17:30 | 2020-04-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

იტალიელი მზარეული, რომელიც შოკოლადის ხინკალს ამზადებს და თავს კახელად მიიჩნევს

იტალიელი მზარეული, რომელიც შოკოლადის ხინკალს ამზადებს და თავს კახელად მიიჩნევს

ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეული, ენცო ნერი უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს.

 

თუ მის CV-ს თვალს გადაავლებთ, გულგრილი ნამდვილად არ დარჩებით:

 

მუშაობდა იტალიაში მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანში, ბროდვეიზე მდებარე წამყვან რესტორნებში, ნიუ-ორკში და პარკ ლეინზე ლონდონში, დააფუძნა სამზარეულო დუბაიში და გახსნილი აქვს რესტორანი მონტენეგროში.

 

საქართველოს პირველად 2015 წელს ესტუმრა – გია პირადაშვილმა „შატო მერეში“ მასტერკლასის ჩასატარებლად დაპატიჟა. საცხოვრებლად კი 2017 წელს დაბრუნდა.

 

როგორც ენცო „პრაიმტაიმს“ უყვება, საქართველოში ჩამოსვლა მისმა ავტრალიელმა მეგობარმა, ედგარ ჰაიდერმა სთხოვა.

 

„იმ პერიოდში ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. იქაური ცხოვრებით რაღაცნაირად გადაღლილი ვიყავი. ჩემი მეგობარი, ედგარ ჰაიდერი, რომელთან ერთადაც დუბაიში 2 წელი ვმუშაობდი, საქართველოში იყო. მან მთხოვა საქართველოში ჩამოვსულიყავი და რესტორნის გახსნაში დავხმარებოდი“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ენცომ.

 

მალევე, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში, აბაშიძეზე La Boheme • ლა ბოემი გახსნეს.

 

„რესტორნის გახსნის შემდეგ, შემოთავაზება ძალიან ბევრი კომპანიისგან მივიღე. ვმუშაობდი „რედისონ ბლუ ივერიაში“, „სამედიცინო ველნეს კურორტში“ (კოჯორში). დავრჩი აქ, აღარ დამიტოვებია საქართველო“,- გვიყვება ენცო.

 

როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე მეტად ქართული სტუმართმოყვარეობა ხიბლავს. თბილისი 1980-იანი წლების იტალიას ახსენებს.

„საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. შემიყვარდა აქ ყოფნა.

 

ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ერთად შეიკრიბონ, გარეთ გავიდნენ.

 

ამით თბილისი რაღაცნაირად 1980-იანი წლების იტალიას მახსენებს. ცხოვრების სტილსაც მალევე შევეჩვიე.

 

ბოლოს და ბოლოს საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა“,- აღნიშნავს ნერი.

 

ენცოს უფროსი ძმა იტალიაში ცხოვრობს, ის მილანში ერთ-ერთი გაზეთის, „ინ ჯორნო“-ს ხელმძღვანელია.

 

როდესაც იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიამ იფეთქა, ძალიან უნდოდა იქ წასულიყო.

 

„დედაჩემი იტალიაში მარტო ცხოვრობს. ის 83 წლისაა და რისკ-ჯგუფში შედის. როდესაც ეს სიტუაცია დაიწყო, ძალიან მინდოდა იტალიაში ვყოფილიყავი.

 

21 აპრილს იტალიის საელჩომ სპეც-რეისიც დანიშნა, მაგრამ გავაანალიზე, რომ თუ იქ წავიდოდი, შეიძლება დედაჩემისთვის უფრო მეტი საფრთხე შემექნა. ამიტომ დარჩენა გადავწყვიტე.

 

ძალიან ცუდად ვიყავი, როდესაც გარდაცვლილების რაოდენობას ვიგებდი. ამ დროს თავს ყველაზე დაუცველად გრძნობ – გინდა, რაღაც გააკეთო, შეცვალო, მაგრამ არ შეგიძლია.

 

ჩემი უფროსი ძმა კორონავირუსით დაინფიცირდა, ის ექვსი დღე საავადმყოფოში იყო.

 

ახლა შედარებით უკეთესადაა, ქვეყანაში სიტუაციაც ნელ-ნელა რეგულირდება“,- უყვება „პრაიმტაიმს“ ენცო.

 

ენცო ნერი: იტალიისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა ვირუსს თავიდანვე სერიოზულად მიუდგა
2020-04-23ენცო ნერი: იტალიისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა ვირუსს თავიდანვე სერიოზულად მიუდგა

 

„პრაიმტაიმთან“ საუბარში ენცო ნერი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აქებს:

 

 

„იტალიისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა ვირუსს თავიდანვე სერიოზულად მიუდგა. ახლა საქართველო ყველაზე უსაფრთხო ადგილია“.

 

 

ახლა ენცო თვითიზოლაციაში იმყოფება. სოციალურ ქსელში ლაივებს ხშირად მართავს და ხალხს სხვადასხვა რეცეპტს უზიარებს.

 

⭕️ For English scroll 🔽 down !!🇬🇪 აზიურად დამზადებული იხვი და კინოას სალათი-შავი კინოა-იხვის ფილე (მკერდი)-ფორთოხალი-ჩერი პომიდორი-წითელი ხახვი-ნიახურის (ბოლქვი) ფესვიდრესინგი – სოიოს სოუსი და სეზამის მარცვლები 🇬🇧 Asia style duck breast and quinoa salad – black quinoa – duck breast – orange – cherry tomatoes- red onions – celery root- black olives Soy and sesame seeds dressingThanks Gastronome • გასტრონომი for the sponsor and the ingredients #cooKuarantine with Chef Enzo Neri

Gepostet von Enzo Neri am Mittwoch, 1. April 2020

 

 

მან ერთხელ შოკოლადის ხინკალიც კი მოამზადა.

 

„ზოგადად ყველა ქვეყნის ბაზარი განსხვავებული და თავისებურია. როდესაც შოკოლადის ხინკალი გავაკეთე. ხალხი ძალიან გაღიზიანდა – რას აკეთებ, ეს ჩვენი ტრადიციული საკვებია.

 

თუმცა, ეს ტრადიციების შეურაცხყოფა საერთოდ არ ყოფილა. ერთმა გამოცემამ მთხოვა რომელიმე ქართული საკვები იტალიური რეცეპტით გამეკეთებინა, ეს იყო და ეს.

 

ხალხის ნაწილი ძალიან კონსერვატიულია. ურთიერთობის დასაწყისში გახსნილები არ არიან.

 

სულ ამბობენ, ქართველები იტალილებს გვანანო, მაგრამ ნამდვილი იტალიელები ბევრად უფრო გახსნილები არიან.

 

თუმცა მე მომწონს აქ ყოფნა. ასე რომ არ იყოს, აქ არ ვიცხოვრებდი.

 

უბრალოდ ვისურვებდი რომ მუშაობისას ხალხი უფრო ეთიკური იყოს.

 

როდესაც რაღაცას ამბობ, ამაში დარწმუნებულიც უნდა იყო და აუცილებლად შეასრულო. ზოგჯერ ადამიანების ნათქვამი და მათი ქმედებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება“,- აღნიშნავს ნერი.

 

ქართული სამზარეულოში ყველაზე მეტად მოსწონს, რომ ის დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების ნარევია.

 

იტალიურ სამზარეულოსთან ბევრი მსგავსებაც აღმოაჩინა.

 

ჩაქაფული კი მისი საყვარელი კერძია.

 

ამბობს, რომ საქართველოს ყველა რეგიონი თავისებურად განსხვავებული და ლამაზია თუმცა, მასთან ყველაზე ახლოს მაინც კახეთია.

 

„მე კახელი ვარ, თელავიდან! ვხუმრობ. უბრალოდ ყველაზე ახლოს სწორედ ეს ადგილია ჩემთან.

 

ცენტრალური იტალიიდან, უმბრიის რეგიონიდან ვარ, რომელსაც იტალიის მწვანე გულს უწოდებენ.

 

კახეთი რაღაცნაირად სწორედ უმბრიას მახსენებს“, – გვიყვება ნერი.

 

 

საინტერესოა, რომ შეფ-მზარეულობაზე ბავშვობიდან სულაც არ უფიქრია. მამამისი მეცნიერი იყო, თვითონაც ტექნიკურ საგნებს სწავლობდა. 29 წლის რომში, საავამყოფოში მუშაობდა. შემდეგ ერთი წლით ავსტრალიაში წავიდა.

 

„ავტრალიაში ყოფნის დროს, ვაკანსია ძალიან ბევრ რესტორანს ჰქონდა – ეძებდნენ შეფ-მზარეულს.

 

ვიფიქრე, თუ კარგი მზარეული ვიქნები, მოგზაურობასაც შევძლებ.

 

როდესაც იტალიაში დავბრუნდი პროფესია შევიცვალე და კულინარიას გავყევი. გამიმართლა, სამუშაოდ ერთმა რესტორანმა ამიყვანა“,- გვიყვება ენცო.

 

 

ამბობს, რომ ბავშვობაში ძალიან ბევრს ხატავდა, უნდოდა მხატვარი გამოსულიყო. მაგრამ მამამისი სულ ეუბნებოდა, რომ ხელოვნებაში ფული არ იყო და ვერ იშოვიდა.

 

ამიტომ სამედიცინო ინჟინერიის შესწავლა არჩია. თუმცა, შემდეგ გაანალიზა, რომ კერძების მომზადება რაღაცნაირად სწორედ ხატვას ჰგავს.

 

„მზარულობა და კერძების გაკეთება რაღაცით ხატვას ჰგავს. ხელოვნებაში ფერებით თამაშობ, ფერებს იყენებ, კულინარიაში ინგრედიენტებს“,- გვითხრა ენცომ.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +