მძიმე დაავადებების გამო, მოსამართლე გიორგი არევაძემ 8-წლიანი სასჯელის მოხდა გადაუვადა.

 

ნახეთ ვიდეო

 

 

 

პარადას და აბაშიძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატები – თამარ აბესაძე და ზურაბ მამულაშვილი იცავდნენ. აბესაძის თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

 

„საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც რომან პარადას ბრალეულობას დაადასტურებდა. რაც შეეხება იმედა აბაშიძეს, მას აქვს რამდენიმე მძიმე დაავადება, საუბარიც კი უჭირს. როგორც ნახეთ სასამართლოშიც ეტლით მოიყვანეს. აქედან გამომდინარე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოხდა მისთვის სასჯელის გადავადება“, – ამბობს თამარ აბესაძე.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ელმირა წულაიამ ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, ყოფილი მეუღლის, ვასილ წულაიას წინააღმდეგ „კანონიერ ქურდებს“ მიმართა. ქალი ყოფილ ქმარს, ვასილ წულაიას 9000 ევროს ედავებოდა. თავის მხრივ, საქმეში „კანონიერი ქურდი“ ჩართო ვასილ წულაიამაც. ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ქურდული გარჩევა საბოლოდ იმით დასრულდა, რომ ვასილ წულაია ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, თუმცა ქმარმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო გარიგების საფუძველზე საპატიმროდან 6 თვეში გათავისუფლდა.

 

ვასილ წულაიასთან ერთად დაკავებულ ქურდული სამყაროს წევრებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯათ, საზღვარგარეთ მყოფ ორ ქართველ „კანონიერ ქურდს“ კი  დაუსწრებლად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

 

 

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა მოქალაქე ვასილ წულაიას დაკითხვის ოქმი, სადაც ის ყოფილ მეუღლეს, „კანონიერი ქურდების“ მეშვებით ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

 

სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მამაკაცი ყვება, რომ ქურდული სამყაროს წევრები, მისი ყოფილი ცოლის დავალებით და გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ მეშვეობით 9000 ევრომდე თანხას სძალავდნენ.

 

გაგაცნობთ, ვასილ წ-ს დაკითხვის ოქმის მოკლე შინაარს:

 

ჩვენებაში ბრალდებული ვასილ წულაია უთითებს, რომ ის და მისი იმჟამინდელი მეუღლე, ელმირა წულაია გარკვეული ხნით ავსტრიაში ცხოვრობდნენ, რა დროსაც ქალმა ავსტრიის ბანკიდან სოლიდური კრედიტი გამოიტანა.

 

ვასილ წულაია წერს, რომ ამის შემდეგ მალევე ის სამშობლოში დაბრუნდა და სხვა ქალზე იქორწინა. მისი ყოფილი მეუღლე კი ავსტრიაში დარჩა, თუმცა ბანკიდან აღებული კრედიტის თანხის გადახდას ვასილ წულაიას სთხოვდა.

 

მამაკაცი ყვება, რომ მას ამ ფულთან შეხება არ ჰქონია. მისი ნაამბობით ირკვევა, რომ ელმირა წულაიამ თანხის ამოღების მიზნით საქმეში მისი ნათესავი, ქურდული სამყაროს წევრი, ვინმე დანგაძე ჩართო, რომელიც თავის მხრივ, მის მეგობრებთან – გიორგი ქურასბედიანთან, ილია ჩუბინიძესთან და მირზა მირზიაშვილთან ერთად თურქეთში მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის სახელით ვასილ წულაიას ერთ თვეში 8 800 ევროს მიტანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანხა გაურმაგდებოდა.

 

„ამ ადამიანებს შევხვდი ჩვენს საერთო ნაცნობთან, ილია აბაშიძესთან. მე ჩემი ფეხით მივედი ამ შეხვედრაზე, ჩემს მეგობარ ავთო სიხარულიძესთან ერთად. მითხრეს, თუ ამ თანხას ერთ თვეში არ გადაიხდი, თანხა გაორმაგდებაო. ხომ იცი, ვინც ვართ, კაი ბიჭები ვართ და საქმე სხვაგვარად წავა მერეო. მიხსენეს ჯეირან კინწურაშვილი (ხონსკი), ის არის პირადად დაინტერესებული ამ საქმითო“, – ასეთი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და შესაბამისად, გამოძიებას ვასილ წ-მ.

 

მისი დაკითხვის ოქმით, ასევე ცნობილი ხდება, რომ ზემოხსენებული შეხვედრის შემდეგ ვასილ წულაია მისმა მეგობარმა, ავთო სიხარულიძემ გადაიყვანა თურქეთში და შეახვედრა „კანონიერ ქურდს“, თამაზ ქარცივაძეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „კუსას“ მეტსახელით იცნობენ. ამ უკანასკნელთან სიხარულიძეს დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებდა და იმედი ჰქონდა, რომ ქარცივაძე პრობლემას მოაგვარებდა და ჯეირან კინწურაშვილთანაც დაალაგებდა საქმეს.

 

ჩვენების მიხედვით, ვასილ წულაია და ავთო სიხარულიძე თურქეთში მართლაც შეხვდნენ „კანონიერ ქურდს“, თამაზ ქარცივაძეს, რომელმაც დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ ცოლ-ქმრის საქმეში ქურდები არ უნდა ჩარეულიყვნენ.

 

საქმე, როგორც ჩანს, თურქეთში მყოფ ორ ქართველ „კანონიერ ქურდს“ შორის უნდა გარკვეულიყო – ერთ მხარეს ჯეირან კინწურაშვილი, მეორე მხარეს კი თამაზ ქარცივაძე წარმოადგენდნენ, თუმცა ამასობაში საქმეში კრიმინალური პოლიცია ჩაერთო და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საერთო ჯამში 6 პირი დააკავეს, 4 კი დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში.

 

საქმის მასალებში დევს ფარული სატელეფონო საუბრები, სადაც „კანონიერი ქურდების“ სახელიც ფიგურირებს.

 

„მეუბნებოდნენ სახლი გაყიდე და ეს ფული მოიტანეო. რომ ვუთხარი, მე სახლი არ მაქვს ჩემს სახელეზეთქო, შენს დას ხომ აქვსო, ის გაყიდეო“, – იხსენებს ვასილ წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ პირებთან საუბარს.

ავტორი: Prime Time


X