
გვიან ღამით ფოთის ბაზარში მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ცენტრალური გზის გათავისუფლების მიზნით, ვაჭრობისთვის განთავსებული დახლების აღება დაიწყეს, რასაც მოვაჭრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
როგორც ისინი ამბობენ, დახლების დემონტაჟი მათთან შეუთანხმებლად მოხდა.
„მაღაზიების წინ დახლები გვაქვს განთავსებული, რომელსაც, როგორც მითხრეს, ანგრევდნენ. გამოვიქეცი სახლიდან, რომ ჩემი დახლები გადამერჩინა. ბაზრის ტერიტორიაზე შემოვედი თუ არა, ვნახე, როგორ იღებდნენ დახლებს.
მე ვიცავ ჩემს დახლებს, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ აიღონ. როგორც ამიხსნეს და მითხრეს, ეს ყველაფერი უსაფრთხოების წესების დაცვის გამო ხდება.
ამბობენ, რომ თუ ეს ტერიტორია არ გათავისუფლდა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძროს მანქანები ვერ შემოვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დახლები ამას ხელს არ უშლის. ჩვენ სადაც ვიდექით იქ ვდგავართ, არაფერი დაგვირღვევია“, – განაცხადა მოვაჭრე რიტა ლაგვილავამ.
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი გარე ვაჭრობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხორციელდება.
„ფოთის მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული,“ – აცხადებენ ფოთის მერიაში.
ავტორი: თეა შონია