18:50 | 2021-09-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“ხალხი ვაქცინის გასაკეთებლად, შეგნებულად უნდა მიიყვანო და არა ფულადი სატყუარით” – რაში დახარჯა მოგებული ასი ლარი ლამარა აბჟანდაძემ

“ხალხი ვაქცინის გასაკეთებლად, შეგნებულად უნდა მიიყვანო და არა ფულადი სატყუარით” – რაში დახარჯა მოგებული ასი ლარი ლამარა აბჟანდაძემ

ვაქცინირებული თანამოქალაქეებისთვის წამოწყებული წამახალისებელი ლატარიის ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული, 91 წლის ლამარა აბჟანდაძე გახლავთ. როგორც გვითხრა, მოგებული ასი ლარი უკვე დახარჯა. საყვარელი ყვავილების თესლები იყიდა, რომ აივანზე მოწყობილი ბაღი, კიდევ უფრო გაალამაზოს.

 

როგორც აღმოჩნდა, ბლოგერი ამ ლატარიის წინააღმდეგია. არგუმენტიც ლოგიკური აქვს.

 

ამ პატარა ინტერვიუში ასაკის საიდუმლოებაც დავაცდენინეთ და დღეგრძელობის ფორმულის გასაღებიც დავსტყუეთ. ჰოდა, თუ გსურთ 90-ს ისე მიუკაკუნოთ, რომ საკუთარი ზოდიაქოს ნიშანიც გახსოვდეთ და ფეხის ზომაც, თან პოსტების წერის სურვილიც არ დაკარგოთ, მიჰყევით ქალბატონი ლამარას გამოცდილებას.

 

ლამარა აბჟანდაძე: – ჩემი აზრით, ეს ლატარეა საერთოდ არ უნდა გათამაშებულიყო. ხალხი ვაქცინის გასაკეთებლად შეგნებულად უნდა მიიყვანო და არა ფულადი სატყუარით. თავისი შეგნებით უნდა მიდიოდნენ იმუნიზაციისთვის.

 

ფულის გულისთვის აცრა, ჩემამდე არ დადის. ეს ფული აგიტაციისთვის უნდა დაეხარჯათ, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია უნდა მიეტანათ, შეგნება აემაღლებინათ, ცნობიერება აემაღლებინათ… უზარმაზარ ბილბორდებზე ხატია პოლიტიკოსები. ამის ნაცვლად აცრის პროპაგანდა უნდა გაეწიათ.

 

 

პენსიონერისთვის ასი კი არა, ათი ლარიც სასიხარულოა, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანმა ფულის გამო არ უნდა აიცრას. თავისით უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ აცრა აუცილებელია.

 

მე აპრილში, ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი ასტრა-ზენეკით. მარტო წავედი და ავიცერი.

 

შვილიშვილმა სამსახურიდან მოიტანა კოვიდი. ერთხელ იყო აცრილი და იოლად გადაიტანა. სახლში ყველანი აცრილები ვართ და არავის გადაგვდებია.

 

– მინდა მოგვცეთ რჩევა, როგორ მივიდეთ 90 წლამდე ისე, რომ გონება და საღი აზროვნება შევინარჩუნოთ?

 

– ასაკი ბარიერად არ უნდა ჩათვალოთ. მაგალითად, ხარ 70 წლის, არ უნდა იფიქრო, რომ 70 წლის შემდეგ დაბერდები. თავი ჩარჩოში არ უნდა ჩაისვა და ასაკი ბარიერად არ უნდა დასვა. ორგანიზმი და გონება თავისთავად დაჩლუნგდება, თუ მას სიბერისთვის განაწყობ. ეს არ უნდა მოხდეს.

 

კარგია თუ გონებას გაავარჯიშებთ. მე მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი და მათემატიკის წიგნები ახლაც გადაშლილი მაქვს. რთული მაგალითების და ამოცანების გამოყვანა რომ მომენატრება, სიამოვნებით ვჯდები და გამომყავს. გონებას ძალიან შველის.

 

– რითი იკვებებით?

 

– სახლში მეუბნებიან, ჩიტივით კენკავო. ცოტა ჰყოფნის ადამიანის ორგანიზმს.

 

დილით ჩაი, კარაქი, ყველი და პური. სადილად წვნიანი, ბოსტნეული, შეიძლება ხორცეულიც, მაგრამ უმეტესად, ბოსტნეული. საღამოს ჩაი, პატარა ნაჭერი პურით… მსუბუქად ივახშმეთ.

 

უკვე 50 წელია, ექვსი საათის შემდეგ არაფერი მიჭამია. საღამოს სტუმრად მისვლას შეგნებულად ვარიდებ თავს, რომ არ ვივახშმო. მაგიდასთან რომ ზიხარ და არ მიირთმევ, დიასახლისი ხომ შურაცხყოფად მიიღებს. ამიტომ ამ უხერხულობას თავი რომ ავარიდო, გვიან საღამოს სტუმრად არ მივდივარ.

 

 

საღამოობით, არც ახალგაზრდობაში ვიკვებებოდი ნოყიერად. თუმცა 40 წლის შემდეგ წესად შემოვიღე, რომ ექვსი საათის შემდეგ არ მივირთვა.

 

ვცდილობ ოჯახის წევრები შევაჩვიო ამ რეჟიმს, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგს ვერ მივაღწიე (იცინის).

 

– საყვარელი საქმე?

 

– ვიწრო აივანი მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ, რომ ქოთნის ყვავილების ბაღი მქონდეს. თაროები მაქვს გაკეთებული და მაქვს ნაირნაირი პეტუნიები, ჰოლანდიური ვარდები, წიწაკები, იები…

 

მიყვარს კომპიუტერთან ჯდომა და სიახლეების გაცნობა. არც ერთ ახალ ამბავს არ ვუშვებ გაუცნობელს და წაუკითხავს.

 

ვკითხულობ წიგნებს…

 

– რა არ მოგწონთ 21-ე საუკუნეში?

 

– 21 -ე საუკუნე უკეთესი იქნებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდის გადმონაშთებს რომ არ ჰქონდეს ადგილი. კომუნისტური მახინჯი ტრადიციები რომ არ გვქონდეს შემორჩენილი. ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ევროპულ დონემდე ავიდეთ.

 

სამასკაციანი ქელეხები, ქორწილები და თავყრილობები, რა საჭიროა. 15-20-ზე მეტკაციანი წვეულება ჩემთვის გაუგებარია. საჭიროებას ვერ ვხვდები.

 

2021-09-15"კოვიდმა შემაფუცხუნა და ამაჩქარა... მეტყობა, რომ სხვანაირი ვარ" - ეთერ თათარაიძის პოსტკოვიდური "ამპლუა"

 

ხომ გახსოვთ, მეოცე საუკუნეში, ჭორიკანა მეზობლები რომ ერთამანეთს აყურადებდნენ, განსაკუთრებით, დიდ, იტალიურ ეზოებში, ისეა ახლა სატელეფონო საუბრებზე. გვისმენენ და გვაყურადებენ. ამაზე რას ფიქრობთ?

 

– ეს უსინდისობა, უკულტურობაა და მეტი არაფერი. მე იმ ჭორიკანობასაც უკულტურობას ვეძახდი მაშინაც. მით უმეტეს ახლა, ამაში თუ მთავრობაა გარეული, საშინელი უკულტურობაა. ეს როგორ ვერ უნდა გაიზრონ.

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!