15:32 | 2020-05-12 ავტორი: Prime Time

„კანონიერმა ქურდებმა“ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს

„კანონიერმა ქურდებმა“ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „კანონიერმა ქურდებმა“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

 

საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, არაერთ კრიმინალურ „ავტორიტეტს“ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც სხვა ქვეყნებში მათი გადაადგილება შეზღუდა.

 

ამასთან, უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში მათი დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხდება.

 

ძირითადად საუბარია იმ „კანონიერ ქურდებზე“, რომლებიც 2013-18 წლებში საქართველოს სასამართლოებმა უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს.

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართულმა მართლმსაჯულებამ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზებიდან გაათავისუფლა 30-ზე მეტი „კანონიერი ქურდი“, მათ შორის არიან საკმაოდ გავლენიანი და პოსტსაბჭოთა სივრცეში აღიარებული კრიმინალური „ავტორიტეტები“.

 

აღნიშნული პირების უმეტესობა სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტაციით რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საქართველოს ეცნობა, პრეზიდენტმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.

 

„პრეზიდენტის ბრძანებით ამ ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. ეს მოხდა ისე, რომ არ გადამოწმებულა, რეალურად ჰქონდათ, თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

 

აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანის მოქალაქოების გარეშე დატოვება. ეს მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

 

დღეს ისინი არცერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან, შეზღუდული აქვთ მთელი რიგი სერვისები, მათ შორის დიდი ძალისხმევა გვიწევს სასამართლოში მათი საქმის წარმოება ეფექტურად რომ განვახორციელოთ“, – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

 

ის კრიმინალური „ავტორიტეტის“ ილია სამსონიას ინტერესებს იცავს. სამსონია ერთ-ერთია, ვინც პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებას სასამართლოში ითხოვს.

 

ილია სამსონია (ილო ოზურგეთსკი)

 

Илья Самсония возможно останется в Кыргызстане — K-News
ილია სამსონია (ილო ოზურგეთსკი)

 

46 წლის ილია სამსონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის მარტში დააკავეს და ბრალი “კანონიერი ქურდობისთვის” წაუყენეს.

 

ის საქართველოში შემოსვლას ყირგიზეთიდან ცდილობდა, სადაც 2012 წლიდან დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

 

სამსონიას სხვადასხვა ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საერთო ჯამში, 15 წელზე მეტი აქვს გატარებული.

 

კრიმინალურ წრეებში მას „ილო ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ილია სამსონია „კანონიერ ქურდად“ 1996 წელს „მონათლეს“.

 

დავით გერლიანი-ჩაჩიბაია (სვანი)

 

New Posts: უკრაინის უშიშროებამ ქართველი ...
დავით გერლიანი (სვანი)

 

48 წლის დავით გერლიანს სხვადასხვა ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებებში, საერთო ჯამში, 20 წელი აქვს გატარებული.

 

2014 წელს „ლავას ოღლის“, იგივე მინდია გორაძისა და გიგა ვიბლიანის ინიციატივით, ის ხოფაში კიდევ ოთხ ქართველთან ერთად ქურდად „მონათლეს“.

 

თავად აცხადებს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის მონათლული, ისიც 1974 წელს, ქრისტიანული წესით.

 

2016 წლის ივნისში უკრაინიდან საქართველოში მისი ჩამოსვლა პოლიტიკური სკანდალის მიზეზიც კი გახდა.

 

კერძოდ 2016 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ის ოდესაში დააპატიმრა და საქართველოში გამოაძევა.

 

გერლიანმა საქალაქო სასამართლოში თავადაც კი ვერ დამალა გაკვირვება, რომ მას თბილისის აეროპორტში ხელბორკილების ნაცვლად ტელეკამერა დახვდა.

 

გერლიანმა უკრაინული პასპორტითა და ჩაჩიბაიას გვარით უპრობლემოდ გაიარა თბილისის აეროპორტის სასაზღვრო გამშვები პუნქტი და „რუსთავი 2“-ის ტელეობიექტივის გარდა, მომდევნო სამი დღის განმავლობაში თვალით აღარავის უნახავს.

 

მისი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 2016 წლის 22 ივნისს, ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველო-სომხეთის საზღვართან მოახერხა, საიდანაც გერლიანი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

 

იმ დღეებში აქტიური განხილვის საგნად იქცა საკითხი, რატომ არ შეატყობინეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებს „კანონიერი ქურდის“ დეპორტაციის შესახებ და რატომ ვერ მოახერხა შსს-მ გერლიანის დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში?

