23:05 | 2020-04-30 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ხმები ჩამესმოდა, ჯვარი მოიხსენი, უნდა დაგახრჩოთო – ცნობილი ქართველი დიზაინერის გულახდილი ინტერვიუ

ხმები ჩამესმოდა, ჯვარი მოიხსენი, უნდა დაგახრჩოთო – ცნობილი ქართველი დიზაინერის გულახდილი ინტერვიუ

ქალთა ისტორიები

 

ცნობილი ადამიანების ინტერვიუები ბევრ მედიასაშუალებაში ქვეყნდება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მათი ცხოვრების დეტალები საზოგადოებისთვის მაინც უცნობია და დახურულ კარს მიღმა რჩება.

 

თეა ოთარაშვილი დიზაინერი გახლავთ, რომელსაც მთელი საქართველო მის მიერ შექმნილი საქორწილო კაბებით იცნობდა.

 

თეა ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს და ისევ თავის საყვარელ სფეროში აგრძელებს მუშაობას.

 

„პრაიმტაიმს“ გულახდილად ესაუბრა და ისეთი ამბებიც გაგვიმხილა, რაც მხოლოდ ახლობლებმა იციან.

– 17 წლის ვიყავი, პირველად ცუდად რომ გავხდი. დამემართა სისტემური წითელი მგლურა. ვერ გამიგეს, რა მჭირდა და ერთ-ერთმა ექიმმა დამაწყებინა პრედნიზილონის მიღება.

 

ამის შემდეგ გამოხდა ხანი,პლეხანოვზე საქორწინო კაბების 3 მაღაზია მქონდა და ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ღამის 3 საათამდე ვიჯექი ხოლმე და კაბებს ვკერავდი.

 

2009 წლის თებერვალი იყო, უცნაური ამბავი ხდებოდა: გამუდმებით ვხედავდი გამჭვირვალე ბურთს, რომელსაც ეკლები ჰქონდა გარშემო და იყო ძალიან შორს, მაგრამ მაინც მკაფიოდ ვხედავდი.

 

ეს ბურთი ყოველდღე თითქოს მიახლოვდებოდა. რაღაცნაირად წინასწარ ვგრძნობდი, რომ ცუდად უნდა გავმხდარიყავი.

 

როცა სიცხე მომცა, ზუსტად იმ დღეს შემეხო ეს ბურთი. ოჯახის წევრებს წინასწარ ვუთხარი კიდეც, ცუდად გავხდები-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს და სიტყვა ბანზე ამიგდეს.

 

იმასაც კი ვამბობდი, რომ ძალიან დავიღალე და მინდა, ერთ თვის განმავლობაში ოთახში ვიყო გამოკეტილი, საჭმელიც ვინმემ კარიდან შემომაწოდოს ისე, რომ ხმა არ გამცეს და დავისვენო-მეთქი. ზუსტად ერთი თვე ვიწექი საავადმყოფოში და ესეც კი ამიხდა.

 

ერთი კვირა მქონდა მაღალი სიცხე. მითხრეს, ჩვეულებრივი ვირუსია და გაგივლისო. საშინელი ტკივილები მქონდა და საავადმყოფოში რომ გადამიყვანეს,კენჭის გავლა ეგონათ. მერე გამიკეთეს ტომოგრაფია და აღმოაჩინეს, რომ ზურგის ტვინი იყო დაზიანებული.

 

გადამიყვანეს ინფექციურში, სადაც დაადგინეს, რომ მქონდა დამბლა. გადარჩენის იმედიც კი მხოლოდ 3% მომცეს. იმ პერიოდში რამდენიმე ადამიანს დაემართა კიდეც ეს ვირუსი და რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც.

 

კონკრეტულად რა ვირუსი იყო, არ იციან, მაგრამ ჩემი დაავდების დიაგნოზია უმძიმესი მიელიტი.

 

საავადმყოფოში ექიმებმა შეცდომებიც დაუშვეს და ცოტა სიტუაცია გამირთულდა. სახლში რომ გამოვედი, მხოლოდ მარჯვენა ხელი მიმუშავებდა, თავს ვამოძრავებდი და ტვინი მუშაობდა. დანარჩენ სხეულს ვერ ვგრძნობდი. ბუნებრივია, ლოგინს მივეჯაჭვე.

 

 

ყოველთვის უარზე ვიყავი, ინვალიდის ეტლში რომ ჩავმჯდარიყავი, რადგან მჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მე თვითონ, დამოუკიდებლად გავივლიდი.

 

თავიდან ვისწავლე წამოჯდომა, საწოლიდან ადგომა და სიარულიც. ამას თითქმის 1 წელი დასჭირდა.

 

სხვათა შორის, სასწაული ის იყო, რომ ვიდრე ფეხზე გავივლიდი, მამა გაბრიელის საფლავთან მიმიყვანეს, იქ ცოტა ხანს დავყავი, ვილოცე და იქიდან ჩემი ფეხით წამოვედი.

 

თუმცა, ბოლომდე აღდგენილი დღესაც არ მაქვს ჯანმრთელობა. ფეხებზე წყალი რომ მესხმება, ტემპერატურას ვერ ვგრძნობ.

 

ფარ-ხმალი არასოდეს დამიყრია, მუდამ ვიბრძოდი.

 

მანქანა მყავდა მექანიკური სიჩქარის კოლოფით. ჯერ კიდევ დამოუკიდებლად, სხვის დაუხმარებლად სიარული არ შემეძლო, როცა ავიჩემე, სამსახურში მანქანით უნდა წავიდე-მეთქი.

 

ჩამიყვანეს მანქანამდე, დავჯექი და წავედი სამსახურში. საღამოს თანმშრომლებმა მიმიყვანეს მანქანამდე და დამსვეს. ძალიან დიდი საცობში მოვყევი და უზომოდ გამიჭირდა მართვა.

 

ვიფიქრე, მანქანას სადმე გადავაყენებ, ჩემს ძმას დავურეკავ, მოვა და წამიყვანს-მეთქი, მაგრამ ეს აზრიც უარვყავი და ჩემს თავს ვუთხარი – ახლა თუ შენ ამას შეძლებ, რომ დამოუკიდებლად მიხვალ სახლამდე, მაშინ ყველაფერს შეძლებ-მეთქი.

 

უკვე ფეხზე დავდიოდი, ჯოხსაც აღარ ვიყენებდი სიარულისას, რომ ისევ პრობლემები შემექმნა და საავადმყოფოში მოვხვდი, მაგრამ იქ არსებული ცუდი პირობების გამო დიდხანს ვერ გავჩერდი და სახლში მოვკვდები, ასე მირჩევნია-მეთქი, ვთქვი და წამოვედი.

 

როგორც ჩანს, რაღაც ვირუსი გააქტიურდა ისევ ჩემს სხეულში. მაგ პერიოდში მქონდა ხილვები თუ მოლანდებები, არ ვიცი.

 

2 უზარმაზარ ნაცრისფერ სხეულს ვხედავდი, დიდი პირით, რომლებსაც ჩემთან მოახლოება უნდოდათ, მაგრამ 1 მეტრზე ახლოს ვერ მოდიოდნენ.

 

ჯვარი მეკეთა და ხელში მუდმივად ხატი მეჭირა, გულში ჩაკრული. აბაზანაში რომ შევდიოდი, ხმები ჩამესმოდა, ჯვარი მოიხსენი, უნდა დაგახრჩოთო.

 

რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ასეთი რაღაცები მემართებოდა. ამის გამო მამა სოკრატესთან ვიყავი მისული და ლახვარი რომ გამიკეთა, სამჯერ გახდა ცუდად.

 

მითხრა, ჯადო გაქვს გაკეთებულიო. იქიდან რომ წამოვედი, არაფერი მაწუხებდა, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი.

 

ჩემი ასეთი მდგომარეობის გამო ორი მაღაზია დავკეტე. ერთი დავიტოვე და ვამუშავებდი. ჯდომა რომ შევძელი, ჩემებს მივყავდი ხოლმე, ვიჯექი და ვმუშაობდი.

 

წინ, პატარა სკამზე დავიდგი საკერავი მანქანა და რადგან ფეხებს ვერ ვამოძრავებდი, ჩემი თანამშრომელი აჭერდა ფეხს სატერფულს და მე ვკერავდი.

 

 

მერე სხვადსხვა მიზეზის გამო ის მაღაზიაც დავკეტე და ამერიკაში წამოსვლა გადავწყვიტე.

 

ჩემი ძალიან ახლო ნათესავები ცხოვრობენ ბრუკლინში და სულ მეხვეწებოდნენ, რომ მათთან ჩამოვსულიყავი, მაგრამ არასოდეს მქონია სურვილი.

 

საქართველოში ძალიან წარმატებული ვიყავი, უამრავი კლიენტი მყავდა, ვაწყობდი ჩვენებებს. 2013 წელს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, – „ქორთიერდ მარიოტში“, სადაც ჩემი საქორწილო კაბები წარადგინეს ცნობილმა ადამიანებმა, ჟურნალისტებმა. წარმატებული პროექტი გამოვიდა.

 

ვიზა უპრობლემოდ მივიღე და გამოვემგზავრე. აქ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც საქორწინო კაბებს ვკერავდით და დაგადაკეთებასაც ვახდენდით.

მერე შემთხვევით გაზეთში ვნახე განცხადება რუსულ ენაზე, რომ ეძებდნენ თანამშრომელს ბრენდულ კომპანიაში.

