fbpx
11:05 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

ხევსურების წერილი ამერიკის პრეზიდენტს – “თუ გვიშ­ველით თქვენ, თუ არა, ჩვენი მშ­ველელი აღარა არი”…

ხევსურების წერილი ამერიკის პრეზიდენტს – “თუ გვიშ­ველით თქვენ, თუ არა, ჩვენი მშ­ველელი აღარა არი”…

გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინათ, ბუში ჩვენ ქვეყანას სტუმრობდა.

 

საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენ­ტმა, მეგობრობის დასტურ­ად, საზეიმოდ გადასცა 1936 წელს ხევსურების დაწერილი წერილი, სადაც ისინი ამერ­იკის პრეზიდენტს დახმარებ­ას სთხოვენ რუსებისგან თა­ვდასაღწევად.

 

„ამერიკის დიდ მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლ­ების თხოვნა ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს.

 

უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბე­ვრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნ­ებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ, სანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით.

 

მართალია იარა­ღი არა გვაქვ მაგრამ ხმალითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მა­გრამ ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძლიერის სახელმწი­ფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თო­რე ცოდო ვართ.

 

იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით, თუ გვიშ­ველით თქვენ თუ არა ჩვენი მშ­ველელი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელ დღეში იართ ჩვენ.

 

მთელი ხევსურეთის წარმომ­ადგენლები გიგა ლიქოკელი ვ. გორგილაშვილი 23-06-36 წ.“

 

სინამდვილეში პრეზიდენტმა ბუშს წერილის ინგლისურენოვ­ანი ასლი გადასცა, წერილის ორიგინალი კი უშიშროების არქივში ინახება. ინახება იმ საინტერესო და ტრაგიკულ ისტორიასთან ერ­თად, რომელიც წინ უძღოდა ამ წერილის დაწერას.

 

საიდუმლო ორგანიზაცია „ლიქოკი“

 

 

წერილის ავტორები სისხლის სამართლის საქმეში „ხალხის მტრე­ბად“ და საიდუმლო ორგანიზაცია „ლიქოკის“ წევრებად არიან მოხს­ენიებული.

 

გიგუა ლიქოკელთან ერ­თად, წერილი კიდევ ორმა ადამიანმა – ღერენა და გიორგი ლიქოკელებმა შეადგინეს, ვ. გორგილაშვილი სი­ნამდვილეში ამ წერილის ავტორი არასოდეს ყოფილა.

 

საქმეში წერია, რომ ისინი ბოლშევიკების წინააღ­მდეგ კონტრრევოლუციას ამზადე­ბდნენ. ყველაზე ხნიერი მათ შორის ღერენა იყო, სამოცს გადაბიჯებული ნასალდათარი, რომელმაც კარგად იცოდა რუსული ენა.

 

ის მთელ ხე­ვსურეთში განთქმული იყო თავისი ვაჟკაცობით, თუმცა საზარელი გა­რეგნობა ჰქონდა. ერთ-ერთი ბრძო­ლისას ღერენას ცხვირი ხმლით წა­ათალეს.

 

ასეთი შესახედაობის გამო, მისი სურათი სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. მიზეზიც მარტივ­ია – ანფასში მას სურათს ვერ გადა­უღებდნენ… ყველაზე ახალგაზრდა გიგუა ლიქოკელი გახლდათ. 1936 წელს, როცა ის დააპატიმრეს, მხოლ­ოდ 35 წლის იყო.

 

ბოლშევიკებს ეს ადამიანები სძ­ულდათ, რადგან ხევსურეთის ცნ­ობილ აჯანყებას სწორედ ისინი მეთაურობდნენ, ისინი დამორჩილებას არ აპირებდნენ.

 

ქაქუცა ჩოლოყაშვ­ილს ავტორიტეტით არცერთი არ ჩამოუვარდებოდა. მით უმეტეს, სა­მივე ხევსურეთის ცნობილი აჯანყე­ბის ლიდერი იყო. ბოლშევიკებს მათი მოხელთება იმ პერიოდში ძალიან გა­უჭირდათ. 1922 წლის აჯანყებისას სამი დიდი ბრძოლა გაიმართა.

