14:28 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

კარანტინის დროს ქართველებმა პარიზის ცნობილი სავაჭრო ცენტრები გაძარცვეს – ფრანგული მედია

კარანტინის დროს ქართველებმა პარიზის ცნობილი სავაჭრო ცენტრები გაძარცვეს – ფრანგული მედია

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო, მათ შორის საფრანგეთი კორონავირუსის პანდემიას ებრძოდა, აღმოჩნდა, რომ პარიზში ქურდობები და ძარცვები საგრძნობლად გაიზარდა.

 

კარანტინის პერიოდში არსებული შეზღუდვების დროს საფრანგეთის დედაქალაქის ცნობილი სავაჭრო ცენტრები გაძარცვეს.

 

ფრანგი სამართალდამცველები კი ვარაუდობენ, რომ ერთი შეხედვით ამ წვრილმანი დანაშაულებების უკან კარგად ორგანიზებული ქართული მაფია დგას.

 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაძარცვულია მაღაზიები პარიზის ისეთ ცნობილ სავაჭრო ცენტრებში, როგორებიცაა Parly 2, Galeries Lafayette, Carré Sénart , Val d’Europe და ასევე მაღაზიები ოსმანის ბულვარში.

 

გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le parisien წერს, რომ კრიმინალური დაჯგუფება ყველაზე ხშირად იპარავდა სმარტფონებს, მცირე ზომის ძვირადღებულ აქსესუარებს, ცნობილი ბრენდების სუნამოებსა და ტანსაცმელს.

 

საფრანგეთის პროკურატურა ქართული კრიმინალური დაჯგუფებების უკან „კანონიერი ქურდების“ ინტერესებს ხედავს და ირწმუნება, რომ ნაძარცვი დოვლათი ქურდულ საერთოში, ე.წ. „ობშიაკში“ მიედინება.

 

გამოცემა leparisien-ის ინფორმაციით, სწორედ ამ გარემოებით საფრანგეთის პროკურატურამ ქართული მაფიის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე გახსნა.

 

გამოძიების ქვეშ 35 პირი იმყოფება, რომელთაგან 14 ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დროს პარიზში დააკავეს.

 

გამოძიების განახლებას საფუძვლად დაედო სწორედ სავჭრო ცენტრებსა და პარიზის გარეუბნებში ბოლო დროს გახშირებულ ძარცვის ფაქტები.

 

Le parisien -ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ქართული დანაშაულებრივი სინდიკარი საფრანგეთის გარდა ასევე მოქმედებს პორტუგალიაში, ესპანეთსა და იტალიაში.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +