21:33 | 2020-03-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჯანმრთელობაშერყეული ადამიანები როგორმე დაგვაბრუნეთ სამშობლოში”- იტალიაში დარჩენილი ქართველი ემიგრანტის პრობლემები

“მხოლოდ ქართულის” კონკურსანტის, ლაშა ნანობაშვილის დედას “პრაიმტაიმის” მკითხელი იცნობს. იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, რუსა ლეჟავამ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში მოყვა, თუ როგორ გახდა თაღლითობის მსხვერპლი, რის შედეგადაც ბინა დაკარგა. რუსა მძიმე სენს ებრძვის, თუმცა ეს ვერ თრგუნავს, ერთდაერთი ვაჟი თბილისში, ახლობლის ბინაში დატოვა და ემიგრანტების სიას შეუერთდა. ამჯერად ქალაქ ბარშია, თვითიზოლაციაში, ისვე, როგორც მთელი იტალია. გთავაზობთ რუსას ემოციურ ინტერვიუს წითელ ზონაში მყოფი ქვეყნიდან.

 

რუსა ლეჟავა: – ვიმყოფები ქალაქ ბარში. ისე დაიწყო კორონავირუსთან დაკავშირებული ქაოსი, რომ სამსახურის პოვნა ვერ მოვასწარი…
მე და ჩემისთანა უმუშევარი ცხრა ქალი ერთმა ღვთისნიერმა ქალბატონმა შეგვიფარა და ველოდებით “განაჩენს”, რომელიც არაპროგნოზირებადია. ვართ ჩაკეტილები, გარეთ გასვლა გვეკრძალება და ვემორჩილებით. გარეთ გასვლის აუცილებლობას თუ არ წარუდგენ პოლიციას დასაბუთებულად, სამ
თვიანი პატიმრობაა სასჯელი…

 

– როგორ შეხვდით იძულებით პატიმრობას?
– “დაპატიმრებას” თავიდან მხნედ შევხვდით, მაგრამ ბოლო დღეების მონაცემებით სიკვდილიანობის დიდმა ციფრმა ცოტა შეგვაშინა. აშკარაა, რომ იტალია ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას და მსოფლიოს დახმარება სჭირდება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო სიამაყე ჩემი ქვეყნის გამო, რომელიც ორგანიზებულად და მომზადებულად შეხვდა ამ განსაცდელს. ჩვენ, აქ მყოფებს გვაძლებინებს ის, რომ საქართველოში ახლობლები შედარებით უსაფრთხოდ არიან.

 

როგორ ცხოვრობთ ასეთ პირობებში?

–  იტალიაში მყოფი ყველა ემიგრანტის ყოფა მეტნაკლებად მძიმეა, მაგრამ განსაკუთრებით რთულია იმისთვის, ვინც უმუშევრადაა ამ მძიმე სიტუაციაში მიზეზების “ბუკეტის” გამო, რაც ჩვენს ყოფას უფრო ამძიმებს…
გაურკვევლობამ და სტრესმა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგვიუარესა. ამას უწამლობა ემატება. თუ კორონავირუსის ნიშნები არ აქვს ადამიანს, სამედიცინო მომსახურეობა, ფაქტობრივად, გამორიცხული გვაქვს… ამ ყველაფრიდან გამომდინარე სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე და კარანტინის გავლის შემდეგ, ჩემს მიწაზე ვეცდებოდი ჩემი სატკივრის მიხედვას, მაგრამ ჯერ ვერ მოხერხდა. დაპირებული სპეციალური რეისის იმედი გვაქვს.

 

ბოლოს მოვიტოვე სასიამოვნო ფაქტი, რომელიც ამ განსაცდელს მოჰყვა და ძალიან, ძალიან გვახარებს და გვამხნევებს. ესაა ჩვენი გმირი ქალბატონების გვერდით დგომა, რომლებიც დასაქმებულნი არიან, რომლებსაც მიუხედავად სხვა მილიონი პრობლემისა, ჩვენი, უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მდგომარეობა გულთან მიიტანეს და პროდუქტებით თუ თანხით
გვეხმარებიან. ვინც ამ კეთილ საქმეს სათავეში უდგას, თუ ვინც თავისი ნაწვალები კაპიკიც გაიღო, უღრმეს მადლობას ვუხდით. ღმერთმა სიკეთის კეთების სურვილთან ერთად ჯანმრთელობა და საშუალება მოგცეთ ჩემო გმირო, გულიანო ემიგრანტებო. გეფერებით შორიდან…

 

დაბოლოს, მივმართავ მთავრობას თხოვნით, წამოსვლის მსურველების უმეტესობა ვართ ჯანმრთელობაშერყეული, უმუშევრად დარჩენილი ადამიანები და როგორმე დაგვაბრუნეთ სამშობლოში…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X