fbpx
21:47 | 2020-08-15 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„კარანტინიდან პატრონიანები გადიან“ – მოქალაქემ იძულებითი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

„კარანტინიდან პატრონიანები გადიან“ – მოქალაქემ იძულებითი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

„პრაიმტაიმს“ ნატალია ფარცხალაძე სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ესაუბრა. მისი თქმით, იძულებით საკარანტინო სივრცეში გადაყვანა დისკრიმინაციული მიდგომაა და სახელმწიფო იმ ადამიანებსაც ბიუჯეტიდან აფინანსებს, ვისაც ხელეწიფებათ PCR ტესტის საკუთარი სახსრებით დაფინანსება და თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა.

 

ის ამ პრობლემების გარდა, ნეპოტიზმზეც საუბრობს. ამბობს, რომ „პატრონიანი“ ადამიანები საკარანტინო რეჟიმს გავლენიანი ახლობლების წყალობით თავს აღწევენ და საკუთარ სახლებში გადიან საინკუბაციო პერიოდს.

 

„საქართველოდან საფრანგეთში 15 ივლისს გავფრინდი. დაბრუნებისას, იძულებით კარანტინში გადამიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდი საკუთარი თანხით PCR ტესტის გაკეთებასა და თვითიზოლაციაში გადასვლას.

 

არავინ მოსულა ჩემს სახლში და არავის შეუმოწმებია, რამდენად მქონდა თვითიზოლაციის რეჟიმის დასაცავად პირობები.

 

ჩემი სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული იძულებითი კარანტინის გაუქმებაში მდგომარეობს.

 

სავარაუდოდ, ორშაბათს სასამართლო პროცესი ჩაინიშნება და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს უკანონო და არაკონსტიტუციური ნორმა გაუქმდება.

 

ამ ალოგიკურ განკარგულებაში ცვლილებები შევიდა და ჩინოვნიკებს მიეცათ საშუალება 72 საათში ერთხელ ტესტი გაიკეთონ და აიცილონ საკარანტინო რეჟიმში ყოფნა. ამავე პრივილეგიით სარგებლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

 

ხოლო საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც არც საზღვარგარეთის პასპორტები აქვთ და არც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად თვლიან, რაც ცხადია არაკანონიერია.

 

ეს კარანტინი სასჯელის ფორმაა, რადგან კორონამ არც სქესი იცის, არც რასა და არც თანამდებობა. თუ ვირუსს ვებრძვით, მაშინ  თითოეული ადამიანის მიმართ მიდგომა და რეჟიმი ერთი და იგივე უნდა იყოს.

 

მოქალაქეები, რომლებიც 9-11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ
2020-08-15მოქალაქეები, რომლებიც 9-11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ

 

ერთი ჯანმრთელი ადამიანის შენახვა სახელმწიფოს დღეში 60 ლარი უჯდება. ამას კოვიდზე ტესტის საფასურიც ემატება და ერთი ადამიანისთვის გაღებული თანხა 1000 ლარს აღწევს.

 

როცა ბარსელონაში ჩავფრინდი, იქიდან ლისაბონში გადავედი და მერე პარიზში ვიმყოფებოდი, არავის გავუჩერებივარ და არავის შეუქმნია ხელოვნური ბარიერები. იქ თერმომტერით ხელში არ დგანან, ავტომატური თერმომეტრებია, რომლებიც ტემპერატურას აფიქსირებს.

 

რაც შეეხება ამ მოგზაურობის ისტორიას, არავის არაფერი უკითხავს და არავინ არ დაინტერესებულა, არც სასამართლოში მიმართვის შემდეგ დამკავშირებია ვინმე.

 

რაც შეეხება უშუალოდ საკარანტინო სივრცეში არსებულ პირობებს, უბრალოდ უმადურობა იქნება ამაზე საყვედური. ყველა პირველადი საჭიროება დაკმაყოფილებულია.

 

მას შემდეგ, რაც სასამართლოში სარჩელი შევიტანე, ასობით ადამიანი მწერს. მივხვდი, რომ უამრავი ადამიანი გამწარებულია ამ მიდგომით.

 

დღეს, საზღვარგარეთ გადაადგილება ფუფუნება აღარ არის, საქმიანობა ხშირად მოგზაურობას მოითხოვს, ამას მილიარდერობა არ სჭირდება.

 

ერთი რამ ზუსტად ვიცი, ორი ადამიანი, რომელიც არ იყვნენ თვითიზოლაციაში გადასაყვანი პირებისთვის შემუშავებულ სპეციალურ კატეგორიაში, პატრონების წყალობით, საკარანტინო რეჟიმის ნაცვლად, სახლში გადაიყვანეს.

 

ნეპოტიზმის შემთხვევები ჩემთვის ცნობილია.“ – ამბობს ნატალია ფარცხალაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X