 

პირვ­ელი ბრძოლის შემდეგ, ხევსურებმა მთელი მეთერთმეტე არმია და მოღალატე ქართული მილიციის ჯარი გაანადგურეს. ბრძოლა ორწყალში, ბარისახოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით მოხდა. ამის შემდეგ კი­დევ ორი ბრძოლა ჩატარდა.

 

მესამე ბრძოლა ძირითადად ლიქოკში, ლი­ქოკის ხეობაში გაიმართა. თუმცა ვერც ერთი ბრძოლისას ხევსურებ­ის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა, რა­დგან ისინი მიუვალ კლდეებსა და ტყეებში ჩასაფრდნენ. კომუნისტები კი ცხვრის ფარასავით ერთად დახე­ტიალობდნენ და კარგი სამიზნეები იყვნენ.

 

თუმცა საბოლოოდ მაინც დაიკავეს ხევსურეთი და რამდენიმე სოფელს ცეცხლი წაუკიდეს.

 

მერე საავტომობილო გზა ბარისახომდე გაიყვანეს და „ინფრასტრუქტურაც განავითარეს“ – ჯერ სკოლა-ინტერნ­ატი ააშენეს, შემდეგ – ფოსტა, მილი­ცია და ბოლოს დასასვენებლი სახლ­იც წამოჭიმეს. დასასვენებელ სახლში კი „კაგებეს“ აგენტი, ვინმე მშვენირა­ძე ჩაასახლეს.

 

ამერიკელი ტურისტები ხევსურეთში

 

მშვენირაძე მოვალეობის შესრ­ულებას შეუდგა და პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობ­ის მოპოვება სცადა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. სულ მალე დასასვენ­ებელ სახლში ამერიკელი ტურისტი ცოლ-ქმარი – გრეგოკები ჩამოვი­დნენ.

 

ამ გადასახედიდან 1936 წელს ამერიკელი ტურისტების ხევსურეთ­ში სტუმრობა და იქ თხილამურებით სრიალი, ალბათ, ფანტასტიკის სფეროდანაა, თუმცა ეს კარგად მოფიქრ­ებული ხაფანგი იყო და ხევსურებმაც ადვილად დაიჯერეს.

 

დაიჯერეს ისიც, რომ ლიქოკში ღამეს გაათენებდა, პრ­ოფესიით ჟურნალისტი ამერიკელდა მას ეთნოგრაფიული მასალების შეგროვებაში უნდა დახმარებოდნენ.

 

თანაც მეორე დღეს 14 იანვარი თენდებოდა, ლიქოკში ხატობა იმართე­ბოდა…

 

ენობრივი ბარიერის გამო „ამ­ერიკელმა“ ხევსურებთან კონტაქტი ვერ დაამყარა, თარჯიმნად რუსულის მცოდნე ღერენა მიუყვანეს და პოლიტიკაზე რომ ჩამოვარდა საუბარი, უცხოელმა ისეთები შეუბერა, რომ კაპიტალიზმის არმცოდნე ხევსურ­ებიც კი მიხვდნენ მის კომუნისტურ სულისკვეთებას.

 

მასხრად აიგდ­ეს. ერთ-ერთმა მას თვალებში კერიის კოცონიდან აღებული ნაცარიც შეაყ­არა, მერე უთქვამს: „ძმაო, რაი გეწყ­ინაინა, გემასხრეო…“

 

ძალიანაც ეწყინე­ბოდა, თუმცა სამაგიეროს გადახდა სხვა დროისთვის გადადო. ამის დრო რომ ნამდვილად დადგებოდა, ეს კა­რგად იცოდა.

 

გრეგოკი ლიქოკში მე­ორედ ამაღლებაზე, აპრილში ავიდა. რაკი მისი მხოლოდ ღერენას ესმოდა, ყველაზე მეტად მას დაუახლოვდა. მესამედ ის ლიქოკს უკვე ზაფხულში ეწვია, თან ერთი „თბილისელი“ მეგო­ბარიც ახლდა, ვინმე ილარიონი.

