11:16 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

კაცი, რომელმაც ქართული მედიცინის ლეგენდა სიკვდილისგან იხსნა – უცნობი ამბავი ცნობილ ინფექციონისტზე

კაცი, რომელმაც ქართული მედიცინის ლეგენდა სიკვდილისგან იხსნა – უცნობი ამბავი ცნობილ ინფექციონისტზე

ქართული მედიცინის ლეგენდა, რომლის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში ინფექციური საავადმყოფოს წარმატება და ქვეყანაში მრავალი დაავადების დამარცხება. დღეს კორონავირუსთან მებრძოლი ქართველი ექიმების უმეტესობას სწორედ მისი სკოლა აქვს გავლილი.

 

სულისა და სხეულის უბადლო მკურნალი ...

 

ვახტანგ ბოჭორიშვილი 1924 წლის 25 მარტს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში დაიბადა. მისი ბიოგრაფია საკმაოდ მდიდარია და ბევრისთვის დღემდე უცნობ საინტერესო ფაქტებს მოიცავს.

 

ის ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამხედრო ექიმად მუშაობდა, შემდეგ მოღვაწეობა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე განაგრძო. 1969 წლიდან ვახტანგ ბოჭორიშვილი თბილისში გადმოვიდა და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას ჩაუდგა სათავეში. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს, ვახტანგ ბოჭორიშვილმა ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი, რამაც ფაქტობრივად, რევოლუციური შედეგი მოიტანა. მან პირველმა შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც  სიკვდილიანობის შემცირება უზრუნველჰყო.

 

ვახტანგ ბოჭორიშვილი 1970–1973 წლებში  საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრიც იყო. მის სახელს უკავშირდება ე.წ. სეფსის საწინააღმდეგო  რესპუბლიკური ცენტრის შექმნა, რომლის ბაზაზე ჩამოყალიბებული კლინიკა დღესაც ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელს ატარებს. შეიძლება ითქვას, მისი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65%-დან  5%-მდე შემცირდა.

 

შესაძლოა, არც ისე ბევრმა იცის, რომ ამ ბრწყინვალე სამედიცინო კარიერამდე ვახტანგ ბოჭორიშვილს თეატრალური განათლება და ამ სფეროში მუშაობის შესანიშნავი გამოცდილებაც ჰქონდა.

 

ის თბილისის  თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა და სხვადასხვა თეატრში რეჟისორის ასისტენტადაც მუშაობადა. ვახტანგ ბოჭორიშვილი თეატრალურ ინსტიტუტში სკოლის დამთავრებისთანავე, 1940 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა.

 

ფრიადოსანის სტიპენდია ყოფითი პრობლემების მოგვარებას არ ჰყოფნიდა, ამიტომ იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და კახეთში დაბრუნებულიყო. თელავის თეატრში ტექნიკურ რეჟისორად და მსახიობად დაიწყო მუშაობა. ვახტანგ ბოჭორიშვილი ახალგაზრდულ წლებში პოეზიითაც ყოფილა გატაცებული და ლექსებს თავადაც წერდა.

 

მოგვიანებით კი, უკვე კარგად გვახსოვს პარლამენტის სხდომაზე მის მიერ წარმოთქმული ლექსის სტრიქონები:

 

„განთიადია, ვგრძნობ ამ გულით, ვიცი ამ ტვინით, ადამიანო, განთიადია!“.

 

❤️

Gepostet von Eka Kherkheulidze am Sonntag, 5. April 2020

 

რატომ გადაწყვიტა მან მოსულიყო პოლიტიკაში ან გამხდარიყო  პარლამენტის დეპუტატი? ამის შესახებ თავად ვახტანგ ბოჭორიშვილი თავადვე წერდა. იქვე იხსენებს კახს, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების დროს ის დახვრეტას გადაარჩინა:

 

„პოლიტიკაში ჩემი ნამუსის გამო აღმოვჩნდი… ერთი ჟურნალი მომიტანეს, მასში არის წერილი: „კაცი, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა ვახტანგ ბოჭრიშვილი“. ის კაცი  2 -3 წლის წინ დავმარხეთ და იყო დიდებული პატრიოტი, ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი და აქტიური წევრი იატაკქვეშა  ორგანიზაციისა – 1942-43 წლებში, სოლომონ ( ცუგრი) თევზაძე… „1942 -ში  7 კაცი დაიჭირეს და შვიდივე დახვრიტეს (ამ ორგანიზაციის წევრები),  ცუგრიმ მაშინ გაგვაფრთხილა: ბიჭებო, ჩვენი საქმე აღარ გამოვა, ამიტომ თქვენ ახალგაზრდები სასწავლებლად წადით და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლასო. მერე, 1943 -ში, როცა უკვე საქართველოდან წასული ვიყავი, გავიგე რომ ორგანიზაცია ვიღაცამ გასცა, რომელსაც  ერთ-ერთ შეკრებაზე თავს დაესხნენ. ცუგრი ფანჯრიდან გადამხტარა და გაქცევისას ფეხში დაუჭრიათ.  ჯერ დახვრეტას უსჯიდნენ, მაგრამ მისის სასამართლო პროცესი 1944 წელს  გადავიდა,მაშინ კი უკვე ნაკლებად ხვრეტდნენ, ოღონდ ერთ პირობას უყენედნენ, – თუ გინდათ დახვრეტა გადასახლებით შეგიცვალოთ, მაშინ გვითხარით, გარეთ ვინ დაგრჩათო. ერთ-ერთი „ვინ“ მე ვიყავი. ცუგრი ძალიან ბევრი უწამებიათ, დაც კი მიუყვანიათ მასთან, მაგრამ ცუგრის ის გამოუგდია. ვერაფერი ვერ ათქმევინეს და ბოლოს 14 წლით გადაასახლეს. ის სიცოცხლის ბოლომდე ანტისაბჭოთა ელემენტად დარჩა. ბოლოს კი თავის ერთ-ერთ მოგონებაში წერდა: ის მაინც მოვახერხე, რომ ქვეყანას 3 აკადემიკოსი გადავურჩინეო, ნიკო ჭავჭავაძე, სიმონ ხეჩინაშვილი და ვახტანგ ბოჭორიშვილიო.

 

ვახტანგ ბოჭორიშვილის ნაკვალევი ...

 

1989 წელს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის  წევრად ამირჩიეს. იმ წელს არადა, იქ, 1990 წელს წავედი. ერთხელაც ჩემს მასპინძელთან ერთად ვუყურებ ტელევიზორს და უცბად ვხედავ ზვიად გამსახურდიას, რომელსაც აქეთ-იქეთ ორი ახალგაზრდა უდგას და ულოცავენ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას! იქ რაღა გამაჩერებდა! სუყველაფერი მივატოვე და გამოვიქეცი. ჩამოვედი, მაგრამ სულაც არ მივსულვარ ზვიადთან, არც ვაპირებდი. უბრალოდ, მიხაროდა მანამ,  სანამ კიტოვანმა (ამ უტვინომ) გადაწყვიტა ომი და გაიყვანა რკონში თავისი მოტყუებული გვარდიელები. აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი იყო მთავრობის სახლის წინ მიტინგებზე, სადაც ბატონი ზვიადი ხშირად გამოდიოდა“, – წერდა თავის მოგონებებში ვახტანგ ბოჭორიშვილი.

 

ის  78   წლის ასაკში, 2002 წლის 11 სექტემბერს გარდაიცვალა. პარლამენტმა იმ დღეს მუშაობა შეწყვიტა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X