fbpx
13:26 | 2020-07-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“ხაჭაპურს არ ჭამს… დელიკატესებს რომ მიირთმევს, ამიტომაც არის ჩაკუპატებული” – კუპატა “პრაიმტაიმის” ობიექტივში

“ხაჭაპურს არ ჭამს… დელიკატესებს რომ მიირთმევს, ამიტომაც არის ჩაკუპატებული” – კუპატა “პრაიმტაიმის” ობიექტივში

კუპატას პოპულარობას ბევრი ინატრებდა. ის უკვე კოლორიტი ბათუმელების რიცხვში საპატიო ადგილსაც კი იკავებს.

 

თუ ამ შავ-თეთრ მეტისს, ერთი წლის წინ, მხოლოდ ახალგაზრდული პარკის შესასვლელთან, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იცნობდნენ, დღეს უკვე ის მსოფლიოში ცნობილი კუპატაა – ძაღლი, რომელიც ზებრაზე გადასვლაში ეხმარება ბავშვებს.

 

No description available.

 

ბათუმელი ქუჩის ძაღლი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ABC News-მა გამოაქვეყნა ძაღლის ვიდეო სათაურით „ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში”. ვიდეო, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ჯენიფერ ენისტონმაც კი “დაალაიქა”.

 

ძაღლი პოპულარული სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მეშვეობით გახდა, სადაც ჩანს, თუ როგორ უყეფს ის მანქანებს, ცდილობს მათ გაჩერებას, რათა გადასასვლელზე ბავშვები უსაფრთხოდ გადავიდნენ. 

 

კუპატა დაახლოებით ოთხი წელია ერთ ამოჩემებულ სადარბაზოში ათევდა ბათუმურ ღამეებს. მას შემდეგ, რაც ის ხალხის რჩეულის ტიტულით დაჯილდოვდა, ლევან ჩხაიძემ პატარა მწვანე სახლი აუგო.

 

No description available.

 

მიმდებარე კორპუსის კედელზე კუპატას გრაფიტი გაჩნდა. გრაფიტის ავტორი მხატვარი “გამეზაა”, რომელმაც ჯერ ჩანახატი გააკეთა, მოგვიანებით კი, გვირგვინმოსილი გმირი ძაღლის გამოსახულება, სახლის კედელზე გადაიტანა. 

 

ამჯერად კუპატა “პრაიმტაიმის” ობიექტივში აღმოჩნდა. მას უბრალოდ ვიღებდით, თუმცა, თუ მის სუპერპოპულარობას გავითვალისინებთ, მარტო არასდროს არის. აი, ასე აღმოჩნდა ჩვენს კადრში ბათუმელი გიორგი ვასაძე, რომელმაც საყვარელ ოთხფეხაზე ორიოდ სიტყვა გვითხრა.

 

No description available.

 

მემედ აბაშიძეზე ჩვეული ხმაური იყო, თუმცა იმ არეალის გმირი ჯერ არსად ჩანდა. მოვიკითხეთ და გვითხრეს, რომ თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებოდა. კუპატა გრილ სადარბაზოს აფარებდა თავს. ინტერესით მომზირალი თვალები დაინახა თუ არა, გამოვიდა და ჩვენს ობიექტივშიც მოხვდა და გამვლელების სასიყვარულო ფრაზებიც შეიფერა.

 

აი, რა შთაბეჭდილებას ტოვებს კუპატა: სრულიად არა ვარსკვლავური გამომეტყველება აქვს, თავმდაბალია, უყვარს მოფერება. დადის თითქოს და შეუმჩნევლად, გეგონებათ სხვა ქუჩის ძაღლებივით არ იგუგლებოდეს და ენისტონს არ ჰყავდეს “დალაიქებული”.

 

როგორც იქვე, საცხობში გვითხრეს, არ უყვარს ხაჭაპური, საერთოდ არ ეკარება ცომეულს. მისი საყვარელი საკვები ხორცი ყოფილა, ოღონდ ძეხვეულში არ აგერიოთ, ხორცის მსუყე ნაჭრით სადილობს. 

 

“იმ ხორცის მაღაზიიდან გამყიდველი დილაობით ხორცით კვებავს. დელიკატესებს რომ მიირთმევს, იმიტომაც არის ჩასუქებულ-ჩაკუპატებული. სოსისი არ უყვარს, დაუგდეს და პირი არ დააკარა. არც ხაჭაპურს ჭამს. ასეთი პირის გემოს ძაღლია” – გვეუბნება მცხობელი.

 

No description available.

 

გიორგი ვასაძე აბაშიძეზე დამკვიდრებულ მეტისზე გვიყვება.

 

“აქ ცხოვრობს სამ წელზე მეტია. ხან სად ათევდა ღამეს, ხან – სად. თავიდან ქუჩაზე გადასვლით მიიქცია ყურადღება. გადაიყვანა ბავშვები, გააჩერა მანქანები, უყეფდა. ასე მოიქცა რამდენჯერმე. მერე ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო ყველამ იხილეთ.

 

კეთილი ძაღლია. კბენით არავისთვის უკბენია. ვკვებავთ ყველა უბნელი. მეგობარი ძაღლები ხშირად აკითხავს უბანში” – უყვება “პრაიმტაიმს” კუპატას უბნელი.

 

ინტერვიუს შემდეგ კუპატამ ისევ სადარბაზოს მიაშურა, რომ ყურადღებით გადაღლილს დაესვენა. დამავიწყდა, მსოფლიოში ცნობილ მეტისს თავდაჯერებაც აქვს, იცის, რა დროს რა უნდა და არჩევანში სრულად თავისუფალია.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X