 

ღერენას წაქეზება კი არ გასჭირვებიათ, რადგან მას სისხლი და თავისუფლ­ება ერთნაირად უყვარდა. ადვილად დაარწმუნეს, რომ ხევსურეთის თა­ვისუფლება სავსებით რეალური იყო, თუ დახმარებას სწორედ ამერიკიდან მიიღებდნენ.

 

ამისთვის მხოლოდ წე­რილის დაწერა იყო საჭირო პრეზიდ­ენტის სახელზე.

 

ხაფანგი

 

ცოტა ხანში გიგუა, ღერენა და გი­ორგი „ამერიკელს“ თბილისში ბინაზე ესტუმრნენ, სადაც ისინი კონიაკით გამოათვრეს და ნასვამები დაარწმ­უნეს, რომ ამერიკელები აჯანყების მოწყობაში აუცილებლად დაეხმარე­ბოდნენ, ამისთვის კი პრეზიდენტის სახელზე წერილის დაწერაც იკმარე­ბა.

 

წერილში უნდა ჩამოეწერათ იმ ხალხის სია, ვინც აჯანყების შემთ­ხვევაში მათთან ერთად დადგებოდა. მისამართზე კი „ჩეკას“ შენობა მიათ­ითებინეს, თუმცა არც ერთმა არ იც­ოდა, რომ ეს ასე იყო.

 

დააპატიმრეს თერთმეტი ლიქოკე­ლი, ბარისახოს მილიციის უფროსმა პირველად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ახლო მეგობარი – დათვია ლიქოკე­ლი დააპატიმრა.

 

დათვია ტყეში იყო გავარდნილი, მან თოფით ერთი მი­ლიციელი მოკლა და რამდენიმე და­ჭრა. თუმცა მთავრობამ ხევსურეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ეს დანა­შაული მას ორჯერ აპატია.

 

პატიების სიგელი პირველად – ბერიას, ხოლო მეორედ ფილიპე მახარაძის ბრძანე­ბით მიიღო. მას მილიციის უფრო­სი ბუცაშვილიც ემეგობრებოდა.

 

და ისიც იცოდნენ, რომ მას საკუთარი სიცოცხლე ფეხებზე ეკიდა, მუდამ თოფით დადიოდა და ყველა მიუვალი ბილიკი ზეპირად იცოდა. ის კომუნისტებს არც სხვა ხევსურებს დაანებ­ებდა.

 

ბუცაშვილმა დათვიას ღვინოში ძილის წამალი ჩაუყარა, გაკოჭა და „ჩეკაში“ ჩაიყვანა.

 

ღერენა, გიგუა და გიორგი კი მა­სხრად აიგდეს, „ამერიკელმა“ ისევ დაპატიჟა ისინი თბილისში. კვლავ კონიაკით გამოათრო და „ამერიკიდან გამოგზავნილი იარაღის“ წამოსაღე­ბად „ჩეკა“-ში „მიიყვანა“.

 

საკანში ერთად შეყრილ ლიქოკე­ლებს კი ეს სია და ამერიკაში გაგზავ­ნილი წერილი მიუტანეს, არადა ხევს­ურებმა ისიც არ იცოდნენ წესიერად, რომ იმ პერიოდში ამერიკის პრეზიდ­ენტი რუზველტი იყო.

 

მაშინ კი და­ირტყეს გულზე ხელი საქართველოს განთავისუფლებაზე მეოცნებე ვაჟკ­აცებმა, ხოლო იმას, თუ რა სულე­ლურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

 

საბოლოოდ მაშინ მიხვდნენ, როცა გამომძიებლად ხევსურეთში თხილ­ამურებზე მოსრიალე და ლიქოკში ხა­ტობაზე ნაცარნაყლაპი „ამერიკელი“ მოევლინათ. უკან არც ერთი მათგანი არ დაბრუნებულა…

 

ავტორი: მარიტა დამენია.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N49(4)-ის არქივიდან 2010 წ.)

ავტორი: Prime Time


X