 

რუსული ისედაც არ ვიცოდი, ინგლისურსაც ვამტვრევდი და ამ კომპანიაში დავარეკინე ჩემს ნათესავს, რომელმაც უთხრა – სამსახურში მიიღეთ, მაგრამ არც რუსული იცის, არც ინგლისური და საბუთებიც არა აქვსო. გადაირივნენ, როგორ მივიღოთო? მაგრამ დეიდაჩემმა უთხრა, უბრალოდ, მოვა და შეხედეთო. დამიბარეს. მომცეს დაჭრილი კაბა – ააწყეო. ვიმუშავე მთელი დღე, ავაწყე კაბა, დავტოვე და წამოვედი სახლში. რამდენიმე წუთში დამირეკეს და მითხრეს, მიღებული ხარ სამსახურში და ხვალიდან გამოდიო.

 

იქ ძალიან ძვირფას კაბებს ვკერავდით, 5 ათასი დოლარიდან იწყებოდა ფასი. ვაკეთებდით კოლექციებს და ბევრი რამე ვისწავლე კიდეც.

შემდეგ გადავედი ებრაულ, ასევე ბრენდულ კომპანიაში, სადაც ტესტირებით მიმიღეს. სხვათა შორის, ძალიან რთული ტესტირება გავიარე.

 

მანქანები, რომელზეც სამუშაო უნდა შემესრულებინა, პირველად ვნახე. ასეთი დანადგარები არ მქონდა ნანახი. პირველ დღეს მომცეს დავალებები და შევასრულე.

 

შემდეგი ეტაპებიც წარმატებით გადავლახე და სელენა გომესის ვიპ-მკერავად ამიყვანეს. სელენა იყო ამ კომპანიის „ქოუჩის“ სახე და მთელი განყოფილება იყო შექმნილი, სადაც სპეციალურად ვმუშაობდით მისთვის.

 

გალასთვის“ გავაკეთეთ ორი კაბა და „პრიმერკაზე“ რომ ჩაუტანეს ლოს აჯელესში, ერთ-ერთი აირჩია და ის კაბა დავასრულეთ, მაგრამ „გალას“ წინა დღეს, საღამოს 10 საათზე გვითხრეს, რომ მეორე კაბა უნდოდა და მომიწია ნახევრად შეკერილი კაბის დასრულება.

 

მეორე დღეს წავედით სასტუმროში, წავიღეთ საკერავი მანქანა და ყველა ინსტრუმენტი, იქვე მოვაზომე კაბა, ტანზე მოვარგე, ცოტა გადავაკეთე და დასავრულე.

 

 

შემდეგ შემომთავაზეს უფრო მაღალ აზღაურებადი სამსახური და გადავედი იქ, სადაც დღეს ვმუშაობ.

 

ახლა ვმუშაობ ებრაელებთან და ვკერავთ ძალიან მოკრძალებულ საქორწინო კაბებს. უნდა იყოს დახურული, გაუმჭვირვალე…

 

უცნაურია, მაგრამ საინტერესო სამუშაოა. თუმცა, ფანტაზიას გასაქანს ვერ მისცემ.

 

ჯანმრთელობის მხრივ, ჯერჯერობით ყველაფერი ბოლომდე კიდევ არ მაქვს აღდგენილი, სახსრების პრობლემა მაქვს იმის გამო, რომ ამდენი წელი პრედნიზოლონს ვიღებდი.

 

ახლახან ოპერცია გავიკეთე, ღეროვანი უჯრედები გადამინერგეს და რეაბილიტაციის პროცესში ვარ.

 

თუმცა, ახლა კორონავირუსი მაქვს, ვარ დაინფიცირებული და ვზივარ შინ, იზოლაციაში. უკვე 2 კვირა გავიდა და იმედია, მალე გავალ სამსახურში.

 

რამდენიმე დღის განმავლობაში მქონდა სიცხე, ცოტა სუნთქვაც მიჭირდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მსუბუქად გადავიტანე. ერთ კვირაში ხელმეორედ გავიკეთებ ტესტს და იმედია, განკურნებული ვიქნები.

 

სამშობლოსგან მოშორებით ძალიან ძნელია ცხოვრება, 3,5 წელია, ამერიკაში ვარ და ჩამოსვლიდან 1 წლის შემდეგ ვიგრძენი საშინელი ნოსტალგია და დამემართა დეპრესია, საიდან გამოსასვლელადაც ფსიქოლოგის დახმარებაც კი დამჭირდა. საქართველოში ოჯახის წევრები, ასევე 17 წლის შვილი მყავს და ძალიან მენატრება.

 

ასევე წაიკითხეთ ამ რუბრიკიდან:

11 წლის გოგო გავზარდე, რომელიც 9 ჯარისკაცმა გააუპატიურა – რას ჰყვება 9 შვილისა და 18 შვილობილის დედა

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X