 

საქმე ის გახლავთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს შესაბამისი შეთანხმებები, რომელიც უკრაინულ მხარეს ავალდებულებდა, დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარ ეცნობებინა.

 

გაირკვა, რომ უკრაინულმა მხარემ ცალსახად დაარღვია ზემოხსენებული შეთანხმებები, ვინაიდან დეპორტაცი თაობაზე ინფორმაცია რატომღაც ცნობილი გახდა არა ოფიციალური სტრუქტურებისთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

 

მაშინ, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ წინასაარჩევნოდ „კანონიერი ქურდების“ უპრეცედენტო კონცენტრაცია ხდებოდა.

 

მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კი დავით გერლიანთან დაკავშირებულ პროცესები „ოდესელების პროვოკაციად“ შეაფასა.

 

შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა და რეგიონის ძალოვან უწყებებსაც საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსენები აკონტროლებდნენ.

 

თავად დავით გერლიანი თავს პოლიტიკური თამაშების მსხვერპლად მიიჩნევდა.

 

მისი ადვოკატის თქმით, გერლიანი ოდესის ერთ-ერთი რესტორნიდან, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, სრულიად უკანონოდ მოიტაცეს და ასევე, უკანონოდ გამოამგზავრეს საქართველოში.

 

მოკლედ, საქართველო-სომხეთის საზღვარზე დაკავებული გერლიანი 2016 წლის 8 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 6 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

 

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

მან ქვეყანა მაშინვე დატოვა, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ ოდესაში დააკავეს.

 

2017 წელს მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა და ამჯერად, მესამე ქვეყანაში გააძევეს.

 

2019 წლის ივლისში გერლიანი კვლავ უკრაინაში დააფიქსირეს და ისევ გააძევეს.

 

რევაზ ლორთქიფანიძე (რეზო ტბილისკი)

 

დოკუმენტი საფრანგეთიდან გრიფით ...
შუაში – რევაზ ლორთქიფანიძე (რეზო თბილისკი)

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2015 წელს დააკავა საქართველოში ჩამოსული „კანონიერი ქურდი“ რევაზ ლორთქიფანიძე, თუმცა მალევე ის სასამართლო დარბაზიდან ოვაციების თანხლებით გაათავისუფლეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, „კანონიერი ქურდი“ სხვადასხვა ორგანიზებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, ამასთან საქართველოსა და საფრანგეთში ქურდული საერთოს – ე.წ. „ობშიაკის“ თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში მონაწილეობდა.

 

რევაზ ლორთქიფანიძე ითვლება ქურდული ტრადიციების მკაცრ მიმდევრად და ე.წ. თბილისური ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად.

 

„კარიერის“ განმავლობაში 6-ჯერაა ნასამართლევი, მათ შორის რამდენჯერმე რუსეთის ფედერაციაში.

 

ძირითადად ბრალს ხულიგნობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის უყენებდნენ.

 

მთლიანობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული აქვს 15 წელზე მეტი.

 

საქართველოში მისი სახელიც პოლიტკურ სკანდალს უკავშირდება.

 

2012 წელს ადეიშვილის უწყებამ ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში მაშინდელი ოპოზიციონერის – გოგა ხაინდრავასა და რევაზ ლორთქიფანიძის შეხვედრას ასახავს.

 

პროკურატურა ამით იმის მტკიცებას შეეცადა, რომ ოპონენტები ხელისუფლების დამხობას „კანონიერი ქურდების“ მეშვეობით ცდილობდნენ.

 

გოგა ხაინდრავა პროკურატურაში დაკითხვაზეც დაიბარეს, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა.

 

თავად ხაინდრავას თქმით, ლორთქიფანიძე მისი ბავშვობის მეგობარია, რომელსაც ის საფრანგეთში ნამდვილად შეხვდა.

 

„მე ვიყავი 12 წლის, რევაზ ლორთქიფანიძე კი იყო 8 წლის, როდესაც ხილიანის #23-ში ერთად დავიწყეთ ცხოვრება მწერალთა სახლში. მამამისი მამაჩემის მეგობარი იყო.

 

ჩვენ ერთად გავიზარდეთ და 22 წელი ერთ სახლში ვცხოვრობდით.

 

მე ჩემს მეგობრებს არ ვემიჯნები, ვერც წარსულს წავშლი და ვერც ცხოვრებას დავიწყებ თავიდან. რეზო ლორთქიფანიძე იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

კახაბერ ორაგველიძე (კახა თბილისკი)

 

კახაბერ ორაგველიძე (კახა თბილისკი)

 

სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო „კანონიერი ქურდი“ კახაბერ ორაგველიძე, იგივე „კახა თბილისკი“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენის საფუძველზე, „კანონიერი ქურდი“ სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდა.

 

ორაგველიძემ ქვეყანა მაშინვე დატოვა, თუმცა მოგვიანებით ის კიევში დააკავეს.

 

უკრაინული მედიის ცნობით, ორაგველიძე რუსეთში 1998 წლიდან განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.

 

მას მომავალი 5 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

 

„კრიმინალური ავტორიტეტი“ უკრაინის ტერიტორიაზე ანექსირებული ყირიმის გავლით შევიდა. უცნობია, ამჟამად რომელ ქვეყანას აფარებს თავს.

 

თემურ გვასალია (თემო სუხუმსკი)

 

სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ...
თემურ გვასალია (თემო სოხუმსკი)

 

ზუგდიდის სასამართლოდან გაათავისუფლეს „კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია.

 

მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო, მიუხედავად იმისა, რომ „კანონიერი ქურდობა“ სასამართლო დარბაზშივე აღიარა.

 

გვასალია სოფელ რუხში დააკავეს. დაკავების ოპერაცია განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად.

 

გვასალია საქართველოში ყალბი, თემურ სონგულიას სახელზე გაცემული პასპორტით შემოვიდა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, როგორც ოპერატიული ინფორმაცია მოწმობს, თბილისში მკურნალობის მიზნით.

 

მას დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი.

 

გვასალიას „ქურდული ნათლობა“ 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში მოხდა „კანონიერი ქურდების“ – ვალიკო ჯეჯიას (ვალტერი), გიორგი უგლავას (ტახი) და ირაკლი ყალიჩავას (იკა ხუტუ) მიერ.

 

ზუგდიდის სასამართლოს მიერ განთავისუფლებულმა გვასალიამ დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას „კანონიერი ქურდობა“ არ უარყო.

 

მიუხედავად ამისა, მოსამართლე შოთა ბიჭიამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, გვასალია უდანაშაულოდ ცნო.

 

გია გიორგაძე (გია თბილისკი)

 

გიორგი გიორგაძე (გია თბილისკი)

 

2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ გიორგი გიორგაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „გია თბილისკის“ სახელით იცნობენ.

 

გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, „კანონიერ ქურდს“ სამართალდამცავები სასამართლოს ეზოშივე დახვდნენ და, სავარაუდოდ, მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

 

სასამართლოში მის მიმართ განაჩენის გამოცხადება არაერთხელ გადაიდო და ეს თავად განსასჯელის მიზეზით მოხდა.

 

„კანონიერმა ქურდმა“ მოსამართლე გიორგი ებანოიძეს ციხიდან რამდენჯერმე შემოუთვალა, რომ ჩანიშნულ დღეს მას არ ეცალა და სხდომა სხვა დროისთვის დაენიშნა.

 

საბოლოო განაჩენი მოსამართლემ 2017 წლის პირველ ივნისს გამოაცხადა.

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ დაუმტკიცდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

 

გიორგი გიორგაძე ამჟამად 58 წლისაა. ის „კანონიერ ქურდად“ ჯერ კიდევ 1981 წელს, 19 წლის ასაკში აკურთხეს.

 

     ………

 

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ „კანონიერი ქურდებისა“, რომლებიც ბოლო წლებში ქართულმა სასამართლოებმა გაამართლეს.

 

სასამართლოს მიერ „კანონიერი ქურდების” გათავისუფლებამ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისკენ უბიძგა.

 

შსს-ს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა რამდენიმე მუხლი, რომელიც ქურდულ სტატუსის კრიმინალიზებას ახდენს.

 

მანამდე კოდექსში მსგავსი დეფინიცია არ არსებობდა და „კანონიერ ქურდებს“, რომელთაც ქმედითი დანაშაული არ უმტკიცდებოდათ სასამართლო დარბაზებიდან ათავისუფლებდნენ.

 

რაც შეეხება 2012 წლამდე არსებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ ეწერა, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი იყო არა ქმედებაში გამოხატული რაიმე დანაშაული, არამედ კრიმინალური სტატუსის ზეპირსიტყვიერი აღიარება, რომ ის „კანონიერი ქურდია“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები