11:16 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კაფე-ბარების ნაწილი 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

კაფე-ბარების ნაწილი 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი კაფე-ბარი ფუნქციონირებს. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი მეწარმეების მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

 

„მინდა შევეხო სრულიად სხვა სფეროს და გაგაცნოთ თბილისის მერიის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ინიციატივა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას, ქალაქის ეკონომიკის ზრდას. ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეების და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), გავათავისუფლოთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან. დღესდღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200 ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი გვაქვს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ. რასაკვირველია, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას, რათა მივაკვლიოთ დამატებით გზებს, ქალაქის ეკონომიკის ხელშესაწყობად და კერძო სექტორისთვის ზიანის შესამსუბუქებლად“, – განაცხადა კალაძემ.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X