fbpx
22:39 | 2020-09-15 ავტორი: თამარ გონგაძე

„კანონიერი ქურდების“ საფლავების მიბაძვით, მიხა ხელაშვილის საფლავის “გადიადება” გადაუწყვეტიათ“

„კანონიერი ქურდების“ საფლავების მიბაძვით, მიხა ხელაშვილის საფლავის “გადიადება” გადაუწყვეტიათ“

პოეტ ტარიელ ხარხელაურს სახალხო პოეტისა და გმირის, მიხა ხელაშვილის საფლავის გაკეთება კერძო ინიციატივით უთავებია და თანამოაზრეებთან ერთად მისი დაბეტონება-“შელამაზება” დაუწყია.

 

მიხა, ხელაშვილებისა და რაზიკაშვილების საგვარეულო სასაფლაოზე, ჩარგალშია დაკრძალული. მას 90-იან წლებში გრაფიკოს ანრი სამაშვილის მიერ გაკეთებული ქვა ადევს.

 

25 იანვარს დაბადებულა ფშავის კლდეების ნატეხი – მიხა ხელაშვილი“… » kvira.ge

 

 

როგორც ხელაშვილის შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რამდენიმე ადამიანთა ჯგუფმა დამოუკიდებლად მიიღო საფლავის თავიდან გაკეთების გადაწყვეტილება.

 

ერთ-ერთი სარდიონ ხელაშვილია, რომელიც, როგორც ლელა ამბობს, ხელაშვილების საგვარეულოს სახელით საუბრობს. “ხელაშვილის გვარი ერთია, მიხა ხელაშვილის გმირობა, ცხოვრება,

პოეზია და საფლავი კიდევ სხვა არის” – ამბობს ამ ინიციატით უკმაყოფილო ლელა რაზიკაშვილი.

პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი ლეგენდადქცეული პოეტის საფლავის “გადაკეთებით” გამოწვეულ გულისტკივილს “ფეისბუქზე” ასე გამოხატავს.

 

მიხეილ ღანიშაშვილი: – ჩარგალში მიხა ხელაშვილის საფლავის უკანონოდ და უპრაგონოდ დამბეტონებლები თავის მართლებას მისცემიან.

 

აცხადებენ: მოუწესრიგებელი იყოო; ჩამოშლილი იყოო; უპატრონოდ იყოო; უბრალოდ მოწყობილი იყოო და მისთანები…

იქვე მიხას სახელ-საფლავის მოამაგეებად მოაქვთ თავი და დაპირებებს იძლევიან: დიადი სახე უნდა მივცეთო; ყაზბეგის მწვანე დიაბაზის ქვით უნდა მოვაპირკეთოთო; ზედ თაღი უნდა დავდგათ, თაღზე ზარები დავკიდოთ და ვრეკოთო.

 

მთის ამბები

 

მათ გაუცნობიერებელ მკითხველსა თუ მსმენელს ეს ნათქვამები შეიძლება გულზედაც კი მოხვდეს და ქება დაუწყოს ამ “საქმის” მოქმედ-მოთავეებს:
რა გინდათ, რას ერჩით ამ ხალხს, კარგ საქმეს აკეთებენ, მოსავლელის მოვლა გადაუწყვეტიათო.
მაგრამ ვინც კარგად იცნობს იქაურობას და ზედმიწევნით იცის მიხა ხელაშვილის ბიოგრაფიაც, მისი საფლავის ისტორიაც და თანამედროვე ვითარებაც, მას ეგრე იოლად ვერ მოატყუებს ასეთი “მზრუნველობა”!

 

ჯერ ერთი, უნდა ითქვას ის, რომ მიხას გადასვენება ჩარგლიდან მის მშობლიურ სოფელ ახადში გარდაუვალობაა და როდესაც ვინმე მის ამჟამინდელ საფლავსა და მის “მოწესრიგებაზე” დაფიქრდება, უნდა შეეცადოს, რომ სწორედ ამ პერსპექტივიდან შეხედოს მოვლენებს.

 

მეორეც, მიხას საფლავი არ ყოფილა არც გაპარტახებული და არც ჩამოშლილი.

 

ის ცემენტის საკმაოდ მკვიდრი და ხარისხიანი ცოკოლით იყო შეკრული. მას მხოლოდ ხავსი ფარავდა და ხან გაზაფხულის მწვანე ბალახი, ხან შემოდგომის ოქროსფერი ფოთლები და ხანაც ზამთრის სპეტაკი თოვლი ეფინებოდა ხოლმე ზედ.

 

 

მიხას საფლავზე იდო ჩვეულებრივი მარმარილოს ქვის უბრალო, ბუნებრივი ნატეხი, რომელზეც, თავის დროზე, პოეტისა და პატრიოტის გვარ-სახელი და დაბადება-გარდაცვალების თარიღი ამოეტვიფრათ მის ოჯახის გონიერსა და წინგახედულ წევრებს, შთამომავლობას.
და ეს ბუნებრივი უბრალოება საფლავისა, დიახაც, რომ ყველაზე მეტად შეშვენოდა მიხას ბიოგრაფიასა და პოეზიას.

