18:04 | 2020-10-19 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ვინ არის კაცი, რომელმაც ამერიკელ ელჩებს ქართული ასწავლა

ვინ არის კაცი, რომელმაც ამერიკელ ელჩებს ქართული ასწავლა

ლევან გელაშვილი გახლავთ ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და მთარგმნელი, წიგნის – „უტეხი სული“ – თანაავტორი, რომელიც გივი ზალდასტანიშვილის შესახებ მოგვითხრობს. არის ამერიკის მოქალაქე და ქართული ენას ასწავლის ამერიკელებს.

 

ამჟამად ბატონი ლევანი ოჯახთან ერთად აფრიკაში ცხოვრობს და თავის შთაბეჭდილებებს „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უზიარებს:

 

– წნორში დავიბადე და გავიზარდე, ჩავაბარე თბილისში, დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ კარგა ხანს პედაგოგად ვმუშაობდი – ინგლისურს ვასწავლიდი. 1998 წელს პირველად წავიყვანე ჩემი მოსწავლეები ამერიკაში, გასვლითი პროგრამით, 1999-ში – მეორედ და სწორედ ამ წელს გავიცანი ქართველი ემიგრანტი, გივი ზალდასტანიშვილი, რომელიც გახდა ჩემთვის მეორე მამა. მან მითხრა, რომ სკოლის გახსნა უნდოდა საქართველოში.

 

 

გივი და მისი ძმა – ოთარი საფრანგეთში გაიზარდნენ, მაგრამ ქართულს ზედმიწევნით კარგად ფლობდნენ. ისინი საკმაოდ მდიდარი და წარმატებული ბიზნესმენები იყვნენ. ოთარის გაკეთებულია ბოსტონის აეროპორტი, ასევე „პალმის კუნძულიც“ მისი დაპროექტებულია. საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვეს ძმებმა. ძია გივი ამბობდა, – ვფიქრობდი, რით დავხმარებოდი ჩვენს გაჭირვებულ საქართველოს და გადავწყვიტეთ, საქართველოში ჩავსულიყავით და გაგვეგო, რა სიტუაცია იყო ქვეყანაში და სად შეიძლებოდა ფულის დაბანდებაო.

 

ჩამოვიდნენ ძმები თბილისში. მაშინ ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდი იყო. გივი ძიასგან ვიცი, რომ დახვედრიათ საოცრად კორუმპირებული საქართველო. მათ სხვაგვარად წარმოედგინათ აქაური სიტუაცია. დასევიან კორუმპირებული ჩინოვნიკები და ყველა თავის იდეას აწვდიდა, სად უნდა ჩაედოთ კაპიტალი. ყულევის ნავთობსადენის გაკეთებაც შესთავაზეს.

 

აშშ-ს ყველაზე მდიდარი ქართველის - გივი ზალდასტანიშვილის ანდერძი - Media City
გივი ზალდასტანიშვილი

 

– პატრიოტ ოჯახში გავიზარდე, მთელი ჩემი ნათესაობა საქართველოზე უზომოდ იყო შეყვარებული და ეს ხალხი ისეთი უცნაური, ჟარგონული ქართულით გველაპარაკებოდა, რომ ვნანობდი ჩამოსვლას, ვფიქრობდი, სად ვარ, რატომ და რას ვაკეთებ-მეთქიო? მიყვებოდა გივი ძია.

 

იმის მერე ოთარს ფეხი არ ჩამოუდგამს საქართველოში, გივიმ კი თქვა, საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ნიჭიერებააო და გადაწყვიტა, ფული ნიჭიერებაში ანუ განათლებაში დაებანდებინა. სწორედ ამ დროს მოვხვდი ამერიკაში ჩემს სტუდენტებთან ერთად და გავიცანი ბატონი გივი.

 

წაგვიყვანა რამდენიმე პედაგოგი ჰარვარდსა და სიმონში. ჩემთან ერთად იყვნენ ისტორიკოსი სიკო ჯანაშია, მათემატიკოსი გიორგი მჭედლიშვილი, ფილოლოგი ილო ღამბაშიძე და ბიოლოგი ლია ჭაჭიაშვილი. ყველამ მაგისტრატურა გავიარეთ ამერიკაში. შემდეგ დავბრუნდით საქართველოში და წლები ვასწავლიდი ამერიკულ აკადემიაში.

 

2006 წელს დავქორწინდი ლალი ჭანიაზე, რომელიც 2003 წლიდან მუშაობდა ამერიკულ კომპანიაში, დააარსა ამ კომპანიის ფილიალები თბილისში, ბაქოში, ერევანსა და კიევში. ხელმძღვანელობდა ამ ოფისებს და შემდეგ გადაიყვანეს ვაშინგტონში, მთავარ ოფისში.

 

 

ჩვენ რომ დავქორწინდით, ლალი თანახმა იყო, რომ ამერიკიდან საქართველოში გადმოსულიყო და მეც არ მქონდა იქ წასვლის სურვილი, მაგრამ კომპანიის პრეზიდენტმა გვთხოვა, იქნებ მოახერხოთ და წამოხვიდეთ ამერიკაში, რადგან ლალი ძალიან გვჭირდებაო. ჩემი მეუღლე ამ კომპანიაში სამედიცინო მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი მისი ვიცე-პრეზიდენტიც გახდა.

 

სამი წელი ერთად ვმუშაობდით, მაგრამ შემდეგ მაინც პედაგოგობა ვარჩიე. ამერიკელ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოში მოდიოდნენ სამუშაოდ, ქართულ ენას ვასწავლიდი. ელჩიდან დაწყებული, უბრალო თანამშრომლით დამთავრებული, ყველა ჩემი მოსწავლე გახლდათ. მალე საქართველოში ახალი სამხედრო ატაშე ჩამოვა და ისიც ჩემი მოსწავლეა.

 

 

2019 წლის თებერვალში ჩემი მეუღლე გაგზავნეს აფრიკაში, კერძოდ – ტანზანიაში, სამუშაოდ. ის პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ – შიდსთან ბრძოლისა და დაძლევის პროგრამის დირექტორია. მასთან ერთად მომიწია აქეთ წამოსვლა და აგერ, თითქმის 2 წელია, აფრიკაში ვცხოვრობთ. პედაგოგის პროფესიამ გადასარევად მოირგო ონლაინ სწავლების მეთოდები და მეც აქედან ვასწავლი. 4-მილიონიან ქალაქში ვცხოვრობთ სამად სამი ქართველი.

 

ახლა აქ გაზაფხულია და ტემპერატურა 30 გრადუსია. დეკემბერი – მარტი ზაფხულია და ძალიან ცხელა, ივლისსა და აგვისტოში კი ზამთარია და ყველაზე დაბალი ტემპერატურაა – 25 გრადუსი.

 

სხვათა შორის, აქაც არჩევნებია 28 ოქტომბერს – პრეზიდენტს ირჩევენ, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, აქ სიმშვიდეა, რადგან უკვე იციან, ვისაც აირჩევენ. აქ ყველა პრეზიდენტს ორი ვადით ირჩევენ და ახლა მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ პირველი ვადა გაუვიდა. შესაბამისად – კვლავ დარჩება პოსტზე.

 

ძალიან კორუმპირებული და ღარიბი ქვეყანაა. ისეთი გაჭირვებულები არიან, რომ ჩვენ გვერიდება კიდეც, ასეთ კარგ პირობებში რომ ვცხოვრობთ. მოსახლეობა დამოკიდებულია ტურიზმზე. აქვთ კილიმანაჯაროს მთა, კუნძული ზანზიბარი, რომელიც არის ულამაზესი და ტურისტებს ძალიან მოსწონთ.

 

 

მაღაზიებში სიძვირე არ არის, რადგან ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ვსარგებლობთ სხვა მაღაზიებით და იქ ძვირია პროდუქტი. გვყავს ერთი შვილი, ნიკოლოზი და ასე გადის ჩვენი ცხოვრება.

 

ქალაქში რამდენიმე უნივერსიტეტია. მთავარი სასწავლებელი „ალმა მატერი“ გახლავთ. მივედი, ლექციების წაკითხვა მინდოდა და თვითონაც დაინტერესებული იყვნენ, მაგრამ შემდეგ ისევ ამერიკელ სტუდენტებთან ვარჩიე მუშაობა.

 

ერთხელ მაღაზიაში ვიღაც ქართულად დაგველაპარაკა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო და გაგვიხარდა.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X