17:25 | 2021-03-03 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ამ პატარების გასართობი საფლავების გაპრიალებულ ქვებზე სირბილია – მარტოხელა დედა 3 შვილთან ერთად სასაფლაოს საყარაულოში ცხოვრობს

ამ პატარების გასართობი საფლავების გაპრიალებულ ქვებზე სირბილია – მარტოხელა დედა 3 შვილთან ერთად სასაფლაოს საყარაულოში ცხოვრობს

„დღევანდელ დღეს გილოცავთ ჩვენო დედიკო, ჯანმრთელი უნდა გვყავდე!“ – ასე მიულოცეს 10 წლის ნატალიმ, 7 წლის ნინამ და 6 წლის ნანიკომ დედას 3 მარტი. საჩუქრად გადანახული ფულით ნაყიდი ჭიქა მიართვეს.

 

უკვე წლებია, პატარები, დედასთან ერთად ე.წ. დამპალოს სასაფლაოს საყარაულოში ცხოვრობენ… პატარა ხის ფიცრული მათი ერთადერთი თავშესაფარია.

 

ოჯახს ცხოვრების სისასტიკე უფლებას არ აძლევს, რომ წუთით მაინც, საკუთარი სატკივარი – გარდაცვლილი ოჯახის უფროსი დაივიწყონ.

 

ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ამ პატარების გასართობი საფლავების მარმარილოს გაპრიალებულ ქვებზე სირბილია. მათი ბავშვური ოცნებები თუ დარდები მხოლოდ დედამ, გარდაცვლილებმა და სამარხებთან დარგულმა უზარმაზარმა ნაძვებმა იციან…

 

რუსკა ფრიდონაშვილი სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრებისეულ სიძნელეებს მარტო ებრძვის. გაჭირვებას, სიცივეს, ავადმყოფობას, უსახლკარობას და სხვა უამრავ დაბრკოლებას არ უშინდება, ძალას პატარა გოგონები აძლევენ.

 

„დღევანდელ დღეს გილოცავთ ჩვენო დედიკო, ჯანმრთელად უნდა გვყავდეო. ასე მომილოცეს ჩემმა პატარებმა, იები და ჭიქები მაჩუქეს, რომელსაც გული ახატია. სათითაოდ ჩამეხუტნენ და მითხრეს, რომ ბედნიერები არიან შენნაირი დედა რომ გვყავსო. ამ ყველაფერმა იმხელა ძალა მომცა, სიტყვებით ვერ აღგიწერთ. მე მხოლოდ ჩემი შვილებით ვარ ბედნიერი…“ – ამბობს რუსკა.

 

როგორ მოხვდნენ ე.წ. დამპალოს სასაფლაოს საყარაულოში, ამას დიდი ისტორია აქვს, რომელსაც რუსკა „პრაიმტაიმს“ თავად უყვება.

 

„თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მეუღლე, გელა იასეშვილი ქიზიყიდან იყო, სოფელ ვაქირში ვცხოვრობდით. თბილისში ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, ჩემი ძმის თანამშრომელი გახლდათ, ერთმანეთიც მაშინ გავიცანით. 7 წლიანი ნაცნობობის შემდეგ, მომძებნა და დაქორწინებაც მალევე გადავწყვიტეთ. თანაცხოვრება კახეთში დავიწყეთ.

 

ჩემი ქმარი წნორში მარცვლეული კულტურის გადამამუშავებელი ქარხნის უფროსი იყო. მატერიალურად არ გვიჭირდა. სახლიც გვქონდა და ნორმალური პირობებიც კარგი ცხოვრებისთვის. უფალმა შვილი რომ გვაჩუქა და ვტკბებოდით ოჯახური ცხოვრებით, სწორედ მაშინ აირია ყველაფერი….

 

გელამ სამსახური დაკარგა და მალევე ერთადერთი საცხოვრებლის გარეშეც დავრჩით. თაღლითობის მსხვერპლნი აღმოვჩნდით, მეუღლის მეგობარს ბანკიდან სესხის გამოტანა დასჭირდა, გელამ ერთადერთი სახლი იპოთეკით დაატვირთინა, მეგობარმა აღარ გადაიხადა და საცხოვრებელი დავკარგეთ.“ – ამბობს რუსკა.

 

უსახლკაროდ და უსამსახუროდ დარჩენილმა ახალგაზრდა კაცმა ახალი ცხოვრების დაწყება დედაქალაქში გადაწყვიტა. მათ ავლა – დიდებას ოჯახის წევრები და მხოლოდ მანქანა შეადგენდა. მეტი აღარაფერი გააჩნდათ. თბილისში ჩამოსულმა სამსახური ვერსად მოძებნა, აღარც უკან წასასვლელი ფული ჰქონდათ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარედ გაჩერდნენ. ასე იყვნენ რამდენიმე დღე, მანქანაში ცხოვრობდნენ. არაერთი დღე შიმშილში გაატარეს. ორსული დედა მცირეწლოვანი შვილისთვის პურს მაღაზიებში ითხოვდა…

 

„უამრავი სიმწარე გადაგვხდა თავს… დამხმარე არავინ გვყოლია. გვერდით არავინ ამოგვიდგა. სიტუაციას კიდევ უფრო ის ართულებდა, რომ ზუსტად იმ დროს, შვიდი თვის ორსული ვიყავი. ნათესავები და ახლობლები ვერ მეხმარებიან, მათ თავიანთი პრობლემები აქვთ. არავის ვსაყვედურობ ან რა უფლება მაქვს… მაგრამ გული მწყდება მაინც…

