15:50 | 2021-08-25 ავტორი: Prime Time

კახა კუჭავა: მჯერა, სვანეთში ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ პროექტს და ეს არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას.

კახა კუჭავა:  მჯერა,  სვანეთში  ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ პროექტს და ეს არ ეხება  მხოლოდ ინფრასტრუქტურას.

როცა საუბრობენ ევროპის ქვეყნებში ულამაზეს მხარეებზე, უნდა საუბრობდნენ მესტიაზე, როგორც ერთ-ერთ უნიკალურ ადგილზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მესტიაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.  მისი თქმით, რეგიონის განვითარებისთვის ძლიერი თვითმმართველობაა აუცილებელი.

 

„უნიკალური” ნამდვილად ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე მეტად უხდება სვანეთს, უნიკალური თავისი სილამაზით, გარემოთი, ისტორიით, ტრადიციებით, თავისი ხალხით. ჩემს გამზრდელ ბაბუას ყოველთვის სვანური ქუდი ეხურა ტრადიციულად, რომ ვეკითხებოდი, რა არის, მეუბნეოდა ამაყი ხალხის ქუდიაო. ზუსტად ასეა, აქ რომ ჩამოდიხარ, ხვდები რა არის სიამაყე, ხედავ ამაყად მდგარ სვანურ კოშკს, რომელიც არის გამარჯვების სიმბოლო ჩემთვის, არა მხოლოდ ჩემთვის, ყველა ქართველისთვის, ისტორიულად ასეა. სავანური კოშკი, საუკუნეები იდგა და იდგება ხვალაც ქვეყნის სადარაჯოზე, კულტურის, ჩვენი ტრადიციების, ოჯახის დაცვის სადარაჯოზე, რომელიც უძვირფასესია თითოეული ქართველისთვის.

 

მესტიას განვითარება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეტყობა. წლების წინ, ბიუჯეტი დაახლოებით 600 000 იყო და დღეს უკვე 9 მილიონამდეა გაზრდილი, ეს ჩემი აზრით, საკმარისი არ არის, კიდევ უფრო გაიზრდება. პოტენციალი კიდევ უფრო დიდია, არა მხოლოდ ეკონომიკური, ტურისტული თვალსაზრისით. ბოლოს სვანეთს ვესტუმრე ჩემს ოჯახთან ერთად პანდემიამდე, 2019 წლის ზაფხული იყო. მე მინდოდა ჩემს ბავშვებს ენახათ ეს სილამაზე, ეგრძნოთ თავისუფლება. ჩემს მეგობრებთან ერთად მულახის ხეობაში კახიანებს ვსტუმრობდით, სადაც უხუცესებთან ერთად ვისადილეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ეკლესიიდან გადმოვხედეთ მთელ ამ ულამაზეს ხეობას, რომელიც ზემოთ მთაზეა და ვამსგავსებდით როგორ ჰგავს შვეიცარიას, ავსტრიას და შემდეგ ძალიან მარტივი, ლოგიკური დასკვნა გამოვიტანეთ, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სამაგალითო სხვებისთვის. როცა საუბრობენ ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაზე, უნდა საუბრობდნენ მესტიაზე, როგორც ერთ-ერთ უნიკალურ ადგილზე თავისი სილამაზით, მოვლით, შრომისუნარინობით, განვითარების დონით. ზუსტად ასეთი განვითარებული რეგიონებია, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მიმზიდველს გახდის საქართველოს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და ყველასთვის მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ბრწყინვალე საფუძველი, ბრწყინვალე ადგილი, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია მაგალითი მივცეთ ყველას, თუ რამდენად შეიძლება შედეგი დაიდოს შრომით და ერთად დგომით. ერთად დგომას როცა ვამბობთ, ეს სჭირდება ყველას, მთელ საქართველოს.

 

ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაუტეხელი და დაუმარცხებელი მაშინ, როცა ვიდექით ერთად, ერთ მუჭად შეკრული და ასეთი უნდა ვიყოთ დღესაც და სვანეთი ბრწყინვალე მაგალითია ამისთვის. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, აფხაზეთს, რომელიც აქ ხელის გაწვდენის მანძილზეა და ძალიან დიდი გულისტკივილია ჩვენთვის. დარწმუნებული ვართ, ჩვენი განვითარების ტემპით, ჩვენი ძლიერი, ერთიანი საქართველოთი მალე ვიამაყებთ. მე მჯერა, რომ ჩვენ სვანეთში ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ პროექტს, არ ეხება ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურას. ამისთვის საჭიროა ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, დარწმუნებული ვარ ის ძალიან ბევრს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად გავიმარჯვებთ აქ, პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ ძლიერ გამარჯვებას მივაღწევთ,“- განაცხადა კუჭავამ.

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X