21:25 | 2020-06-13 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ხედავდნენ, როგორ ცეკვავდა დედა დრამატული ჟესტებით შვილების პატარა გვამებთან

ხედავდნენ, როგორ ცეკვავდა დედა დრამატული ჟესტებით შვილების პატარა გვამებთან

კარიერის დასაწყისში, მისი ცეკვები უხერხულობას იწვევდა, ბოლოს – დასცინოდნენ, მაგრამ აისედორა დუნკანი გახდა ლეგენდა… მხოლოდ, მისი პირადი ცხოვრება არ იყო ისეთივე ბედნიერი და წარმატებული, როგორც კარიერა!

 

აისედორა დუნკანის ამბავი ბევრს „ამერიკული ოცნების“ განსახიერებად მიაჩნდა. ღარიბი ოჯახის შვილი მსოფლიოში ცნობილი და მდიდარი გახდა. აისედორა, რომელსაც თავდაპირველად დორ ენჯელი ერქვა, სიღარიბეში არ დაბადებულა. მისი მამა ბანკირი იყო და გაკოტრდა, როდესაც აისედორა ჯერ კიდევ პატარა იყო მამამისი გაეყარა ცოლს და დაუტოვა მას ყველა შვილი.

 

დორას დედამ ბავშვები სან-ფრანცისკოს ძვირად ღირებული სახლიდან საცხოვრებლად ოკლენდში მდებარე მოკრძალებულ ბინაში გადაიყვანა. ის ფორტეპიანოს გაკვეთილებს ატარებდა და ღამით კერავდა.

 

ოთხ შვილთან ერთად ცხოვრება არ არის ადვილი, თუნდაც დღე და ღამ იმუშაოთ. ქალბატონმა დუნკანმა ხუთი წლის დორა სკოლაში მიიყვანა და თქვა, რომ ის შვიდი წლის იყო. გოგონა სწრაფად  განვითარდა. ასევე, ბავშვი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ.

 

ათი წლის დორამ სკოლა მიატოვა და მალევე დაიწყო რიტმის გაკვეთილების ჩატარება. როგორც ყოველთვის, მან მოატყუა მოსწავლეების მშობლები და თავი 16 წლისად გაასაღა. გოგონა იმდენად მაღალი იყო, რომ უპრობლემოდ დაუჯერეს.

 

 

თავისუფალ დროს დორა ცეკვავდა. მან შექმნა თავისი ცეკვა. ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული სტილი, რომელიც მის სახელს დაუკავშირდებოდა. ეს არ იყო კლასიკური ქორეოგრაფია, არც ერთი ხალხური სტილი. დორას სურდა შეექმნა რაღაც მკაცრი და ბუნებრივი, ცოტა იდუმალი და ღვთიური, ისევე, როგორც ძველი ბერძნული ცეკვები – როგორც მას წარმოედგინა ისინი, რა თქმა უნდა.

 

მოგვიანებით თქვა, რომ ის ქარისა და ზღვის ტალღების ცეკვას სწავლობდა, მაგრამ სინამდვილეში, დორას მიერ გამოგონებული ყველა მოძრაობა იყო მისი შრომის შედეგი.

 

სასოწარკვეთილებამ და სიღარიბემ აიძულა ქალბატონი დუნკანი, გამოეყენებინა თავისი უმცროსი ქალიშვილის ხიბლი. თუ საჭირო იყო ხორცის ან პურის ვალად აღება, მათ მიუგზავნიდა პატარა, საყვარელ გოგონას, რომლის თხოვნები ადრე თუ გვიან შეეხებოდა ნებისმიერი ვაჭრის გულს.

 

მოგვიანებით, როდესაც აისედორა წამოიზარდა, დედამ ხელი შეუწყო მის ზრდასრულ მამაკაცთან ურთიერთობას. იმედოვნებდა, რომ სწრაფად დაქორწინდებოდა და ამრიგად, შვილის ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფდა, მაგრამ მამაკაცი ცოლიანი აღმოჩნდა.

 

დორა შეეჩვია, განეხილა თავისი ლამაზი გარეგნობა, როგორც რაღაც ვალდებულება ოჯახის წინაშე. ერთხელ მან აღმოაჩინა, რომ დედა ტიროდა. მას წინ ნაქსოვი ნივთებით – ქუდებითა და შარფებით სავსე კალათი ედგა, რომლებიც მაღაზიაში არ მიიღეს. დორამ ჩუმად აიღო კალათა და ქუჩაში გავიდა, სადაც შეძლო ყველაფრის გაყიდვა.

 

დორა გაიზარდა და გადაწყვიტა, თავის გატანა ცეკვით. დედამ წაიყვანა სინჯებზე. ჩაბნელებულ სცენაზე დორამ ყველაფერი საუკეთესო აჩვენა, რაც სახლში დაამუშავა. იმის მიუხედავად, რომ მას თეთრი ტანისამოსი ეცვა, რომელიც მაღალ, თეთრ ფეხებს უშიშვლებდა, ჟიურიმ თქვა, რომ ასეთი ცეკვებით მხოლოდ ეკლესიაში შეიძლებოდა გამოსვლა, რადგან ძალზე მოსაწყენი იყო.

 

საბედნიეროდ, დორა ჯიუტი აღმოჩნდა. მან სინჯებისთვის უამრავი ქალაქი მოიარა. ჩიკაგოში დედასთან ერთად დიდი დრო გაატარა და ყველანაირი მარაგი ამოწურეს. დორას კაბიდან მოხსნილი არშიის გაყიდვაც კი მოუწიათ.

 

 

ბოლოს, კაფეს მენეჯერი დათანხმდა, რომ გოგონას საღამოსთვის წაიყვანდა, თუ ცეკვას ცოტა ცეცხლს დაამატებდა. თავიდან ასე იყოს, ბერძნული იცეკვე, მაგრამ შემდეგ რუშებიანი კაბა უნდა გაიხადო და ფეხები „აყაროო“ – უთხრა. სად უნდა ეშოვათ რუშები?

 

სასოწარკვეთილი დორა ტანსაცმლის მაღაზიაში შევიდა და უბრალოდ, უთხრა მეპატრონეს, რომ ვალად მიეცა ტანისამოსი და ეს მომგებიანი ინვესტიცია იქნებოდა. თანაც, ის ნამდვილად გადაიხდიდა საფასურს. საბედნიეროდ მეპატრონემ დაუჯერა. მრავალი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ: ტანსაცმლით მოვაჭრე მილიარდერი გახდა, ხოლო გოგონა ქუჩიდან – ვარსკვლავი და მათ ეს ამბავი სიამოვნებით გაიხსენეს.

 

 

დროთა განმავლობაში დორამ შეძლო, რომ მის ცეკვებს უყურებდნენ ყოველგვარი „ცეცხლისა“ და ზოგჯერ მუსიკის გარეშეც კი. ხალხი ალაპარაკდა მოცეკვავეზე, რომელიც ახერხებდა საათის ან მეტი ხნის განმავლობაში, უცნაური მოძრაობებით დარბაზის შევსებას.

 

ცდილობდა, რომ მისი ცეკვა უფრო მიმზიდველი ყოფილიყო. კრიტიკოსები ცდილობდნენ, გაეგოთ, რა იყო მისი შეუცვლელი თეთრი ჰიტონი და შიშველი ფეხები: გარყვნილება თუ ლაკონიზმი, თავისუფლება, ბუნებრიობა თუ ფეხების დემონსტრირება? ამ დავების თანხლებით დორა – უკვე აისედორა გახდა მსოფლიო ვარსკვლავი.

 

სამწუხაროდ, კარიერაში წარმატებამ არ მოუტანა ბედნიერება პირად ცხოვრებაში.

 

მამაკაცებისთვის, იგი ღირებული ნადავლი იყო. ორი საყვარელიდან შეეძინა ვაჟი და ქალიშვილი – და როგორც ჩანს, მან მათში საბოლოოდ იპოვა ოჯახი, რადგან ბავშვები ნაკლებად ღალატობდნენ, ვიდრე საყვარლები. თუმცა, ისინი ტრაგიკულად დაიღუპნენ, დაიხრჩვნენ მანქანაში, რომელშიც მძღოლმა ჩაკეტილი დატოვა.

 

დუნკანი სიგიჟემდე მივიდა. მოწმეები შოკში იყვნენ, როდესაც ხედავდნენ, როგორ ცეკვავდა დედა დრამატული ჟესტებით, პატარა გვამებთან, რომლებიც ახლახან ამოიყვანეს მდინარიდან. ნუთუ ბავშვებისთვის სიკვდილიც კი შოუ მიზეზი იყო შოუსთვის? მაგრამ ეს ცეკვა ტკივილის გამოხატულება იყო, გზა მისი გადარჩენისა, ყველაზე მწვავე მომენტში. დუნკანს სხვა გზა არ ჰქონდა. მას ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ ღარიბებს ტირილის უფლება არ ჰქონდათ. მათ არ უნდა დაეხარჯათ ენერგია ცრემლის ღვრაზე.

 

სადაც უნდა ეცხოვრა დუნკანს, ცდილობდა, სხვა ღარიბი და ნიჭიერი გოგონებისთვის მიეცა შანსი, ისევე, როგორც მას მისცეს ოდესღაც. იგი ასწავლიდა და კვებავდა რამდენიმე ობოლს ან უბრალოდ, ღარიბ ბავშვს, ზოგჯერ ისინი შვილად აჰყავდა.

 

საბჭოთა კავშირში ისადორა შეხვდა თავის ყველაზე ცნობილ საყვარელს, სერგეი ესენინს.

 

 

ისინი ერთმანეთს ნიჭიერებითა და პოპულარობით იზიდავდნენ, მაგრამ ეს ურთიერთობა უბედურების მომტანი იყო დუნკანისთვის.

 

ესენინს ჩვევად ჰქონდა, რომ სცემდა თავის ქალებს და დორაც არ დაინდო.

 

საზღვარგარეთ მოგზაურობისას პოეტი ბრაზობდა, როდესაც აღმოაჩენდა, რომ ზოგისთვის აისედორა მისი ღირებული ნადავლი კი არ იყო, არამედ თავად იყო ცეკვის ვარსკვლავის დანართი.

 

ორი წლის შემდეგ მათი ქორწინება დასრულდა და დუნკანმა დატოვა საბჭოთა კავშირი.

 

დუნკანმა სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მოსწავლეების აღზრდას დაუთმო.

 

 

დუნკანი გარდაიცვალა ტრაგიკულად, მაგრამ … მას ალბათ მოეწონებოდა ეს და არა საავადმყოფოს ოთახში, არა – თვითმკვლელობით. მას უყვარდა ეფექტები და დრამა. აისედორას უყვარდა კარგად ჩაცმა. მისი გარდაცვალების დღეს, რომანტიკული, გრძელი, წითელი შარფი ეკეთა, რომელიც მანქანის ბორბალმა ჩაითრია. ის 50 წლის იყო.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X