 

თბილისში დავბანაკდით პირდაპირი გაგებით, მანქანა დამპალოს სასაფლაოსთან გავაჩერეთ და ნაძვნარში დავიწყეთ ცხოვრება. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა გაიგო ჩვენი ამბავი და მან მოგვიყვანა სასაფლაოს საყარაულოში. ეს შენობა თბილისის მერიის ბალანსზეა. ერთი ოცნება მაქვს… ეს შენობა დაგვიკანონოს მერიის შესაბამისმა სამსახურმა. იქნებ ხვალინდელი დღის შიში დავძლიო.

სულ ვნერვიულობ, რომ ერთ დღესაც დაგვატოვებინებენ ამ ადგილს და დავრჩები ისევ ქუჩაში. უამრავი წერილი მაქვს დაწერილი სხვადასხვა დაწესებულებში, მაგრამ უშედეგოდ… მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვები შეყვარებულები არიან ამ ადგილზე. გელამ ვერ გაუძლო, გატყდა მორალურად და ნერვიულობას გადაჰყვა კიდეც… მეუღლე რომ გარდამეცვალა მესამე ბავშვზე სამი თვის ორსული ვიყავი. ნანიკოს მამა არასდროს უნახავს, ის მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. მეცხრე თვეში, როცა ტკივილები დამეწყო, მშობიარე ქალი სამშობიაროში ჩემი ფეხით, მარტო მივედი, ისე ვიმშობიარე, რომ გვერდით არავინ მყოლია…

 

მანამდე კი როცა ჩემმა ავადმყოფმა მეუღლემ გაიგო, რომ მესამე შვილზე ორსულად ვიყავი ასე მითხრა, რატომ აუბედურებო… ვერ შეეგუა მწარე რეალობას და იშემიური ინსულტი დაემართა, საზარელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდით თუ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით როდისმე… ერთი შეხედვით, სტაბილურად მყოფმა გელამ, მოულოდნელად სიკვდილზე დაიწყო გაუთავებელი საუბარი.

 

თითქოს, წინათგრძნობაც ჰქონდა, ბოლო პერიოდში სულ სიკვდილზე ლაპარაკობდა… ფიზიკურად ძალიან დასუსტდა, შეშასაც ვეღარ აპობდა. ამაზეც ძალიან ნერვიულობდა… ექიმთან არ მომყვებოდა, თავიდან ირიდებდა წამლებისთის საჭირო თანხის მოკლებას ბავშვებისთვის. ის უქონლობისა და უპატრობისგან დაიღუპა. ვნანობ, ძალიან ვნანობ რომ კარგად ვერ მივხედე, ვერ მოვუარე. ჩემი განვლილი და გასავლელი ცხოვრებიდან მხოლოდ ამას ვნანობ.

 

ახლა კაციცა და ქალიც მე ვარ. მეუბნებიან, უკვე დაკაცებული ხარო. რა ვქნა, ყველაფერი ჩემი საზრუნავია. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება და ობოლთა შემწეობის თანხაა. რამდენიმე წლის წინ, ფილტვში წყალი ჩამიდგა და კლინიკაში  სამკურნალოდ მისულს გულის დაავადება დამიდგინა. გულს და ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი. დამინიშნეს შვიდი მედიკამენტი, საიდანც ერთი მხოლოდ 200 ლარი ღირს. ახლა ისევ ვარ მისასვლელი ექიმთან, მაგრამ უსახსრობის გამო ალბათ ვერ შევძლებ. გარდა ამ დახმარებისა საფლავებს ვასუფთავებ. სულ 6 საფლავი მაქვს აღებული, თითოეული ყოველ თვე 10 ლარს მიხდიდა.  მათი მეპატრონეები მოსკოვში ცხოვრობენ და პანდემიის გამო, წელს ვერ შეძლეს ჩამოსვლა. ერთმა დამირეკა და მითხრა, რომ მომავალ წელს ჩამოვა და ერთიანად გადამიხდის თანხას…

 

ყოველდღიურ პრობლემებზე იმდენს ვფიქრობ, მომავალზე ფიქრის დროც აღარ მრჩება. მართალია, საცხოვრებელი 17 კვადრატულია და  სივიწროვეა, ცუდი პირობებით, მაგრამ ეს ჩვენი ერთადერთი თავშესაფარია. წვიმის დროს ალაგ-ალაგ წყალი ჩამოდის… ხან პლასტენილს ვაკრავ, ხან მუყაოს ვუმატებ და ასე ვებრძვი გაჭირვებას, ქვრივობას, ობლობას, უსახლკარობას და ბუნებრივ მოვლენებს…“

 

უკიდურეს გაჭირვებასა და მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს ახლა  პატარები ატანინებენ. ამბობს, რომ მაინც ბედნიერი დედაა. არ იცის, რა იქნება ხვალ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კარგ ადამიანებად გაიზარდონ, მანამდე კი ყოველდღიურად გაჭირვებას ებრძვის. იბრძვის შვილების არსებობისთვის და სჯერა, რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდება…

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X