 

ნუთუ იმასაც კი ვერ ხვდებიან დამბეტონებლები, რომ მისი საფლავის პომპეზური და სნობური მოწყობა სრულიად შეუფერებელი და შეურაცხმყოფელია მიხას სახელისა და ხსოვნისთვის?!

 

ნუთუ სადღაც, რომელიღაც პრესტიჟულ სასაფლაობზე, ვიღაც კანონიერი ქურდებისა თუ ბობოლა ჩინოვნიკების პომპეზური და მდიდრული საფლავების მიბაძვით გადაუწყვეტიათ მიხა ხელაშვილის საფლავის “გადიადება” და “გაკეთილშობილებაც”?!.
ეს ხომ სირცხვილია და უკადრებლის კადრება?

 

ყველას გასაგონად უნდა ვთქვა: შეეშვით, ბატონებო, მიხას ამგვარ “ჭირისუფლობას” ჩარგალში!
თუკი ვინმეს რაიმეს გაკეთების გულწრფელი სურვილი ან შესაძლებლობა გაგაჩნიათ, მთელი თქვენი მცდელობა მიმართეთ ახადისკენ – მიხას მშობლიური სოფლისა და მისი ჩამოშლილი სახლ-კარისაკენ!
ის, რაც ჩარგალში უნდა გაკეთებულიყო მიხას სახელის უკვდავსაყოფად უკვე კარგახნის გაკეთებულია – დაარსებულია სახალხო დღესასწაული “მიხაობა”!

 

 

 

ლელა რაზიკაშვილი - YouTube

 

ლელა რაზიკაშვილი მიხას შთამომავალია, მიხას დის, სალომეს შვილიშვილია. ის “პრაიმტაიმთან” აცხადებს, რომ მისი სახელოვანი წინაპრის საფლავის გაკეთების შესახებ სხვისგან შეიტყო და ფაქტის წინაშე დადგა.

 

ლელა რაზიკაშვილი: – ტარიელ ხარხეულაური ჩემი მეგობარია. დიდი პოეტია და თვლის, რომ მიხას საფლავი უნდა გაკეთდეს. ეს მისი პოზიციაა. მისადმი პატივისცემის მიუხედავად, ამ ინიციატივას ვერ ვიწონებ. მიხა ხელაშვილის დედა, ჩემი დიდი ბებოა. მიხა და დედამისი გვერდიგვერდ არიან დაკრძალულნი. მიხა ბებოჩემის ძმაა.

 

მის საფლავზე, 90-იან წლებში ის ლამაზი ბუნებრივი ქვა დავდეთ, რომელიც ბიძაჩემმა, გრაფიკოსმა ანრი სამაშვილმა გააკეთა. მან ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ ეს ქვა, მიხას ბუნებისთვის შესაფერისი იყო. მიხას საფლავი ამ ქვით გახდა ცნობილი.

 

2020-09-14"ბინა ხომ მოგცეს, მეტროში რაღატომ მღერი?" - როგორ შეხვდნენ და "მიულოცეს" ბინა 9 აპრილის უსინათლო გმირს

 

შეიძლება საფლავი მოუვლელი იყო. მთის ბუნებაში ყველაფერი მოუვლელია, სტიქიაა და განახლება სჭირდება. დედა-მამის საფლავზეც ვერ ავედი პანდემიის გამო, ჩემდა სამარცხვინოდ. ვაჟას დედ-მამა, გულქანი, ბებოები, პაპები, მიხა ხელაშვილი, დედამისი – ყველა ერთად არიან ამ საგვარელო სასაფლაოზე, ეკლესიის გარშემო დაკრძალულნი. მიხას დის, სალომეს ქმარი, პაპაჩემი – თევდორე ჟამიაშვილი ბოლო მღვდელი იყო ამ ეკლესიაში. პავლე რაზიკაშვილიც იმ ეკლესიაში იყო მღვდლად.

 

მოკლედ, მე თამაზ მეჭიაურსაც მივწერე და საჯაროდაც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. მიხას ერთი შვილიშვილი და დის შვილიშვილები ვყავართ, მაგრამ ეს საფლავი მხოლოდ ჩვენი არ არის. არც კერძო ინიციატორის კუთვნილებაა. ეს საქართველოს საკუთრებაში მყოფი საფლავია. ორგანიზებულად უნდა დაწყებულიყო მისი გაკეთება და ყველას უნდა მიეღო მასში მონაწილეობა. სახელმწიფო რანგში უნდა გაკეთებულიყო. ეს ყოველთვის გამოიწვევს გემოვნებების კონფლიქტს და აზრთა სხვადასხვაობას.

 

ვნახოთ, შეიძლება კარგიც გამოვიდეს. საქართველომ გადაწყვიტოს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X