21:00 | 2020-09-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კახელი ვარ და კახელად მოვკვდები! – ვინ არის შავი ბრილიანტების სკანდალში გახვეული ნატალია კინგი, იგივე ნატალია აბელაშვილი

კახელი ვარ და კახელად მოვკვდები! – ვინ არის შავი ბრილიანტების სკანდალში გახვეული ნატალია კინგი, იგივე ნატალია აბელაშვილი

ვინ არის შავი ბრილიანტების სკანდალის მთავარი გმირი – ნატალია კინგი – ეს ის კითხვაა, რომელსაც საოზგადობებაში დიდი ინტერესი მოჰყვა. როცა ამ სკანდალზე „პრაიმტაიმი“ წერდა, მკითხველები სწორედ ამ კითხვით მოგვმართავდნენ. ამიტომ, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა მისი ვინაობით და საქმიანობით და ნატალია კინგმა ჩვენს კითხვებს ვრცლად უპასუხა.

 

ის ქართველი, წარმოშობით კახელი ბიზნესვუმენია. სანამ წარმატებამდე თავად მივიდოდა, მანამდე ვრცელი გზა განვლო… მისი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ მას ორჯერ გაუმართლა. ემიგრანტი იყო, როცა ბრიტანელი საქმრო გაიცნო და მასზე იქორწინა. მართალია, სტეფან კინგი წარმატებული დეველოპერი იყო, მაგრამ ნატალიასაც იმ დროს, უცხო ქვეყანაში შემოსავლიანი ბიზნესი ჰქონდა. წყვილი მალევე მშობლებიც გახდნენ.

 

მერე ყველაფერი დატოვა და საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნდა. სამწუხაროდ, ის დაქვრივდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ნატალია კინგმა მეორედ იქორწინა. ამბობს, რომ საქართველოში საუკეთესო მამაკაცი, სწორედ მისი მეუღლეა. ახლა, თავისუფლებით და ოჯახით ტკბება.

 

თუმცა, იმ გაუგებრობაში, რომელშიც აღმოჩნდა, მოკლე კომენტარით შემოიფარგლება. „სამწუხაროა, როცა ეს ფეხსაცმელები უფრო ხარისხიანი აღმოჩნდა, ვიდრე – ბრილიანტები, რომლებიც Franco Fontana-ში შევიძინეო“.

 

ის თავისი ისტორიის თხრობას ბავშვობისდროინდელი ოცნებებით იწყებს, რომლებისაც ფრთები უკვე შეასხა…

 

„ბავშვობის ადრეული წლები კახეთში გავატარე. ჩემი ქალიშვილობის გვარი აბელაშვილია. მე-5 კლასიდან თბილისში გადმოვედით, ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი. 23 წლის ვიყავი, როცა კვიპროსში გარკვეული მიზეზების გამო გავემგზავრე. იქ უთბილესი ხალხი დამხვდა. თავს როგორც სამშობლოში, ისე ვგრძნობდი. ვარ საქართველოს მოქალაქე და მაქვს კვიპროსში ბინადრობის სტატუსი.

 

სანაპიროზე გარკვეული სიდიდის ტურისტული ზონა ვიქირავე, ძალიან კარგად აეწყო ეს ბიზნესი, გამიმართლა. მერე ტრადიციული ბერძნული რესტორანი შევისყიდე, საბერძნეთიდან ცნობილი მომღერლები ჩამოგვყავდა კვიპროსელი მეგობრების დახმარებით. ფაქტობრივად მათ დიდი წვლილი აქვთ ჩემი ბიზნესის განვითარებაში. ბარიც მქონდა. საბოლოო ჯამში, საკმაოდ სოლიდური ბიზნესი იყო.

 

მერე იქ ჩემი მომავალი ქმარი – სტეფან კინგი გავიცანი, ის ინგლისელი იყო. ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სამშენებლო კომპანიის მფლობელი იყო. კვიპროსში საზაფხულო აგარაკი ჩემს მეზობლად ჰქონდათ და ბრიტანეთიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე.

 

23 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. პირად ცხოვრებაშიც ძალიან გამიმართა, ის არაჩვეულებრივი მეუღლე იყო. ერთი ქალიშვილი შეგვეძინა, ნანუკა ახლა 17 წლისაა. სამწუხაროდ, მეუღლე 4 წლის წინ, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა…

 

2015 წელს კვიპროსში სახლი, რესტორანი და ბარი გავყიდე. საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოსვლა გადავწყვიტე და მას შემდეგ, აქ ვარ. მინდოდა, ჩემს ქვეყანაში ისეთი საქმიანობა დამეწყო, რომელიც ჩემგან დიდ დროს არ მოითხოვდა და ოჯახისთვის ბევრი თავისუფალი დრო დამრჩენოდა.

 

ეს გადაწყვეტილება სტეფანმაც დიდი სიხარულით მიიღო. აქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ის სამების ტაძარში მართლმადიდებლურად მოინათლა. მისი ნათლია ჩვენი მეგობარი ფარნა მაყაშვილია. სტეფანის უკანასკნელი სურვილი იყო, ღვინო ჩამოესხა მასთან ერთად და ბრენდი შექმნილიყო „მაყაშვილი და კინგი“, როგორც დიდგვაროვნები.

სამწუხაროდ, სტეფანმა ამ იდეის ხორცშესხმა ვერ მოასწრო, ისე გარდაიცვალა. ის ღვინო მაინც ჩამოისხა და ბრიტანეთში გაიგზავნა. უმძიმესი იყო, ჩვენთვის სტეფანის გარეშე დარჩენა, მინდა თქვენი მეშვეობით, მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის სწორედ ფარნა მაყაშვილს, გიორგი ფარეშიშვილს, ვალერი მამაცაშვილისა და მამა შალვა თვაურის ოჯახებს.

 

– რას საქმიანობთ საქართველოში?

 

– საქართველოში რამდენიმე აპარტამენტი შევიძინე. ასევე, სტეფანის სამშენებლო ბიზნესს ბრიტანეთში საკმაოდ წარმატებულად მართავენ და იქ ჩემი ჩარევა საჭირო არაა, უბრალოდ მისი წილის მეპატრონე ვარ. ჩემი შვილი იქნება ამ კომპანიის მესამე თაობის მფლობელი. ის ახლა ევროპულ სკოლაში სწავლობს, იქ ინგლისურენოვანი სწავლებაა. უჭირს ქართული ენაც და საქართველოსთან შეგუებაც. ენატრება კვიპროსელი მეგობრები, სკოლა, კლასელები, მეზობლები. მათ ხშირად სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტება, კვიპროსშიც ხშირად მიემგზავრება ხოლმე.

 

– როგორც ვიცით, მეორედ დაოჯახდით

 

– მიუხედავად იმისა, რომ გული ხშირად მტკენია, სირთულეები დამიძლევია, პირად ცხოვრებაში, როგორც ქალს, ყოველთვის მიმართლებს. მას შემდეგ რაც დავქვრივდი, ოჯახი მეორედ შევქმენი. ბედნიერი ვარ, რადგან ტყუპებივით ერთად ვართ და ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. ის ზუსტად ისეთივე წარმატებულია, როგორც – მე და რაც მთავარია, პიროვნულად გასაოცრად კარგი ადამიანია, ნამდვილი მამაკაცი, ის სტატიკურ ქართველ კაცებს არ ჰგავს, სულ სხვანაირი გვერდში დგომა, დახმარება იცის… მას პირველი ოჯახიდან არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს. ხშირად ერთად ვარ და ვცხოვრობთ ტკბილად… ის ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. კლდესავით დაგვიდგა გვერდით მე და ჩემს შვილს, როცა სტეფანი დაიღუპა. მერე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახიც შევქმენით. ვარ ბედნიერი ქალი. ძალიან ღირსეული ოჯახიდანაა.

 

5 წლის ვიყავი, როცა ქალი მძღოლი ვნახე, რომელიც სიგარეტს ეწეოდა. მაშინ ვთქვი, რომ როცა გავიზრდები მანქანა მეყოლება და სიგარეტს მოვწევ-მეთქი. ასევე, ვოცნებობდი მქონოდა ჩემი სახლი და ბიზნესი. ამ ოცნებების ასრულებას 20 წელი დასჭირდა. 25 წლიდან ყველაფერი მაქვს ჩემი, რაზეც კი მიოცნებია. როცა გაქვს მიზანი, გიყვარს შრომა და არ თაკილობ, წარმატებისკენ გზაც მაშინ არის ხსნილი.

 

– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– მიყვარს საქმე, რომელსაც უშუალოდ ვაკონტროლებ. ჩემთვის მაღალი ხარისხია სისუსტე. უკვირდა ყველა სტუმარს, როცა ჩემს რესტორანში შეკვეთა თავად მიმქონდა და ვეკითხებოდი რა მოსწონდათ და რა შენიშვნა ჰქონდათ. სამაგიეროდ, ჩემთან მოსვლა უყვარდათ და წარმატებაც მალევე მოვიდა. შრომა ყოველთვის მიყვარდა, მამა მეღვინე იყო, დიდი ვენახები ჰქონდა და 6 წლის ასაკიდან დავყვებოდი მას. ვთხოვე, ხელფასი გადამიხადე და ვენახში ვიმუშავებ-მეთქი. მერე დედას ვეხმარებოდი, მას ჯერ თბილისში სურსათის საწყობი ჰქონდა. ახლა, კვიპროსში ქართული ტრადიციული რესტორანი გვაქვს, რომელსაც ის უძღვება.

 

– რისკენ ისწრაფვით?

 

– ჩემი მისწრაფება სრულყოფილი და მშვიდი ოჯახია, რომელიც მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი ორივეს დევიზი კი სიკეთის კეთებაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს ახსოვს და კიდევ ბევრს გაახსენდება ჩვენი სიკეთე. სადილსაც კი არ მივირთმევთ სახლში მარტო – სულ ჩვენიანები გვყავს სტუმრად. ძალიან მიყვარს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან სადილების მომზადება და მერე ჩვენი მეგობრების მასპინძლობა. ჩემი დევიზია, ვიყო გამოსადეგი ადამიანებისთვის.

 

– საგანგებო მდგომარეობის დროს, ვიცით, რომ ბევრ ოჯახს დაეხმარეთ… 

 

– პანდემიის დროს, ჩემი შემოსავლების უდიდესი ნაწილი გაჭირვებულების დახმარებას მოვახმარე. ზოგს ბინის ბანკიდან გამოსყიდვაში დავეხმარე, ზოგს – კრედიტის დაფარვაში, ზოგსაც – პროდუქტები და თანხა გადავეცი. მათ შორის იყვნენ ნაცნობებიც და უცნობებიც. ყოველთვის გრძნობ, როდის ხარ საჭირო. მიმაჩნია, რომ ღმერთი გაძლევს სხვაზე ცოტა მეტს, რომ ის სწორედ სხვას გაუზიარო და გაუნაწილო. თუმცა, ისეც ხდება, რომ სიკეთე ადამიანებს გაკარგვინებს და ამაზე გული მტკივა, თავად მიხვდებიან ისინი, ვინც წაიკითხავენ ამ სტატიას…

 

„რაც მომხდარი გავახმაურე, ჩემს მანქანასთან სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების ხუთი მამაკაცი იდგა დილიდან საღამომდე“ - შავი ბრილიანტის სკანდალი გრძელდება
2020-09-19„რაც მომხდარი გავახმაურე, ჩემს მანქანასთან სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების ხუთი მამაკაცი იდგა დილიდან საღამომდე“ - შავი ბრილიანტის სკანდალი გრძელდება

 

– სამკაულების გარდა, კიდევ რა გიზიდავთ?

 

ანოუკის სამოსი. ძალიან ქალური, ნაზი და ლამაზი კაბები შევიძინე ანუკი არეშიძესთან. საზღვარგარეთაც მეცვა მისი კაბები, რომლებმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა უცხოელებზე. ნიჭიერი დიზაინერია და ძალიან კარგი ქალი, რომლისთვისაც ოჯახი მნიშვნელოვანია, არასოდეს გამოირჩევა აგრესიულობით. მოსწონს ის, რაც ყველა ქალს უნდა მოსწონდეს და ამას ყველას სთავაზობს. ასევე, მიყვარს დოლჩე გაბანას ფეხსაცმელები. ასევე, ძალიან მიყვარს იარაღები. Walther PPK მომწონს და მაქვს. სროლა კვიპროსში ვისწავლე, სადაც მეგობრებთან ერთად, სანადიროდ ხშირად დავდიოდი, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვკლავდი, ეს არ შემიძლია, ისე კარგად ვისვრი.

 

– როგორია ახლა, საქართველოში ცხოვრება?

 

– კვიპროსში ლაღად ვცხოვრობდი, ადგილობრივებიდან გამომდინარე. სახლად კვიპროსი მიმაჩნია. თუმცა, კახელად დავიბადე და კახელად მოვკვდები. საქართველოს სტეფანის საფლავის გამო, ვერასოდეს დავტოვებ… რაც შეეხება აქ ცხოვრების პირობებს, ჩემი აზრით, ცვლილებები ოჯახებიდან, აზროვნებიდან, მენტალობიდან უნდა დაიწყოს და მერე, ხელისუფლებაც, ცხოვრების დონეც და ყველაფერი ისეთი იქნება, როგორც საჭიროა. სულ სხვანაირი ხალხი დამხვდა, ბავშვობაში ყველაზე ახლობლები, ყველაზე მეტად გამიუცხოვდნენ და ეს ფულის გამო მოხდა. სხვანაირი ზრახვები აქვთ, როცა სხვაზე მეტი გაქვს, ფული საჭიროა, მაგრამ ეს ჯილდოცაა და ტვირთიც… მე ემიგრანტად ჩემს ქვეყანაში უფრო ვგრძნობ თავს, ვიდრე მაშინ, როცა საქართველოდან წავედი…  ჩვენ მეტი სიყვარული, თანადგომა და ნამდვილი ქართული ღირებულებების დაბრუნება გვჭირდება.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +