17:34 | 2020-05-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“კალმახივით ვარ, თვითგადარჩენის საოცარი უნარი მაქვს” – ლელა წურწუმიას კარანტინი

“კალმახივით ვარ, თვითგადარჩენის საოცარი უნარი მაქვს” – ლელა წურწუმიას კარანტინი

კონცერტები მოენატრა. ამბობს, რომ მისი პროფესიიდან გამომდინარე, არასახარბიელო მდგომარეობაშია. ვერაფერს გეგმავს. როგორც ყველა, ბუნებრივია, მომღერალი ლელაც პანდემიურ რეგულაციებზეა დამოკიდებული. დრო ფილმების ყურებასა და კითხვაში გაჰყავს. დრო და დრო ქალაქის ქუჩებს მეგობრის მოპედით წრეებს არტყამს.

 

ლელა წურწუმია: – არ ვიცი, რა იქნება. ვერაფერს ვგეგმავ, რომ მერე იმედგაცრუება არ გამოვიწვიო. დღესდღეობით სახარბიელო მდგომარეობაში არ ვარ. არც სახელმწიფო დოტაციაზე გახლავართ და ხალხის ჩემს კონცერტზე მოსვლაზე ვარ პირდაპირ მიბმული.

 

ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტში ვტვირთავს სიმღერებს, რომ სიცარიელე რაღაცით ამოვავსო.

 

იმდენი წერს, კონცერტი მინდაო… ისე მინდა, არ იცით. ჩემი საქმე მომენატრა.

 

იცი, რა მომენატრა? უკან რომ მუსიკა უკრავს, დგახარ და სიმღერას იწყებ.

 

მე აქტიური ადამიანი ვარ და სიმღერა ჩემი პროფესიაა.
თვითგადარჩენის საოცარი უნარი მაქვს, კალმახივით ვარ, დინების საწინააღმდეგოდ მივცურავ ხოლმე. არ ვეპუები იმ მანკიერებებს, რაც შეიძლება ამ სიტუაციამ მოგიტანოს. ვივარჯიშე, წონაშიც კარგად დავიკელი. მომატება არანაირად არ მინდა. ჩემი ნებაა, არავინ არ მომსდევს.

 

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე იმუნიტეტი და მოთმინების უნარი გამომიმუშავდა, რომ რაღაცებს არ ავყვე.
სახლი დავალაგე, ხან ის გავაკეთე, ხან – ეს. მაგრამ ის, რასაც ინტენსიურად არ აკეთებდი, გარკვეული პერიოდის შემდეგ გბეზრდება, რადგან შენი არ არის.

 

და რას აკეთებთ?

 

– მაღაზიაში ჩავდივარ, შეიძლება ფეხით გავიარო. მანქანით წრეს ვარტყამ ქუჩებს, ქალაქს თვალს ვავლებ.

 

გუშინწინ დიღმის “აგროჰაბში” წავედი. გავიხედე, სალაროს რიგში დგას ნინო ქათამაძე, ჩემგან სამ მეტრში. გავძახე, ნინკა, რას შვები, როგორ ხარ-მეთქი. იმან იქიდან მომიკითხა. ასე ნიღბებით ვამხნევებდით ერთმანეთს. იქვე მდგომმა თქვა, ორი ამხელა მომღერალი დგახართ რიგში და რას ვიფიქრებდი, ხმის ამოღებამდე ვერც ერთს ვერ გიცნობდითო.

 

ურიგოდ გაგიშვებთ, მობრძანდითო, მითხრეს. სასიამოვნოა, მითუმეტეს ასეთ დროს, როცა ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როცა რაღაცას იძულებით გაკეთებინებენ, იმიტომ რომ ეს საქმეს სჭირდება, ნერვული სისტემა ზიანდება და ადამიანები ღიზიანდებიან. ამ დროს რომ გიღიმიან და თავაზიანად გექცევიან, უკვე კარგი მაჩვენებელია.

 

 

კიდევ რას ვაკეთებ და ვკითხულობ. გურამ ოდიშარიას „შენთან უშენოდ“ წავიკითხე. თორნიკე ჯგერნაიას წიგნს გადავავლე თვალი.

 

ვუყურე ამერიკულ სერიალს „პოზა“, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება. ტრანსგენდერებზეა, ფანტასტიური სერიალია. ვნახე ფილმი „მეთორმეტე ადამიანი, მეორე მსოფლიო ომზე, სასწაული ფილმია. აი, ასეთ ფილმებს ვუყურებ, რეალურ ისტორიებზე დაფუძნებულს.

 

ხანდახან მეგობარი მოპედით გამომივლის, ქუჩებს წრეებს ვატყამ და შინ ვბრუნდები.

 

ჰაერში ჟანგბადია მომატებული. მეტსაც გეტყვით, თმა, რომელიც მესამე დღეს დასაბანი იყო, აღარ ჭუჭყიანდება. თეთრი პერანგი არ შავდება. იქნება ამის გამო, ონკოდაავადებებმა იკლოს.

 

ახლა მთავარია, ეპიდემიამ უკან დაიხიოს. პლატოზე ვართ, იმაზე მეტი გამოჯანმრთელებულია, ვიდრე დაინფიცირებული. ფანტასტიკურია.

 

მადლობა ღმერთს და იმ ადამიანებს, ვინც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა. ბრილიანტის ექიმები გვყოლია. საამაყოდ გვაქვს საქმე.
მართლა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ვცხოვრობთ და ყველაფერი ღვთის ნებაა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X