fbpx
19:13 | 2020-08-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“ხოხვით შევიპარებოდით და დაჭრილები გაგვყავდა” – შინდისის გმირების გაუგონარი სიმამაცის ისტორია

“ხოხვით შევიპარებოდით და დაჭრილები გაგვყავდა” – შინდისის გმირების გაუგონარი სიმამაცის ისტორია

2008 წლის აგვისტოს ომში 11 აგვისტო ერთ-ერთი უმთავრესი და საკვანძო ბრძოლის დღეა. 12 წლის წინ, სოფელ შინდისთან, გმირმა ქართველმა მებრძოლებმა, სამაგალითო თავგანწირვა აჩვენა მტერს.

 

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს კი საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მათი სახელები და გვარები ყველას უნდა გვახსოვდეს: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. აქედან ორნი იყვნენ ნათლია-ნათლული. მათი ისტორია კიდე ცალკე გმირობის მაგალითია.

 

შინდისის ბრძოლას გადარჩენილი გმირის ნაამბობი - GzaPress

 

ბიჭები, მათ შორის მომაკვდავი რომან ზოიძე, ნათლიას, ალექსანდრე ონიანს ეხვეწებოდნენ, – ერთი ნაკაწრიც არ გაქვს, შენ მაინც გაასწარი, ჩვენს საფლავზე შესანდობარს მაინც იტყვიო, მაგრამ ალექსანდრეს მათი მიტოვება წამითაც არ უფიქრია.

 

უკვე ალყაში იყვნენ. ალექსანდრეს ყველა დაჭრილი ნათლულთან შეუგროვებია და მოძღვრისთვის დაურეკავს… მხოლოდ ერთი ყუმბარა ჰქონდათ დარჩენილი. “ცისფერჩაფხუტიანები” წინ მოიწევდნენ… ალექსანდრეს მომაკვდავი ნათლული ხელში აყვანილი გამოჰყავს შენობიდან. იჩოქებს. ცად ხელებაღმართულნი ხმამაღლა ლოცულობენ – “მამაო ჩვენო”… ამ დროს ონიანის ყუმბარა ფეთქდება… ნათლია-ნათლულის გმირულმა საქციელმა არაერთი ცისფერჩაფხუტიანი იმსხვერპლა…

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის გმირებს პატივი მიაგეს

 

რომანი 20 წლის იყო, ალექსანდრე 27-ის. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, კაპრალი რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.

 

დღეს შინდისის ბრძოლის ადგილას გმირებს პატივი მიაგეს – თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სამხედრო მოსამსახურეებმა. მათთან ერთად იყვნენ გმირების ოჯახის წევრები და პროექტ “შინდისის” ავტორი ედმონ მინაშვილი.

 

ედმონდი ერთ-ერთი შინდისელი გმირის, მიხეილ დვალიშვილის ბავშვობის მეგობარია. მან სწორედ მეგობრის საფლავთან პირობა დადო, რომ მისი მეგობრის და ყველა მეომრის გმირობის ამბავს მსოფლიოს გააცნობდა. და 12 წლის თავზე ეს ასეც არის. მინაშვილის თაოსნობით და უშუალო ჩართულობით, გადაღებულია ორი დოკუმენტური და ერთი მხატვრული ფილმი “შინდისი”, გაკეთებულია მემორიალი “შინდისის გმირები”, აგებულია ტაძარი, სულ მალე კი ამ სიას აგვისტოს მუზეუმი შეემატება. წლის ბოლოსთვის კი გაიხსნება მონუმენტი 17 გმირის გამოსახულებით.

 

შინდისის გმირების მემორიალს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
2020-08-05შინდისის გმირების მემორიალს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

 

ედმონდ მინაშვილი: – ამ თორმეტ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა. არც მჯერა. ეტაპობრივად ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ვთქვით.

თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ადგილი გარდაცვლილი გმირების მშობლებს დიდ ძალას აძლევს. ბევრს ნიშნავს, რომ მათი შვილები სამშობლოსთვის დაიღუპნენ, მათი სახელები სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში. ეს ამ ადამიანებისთვის გამამხნევებელია, სხვა არაფერი დარჩენიათ. მათი შვილების უკვდავყოფაა მათი მთავარი საზრუნავი. გვერდით მიდგანან, მამხნევებენ, მიყვარს ყველა მათგანი.

 

 

კვირის პალიტრა - "შინდისში ტაძარი კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და დღემდე არსად უხსენებია"

 

დღეს გადაწყდა “აგვისტოს მუზეუმის” მშენებლობა და მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მშენებლობა ძალიან მალე იმ შენობაში დაიწყება, სადაც შინდისის მთავარი ბრძოლა მოხდა და ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი შინდისის რგოლში. მუზეუმში გამოიფინება აგვისტოს ომში გარდაცვლილი ყველა სამხედრო მსახურის ბიოგრაფია, ფოტომასალები, პირადი ნივთები…

 

ამ სადგურის ძველ შენობაში ჩვენს მეომრებს ყველა ტიპის საბრძოლო იარაღით ებრძოდა რუსული სამხედრო ნაწილი. აქ დაიღუპა ჩვენი მეომრები და ეს სტრატეგიული შენობა ამ ნაკვალევს დღემდე ინახავს. მუზეუმი ისე გაკეთდება, რომ ეს იერსახე და ბრძოლის ფაქტები მაქსიმალურად შენარჩუნდება. თანამედროვედ, შუშით დაიფარება და საინტერესო ადგილი იქნება შინდისში. მეტ მნიშვნელობას შესძენს შინდისის ბრძოლის მოვლენას. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ყველა გარდაცვლილი ჯარისკაცის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო.

 

“წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ეძღვნება ყოველთა ქართველთა და ოსთა ბრძოლის ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნას” – ასე აკურთხა უწმინდესმა ტაძარი და თქვა, ეს იქნება ქართველების და ოსების შერიგების სიმბოლოო. უწმინდესმა ფურცელი და კალამი მომცა ეს სიტყვები მიკარნახა და მას დღემდე ვინახავ. ეს იყო 2009 წელს. უსახსრობის გამო ტაძრის მშენებლობა შეჩერებული იყო. ბოლოს კახა კალაძემ საკუთარი სახსრებით დაასრულა მშენებლობა და ეს არსად უხსენებია. ყველა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრების სახელით, ბატონ კახას ამ საუკუნოვანი საქმისთვის დიდ მადლობას ვეუბნები კიდევ ერთხელ. შინდისის ტაძარი ულამაზესია. საკურთხეველი მოხატულია და მალე მისი მოხატვის მეორე ეტაპი გაგრძელდება.

 

 

დიტო ცინცაძის "შინდისი" ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია

 

ფილმი “შინდისი”

ფილმი “შინდისი” მაყურებელს 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დატრიალებული გაუგონარი გმირობის ამბავს უყვება. ფილმისთვის რეალური მასალები პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა შეაგროვა. ის ყველა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახში ცხოვრობდა და იწერდა ოჯახის წევრების მონათხრობებს…

 

ფილმში გაიცნობთ არა მხოლოდ მებრძოლ გმირებს, არამედ მოსახლეობას, რომელიც არანაკლები გმირობის ფასად ცდილობდა გადაერჩინა დაჭრილი მეომრები და ნახავთ სასულიერო პირებსაც, რომლებმაც ცხედრებთან ერთად, ცოცხლად გადარჩენილი მეომრები გააცალა ბრძოლის ტერიტორიას.

 

ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად ახმეტა იმ ადგილთან ახლოს ცხოვრობს, სადაც ამ ომის მძიმე ქრონიკა ვითარდებოდა. მას დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ჩუმად გაჰყავდა ტერიტორიიდან, სახლში მალავდა და უვლიდა… ვისაც ფილმი “შინდისი” ნანახი აქვს, გაგახსენდებათ, რომ ბატონი ბადრის პროტოტიპს, მსახიობი გოგა პიპინაშვილი ასახიერებს.

 

„ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ნუ გეშინია, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, უთქვამს ალეკოს“....
2020-08-07„ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ნუ გეშინია, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, უთქვამს ალეკოს“....

 

გოგა პიპინაშვილი “პრაიმტაიმთან” იხსენებს ფილმის გადაღების დროს დაუფლებულ მძაფრ ემოციებს.

 

გოგა პიპინაშვილი: – ბადრი გავიცანი, მაგრამ მე არ მსურდა პორტრეტულად მსგავსი სახე შემექმნა და კონკრეტულად ის მეთამაშა. მინდოდა მისი სახე განზოგადებულიყო, ამიტომ ფოტოგრაფიული მსგავსებისგან მაქსიმალურად შევიკავე თავი.

 

ახმეტა იმ ბიჭებზე თუ მეტი არა, ნაკლები გმირი ნამდვილად არ არის. რომ წარმოიდგინოთ, თავისი შესაძლებლობებით, რა მდგომარეობაში, რას აკეთებდა, როგორ ცდილობდა რუსებისთვის წინაღმდეგობა გაეწია და ეს ბიჭები გადაერჩინა, ეს სწორედ ის ჩუმი გმირობაა, რომელიც არ ჟღერდება. თავის ეროვნულ საქმეს ჩუმად აკეთებს ეს კაცი, გულშემატკივრობს თავის ქვეყანასაც, ბიჭებსაც. ეს დიდი გმირობის ტოლფასია. ასეთი შეგრძნება და თვითშეგრძნება თითოეულ მოქალაქეში უნდა არსებობდეს.

 

ნახეთ: შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის ემოციური თრეილერი - AT

 

მსახიობს ათასგვარ მასალასთან შეხება უწევს. ეს იმდენად ეროვნულ-პატრიოტული მდგომარეობაა და ღირსების საკითხია, მასში მონაწილეობა განსაკუთრებული თემა იყო. მე აბსოლუტურად ვენდობოდი რეჟისორს, დიტო ცინცაძეს და პროექტის ავტორს, ედმონდ მინაშვილს და მათ გავყევი. არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავდა – დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა.

 

ფილმში თამუნა აბშილავა გოგა პიპინაშვილის ცოლის როლშია, რომელიც ავადაა, მაგრამ ქმარს მორალურად გვერდში უდგას და მებრძოლების შეფარებაში ეხმარება. რაც შეეხება დათო ბახტაძეს, ის ყველა იმ ადამიანის კრებით სახეს ანსახიერებს, ვინც ბადრის დაჭრილი მებრძოლების მოვლა-დამალვაში ეხმარება.

 

გოგა პიპინაშვილი: – ყველა ემოცია ერთად იყო ჩადებული ამ ფილმში. ასეთ ფილმში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდით, რომ ბადრის ხისტი და მშრალი სახე გაკეთებულიყო, თუმცა იქ შექმნილ გარემოში მე ემოცია მეძალებოდა. მხატვრებმა და პროიუსერებმა ისეთი ლოკაცია გააკეთეს, რომ ომის აბსოლუტური თანამონაწილე ვიყავი, ცოცხალი შეგრძნებები იყო. ამიტომ ძალიან რთული იყო თავის შეკავება.

 

ორი ყუმბარა ფეხებშორის ჰქონდათ, რამაც 35 რუსი სამხედრო იმსხვერპლა - რუსი ოფიცერი დღემდე გაკვირვებული ყვება ამ ისტორიას
2020-08-08ორი ყუმბარა ფეხებშორის ჰქონდათ, რამაც 35 რუსი სამხედრო იმსხვერპლა - რუსი ოფიცერი დღემდე გაკვირვებული ყვება ამ ისტორიას

 

გარშემო მოსახლეობამ, ვინც ეს ომი 2008-ში თავის თავზე იწვნია, გადაღების დროს ისევ იმ ემოციის ქვეშ იყვნენ. გადასაღებმა გარემომ მათზეც იმუშავა. იქ იყო ხანში შესული კაცი, რომელმაც ბრძოლის სცენების გადაღების დროს გადაღლილ “მეომრებს” სინით თავისი ბაღის ხილი ჩამოურიგა. ჭამეთ შვილებოო, ისეთი განცდით იყო, თითქოს მეომრებს ეფერებოდა… სინამდვილეში მსახიობებს უმასპინძლდებოდა, მაგრამ მისი დამოკიდებულება მეომრების მიმართ განწყობა იყო.

მოკლედ, მე ვეცადე, რომ ისე შემექმნა სახე, რომ ამ ომში ახმეტას წვლილი არ დამეკარგა.

 

ბადრი ხუციშვილი ინტერვიუებში ჰყვება, თუ როგორ გადაჰყავდა სახლში დაჭრილები და შემდეგ როგორ გააყოლა ისინი სასულიერო პირებს.

 

“ჩემთვის ძნელია ამ ისტორიის გახსენება. მე და ჩემი მეგობრები აქ შემოვიპარებოდით, ზოგი პლედში გახვეული, ზოგი ხოხვით და გაგვყავდა დაჭრილები… რომ არა პატრიარქი და სამღვდელოება, ვერც ის დაჭრილი ბიჭები გადარჩებოდნენ და ვერც – მე” – აცხადებს შინდისის მკვიდრი, ბადრი ხუციშვილი.

 

კვირის პალიტრა - შინდისის გმირები

 

 

ედმონდ მინაშვილი: – ბატონმა ბადრიმ თავისი მისია შეასრულა, მან თავისი ბრძოლა მოუგო რუსებს. ხუთი მძიმედ დაჭრილი სამხედრო გაიყვანა და საკუთარ სახლში მალავდა. ამით ისინი გადაარჩინა.

 

ფილმში ერთ-ერთი შინდისელი გმირი, მიხეილ დვალიშვილი, ბრძოლის ველზეც წერს ლექსებს. როგორც მინაშვილი ჰყვება, მან ერთგვარად თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა კიდეც.

 

ედმონდ მონაშვილი: – ყოველთვის საოცარ ლექსებს წერდა. 2005 წელს კი შემდეგი სიტყვები დაწერა: „ცინკის კუბოსთან, როდესაც მოვა, თვალცრემლიანი მშობელი დედა, ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს, რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება“.

 

ზუსტად სამ წელიწადში მართლა „ცინკის“ კუბოთი მიუყვანეს დედას გმირი შვილი. ტანსაცმელი რომ გავხადეთ, ჯიბეში სისხლიანი დაკუჭული ქაღალდები ვუპოვეთ, რომელზეც მისი ლექსები ეწერა. ომის დროსაც, ბოლო წუთებამდე წერდა:

 

„მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმება, მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებას ცრემლით საღამოს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი“ – ეს სიტყვები 2008 წლის 11 აგვისტოს, მიშიკოს გარდაცვალების დღესაა დაწერილი. თარიღი თვითონ ჰქონდა მითითებული.

 

როგორც კი პანდემია კინოთეატრებს გახსნის საშუალებას მისცემს, პროდიუსერი ფილმ “შინდისის” პრემიერის მოწყობას ქუთაისში გეგმავს. კინოგაქირავებით შესული თანხა ტაძრის მოხატვას მოხმარდება.

 

ფილმზე ატირებული ამერიკელები პირველად ვნახე“ - „შინდისმა“ ამერიკელი კინემატოგრაფისტები აატირა | CyC

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X