
იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული სწორად, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში დაწესებული ლოკდაუნებისა და ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ამასთან გამკლავება გამართულ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემებსაც უჭირთ. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიჰყვება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს, თუმცა თითოეულ მოქალაქეს, ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის.
ამიტომ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურეობა და სერვისები პირველ რიგში მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ: ჩვენს ხანდაზმულებს, ჩვენს ქრონიკულ დაავადებულებს, იმისთვის რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.