17:13 | 2020-04-28 ავტორი: Prime Time

„ის საშინელი ხმები დღემდე ჩამესმის“ – გაიცანით დები ქორქიების უმშვენიერესი დედა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე საკუთარი სახსრებით ზრუნავს

„ის საშინელი ხმები დღემდე ჩამესმის“ –  გაიცანით დები ქორქიების უმშვენიერესი დედა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე საკუთარი სახსრებით ზრუნავს

დები ანი და ლიკა ქორქიები ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობენ. ისინი დაახლოებით 13 წლის ასაკში გამოჩნდნენ პოდიუმზე და თავიანთი გარეგნობის გამო, უმალ მიიპყრეს როგორც საზოგადოების, ასევე პროდუსერების ყურადღება.

 

პოდიუმის პარალელურად მათ, სატელევიზიო სფეროშიც გადაინაცვლეს და აქტუალურობას არ კარგავენ.

 

„პრაიმტაიმი“ უმშვენიერესი დების ანუკი და ლიკა ქორქიების დედას, ლანა სიხარულიძეს გაგაცნობთ, რომელიც წარმატებული ბიზნესვუმენია, თუმცა ჩვენი ყურადღება მისი საქმიანობის – მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის გამო მიიპყრო.

 

ლანა სიხარულიძე წლებია უპატრონო ცხოველებს სრულიად უსასყიდლოდ აპურებს და მათ უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. განსაკუთრებით ახლა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, უამრავი ცხოველი სრულიად მშიერი დარჩა ქუჩაში.

 

– ქალბატონო ლანა, როდიდან და რატომ დაიწყეთ ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე?

 

– გენეტიკურად მოჰყვება ჩემს ოჯახს ცხოველების სიყვარული. საბჭოთა პერიოდში, როდესაც პატარა ვიყავი სახელმწიფო ღამით კლავდა უპატრონო ცხოველებს, მესმოდა მათი განწირული ხმა, რასაც ძალიან განვიცდიდი და მამა ამ დროს ყურებზე ხელებს მაფარებდა.

 

სკოლიდან დაბრუნებულს ქუჩაში თუ შემხვდებოდა მიუსაფარი ძაღლები, ჩანთაში მედო ფუნთუშა და ვაჭმევდი. როდესაც საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა, ვყიდულობდი დიდი შეკვრით ცხოველების საჭმელს, ჩანთით დამქონდა 1-2 კილოგრამი საკვები და მიუსაფარ ცხოველებს ვაჭმევდი. ეს დღემდე ასე გრძელდება.

 

– სახელმწიფო კლავდა მიუსაფარ ცხოველებს?

 

– სახელმწიფო აკეთებდა კი, ჯერ ტყვიებით კლავდნენ, შემდეგ უფრო საშინელი მეთოდებით –  კისრის მალებს უტეხავდნენ, იმიტომ რომ სურდათ ქუჩები გაეთავისუფლებინათ უპატრონო ცხოველებისგან.

 

ეს ხდებოდა შუაღამის 4 საათზე, მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, ჩვენ ამას ვერ ვხედავდით, მაგრამ ის საშინელი ხმა დღემდე მომყვება.

– ქალბატონო ლანა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მიუსაფარ ცხოველებს საკუთარი სახსრებით კვებავთ დღემდე…

 

– პრაქტიკულად დღემდე საკუთარი სახსრებით ვკვებავ ცხოველებს. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების გამო, უფრო მეტი ცხოველი დარჩა დაუპურებელი ქუჩაში. სადაც ჩემი მშობლების სახლია, იქ ბევრი ბაზარია, აუარება კატები და ძაღლები დარჩნენ მშივრები.

 

ახლა დამეხმარა კომპანია „დოგი“ და  თიკო კვალიაშვილის მეგობარმა მომიტანა საკვები. ბოლო დროს, ხალხი წერს, რომ ძაღლები აგრესიულები გახდნენ და მოგვაშორეთო, აზრად არ მოსდის არავის, რომ გამოკვებოს ისინი, რადგან მშივრები არიან.

 

ყველა ოჯახში რჩება რაღაც საკვები, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ ძაღლები. ძაღლი ხომ თავად ადამიანმა მოიშინაურა და აღარ უნდა ახლა.

 

– თქვენ გყავდათ ბავშვობაში ძაღლები?

 

– მე უფრო ფისო მყავდა. ერთხელ მყავდა პატარა ძაღლი, რომელსაც თიაქარი გაუჩნდა, და საოპერაციო გახდა, აქ არ იყო განვითარებული მაშინ ვეტერინარული მომსახურება, ამიტომ მამამ მეგობარს აჩუქა უცხოეთში, გაუკეთეს ოპერაცია და ბედნიერად ცხოვრობდა ბევრი წელი.

 

ადამიანს თუ უნდა ცხოველი ჰყავდეს სახლში აუცილებელი არაა ძვირადღირებული იყოს.

 

– რატომ არ აირჩიეთ ვეტერინარობა?

 

– არ მიფიქრია რომ ეს პროფესიად გამეხადა, ახლა სხვა მდგომარეობაა ამ მხრივ, ბევრი სერიოზული ვეტერინარი გვყავს, თუმცა ეს სფერო უფრო დახვეწას საჭიროებს.

 

ისე არ გაიგოთ თითქოს მხოლოდ ცხოველებს ვეხმარები, პირველ რიგში ადამიანებს ვეხმარები, დაბალანსებულია ჩემს ცხოვრებაში ცხოველების და ადამიანების დახმარება.

 

– რა პროფესიის ხართ?

 

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაქვს ათწლიანი პედაგოგიური პრაქტიკა, შემდეგ ბიზნესში გადავინაცვლე და რამდენიმე ტურისტული სააგენტო მაქვს, რომელიც ახლა გაჩერებულია.

 

– თქვენი ქალიშვილების არჩევანში ჩაერიეთ?

 

– ნამდვილად ჩავერიე, ჩემი არჩევანი ბავშვობაში იყო მედიცინა, რომელიც ბოლო მომენტში ნათესავის ბოლო ფრაზამ გადამაფიქრებინა და დღემდე ვნანობ.

 

აბსოლიტურად მოულოდნელად შევიტანე საბუთები და პირველივე წელს მოვეწყვე ჟურნალისტიკაზე. მაშინ დიდი იყო კონკურსი, სულ ათ ადამიანს იღებდნენ, ასე დავამთავრე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. შემდეგ გაზეთში გამანაწილეს და ბოლოს დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა.

 

– რატომ არ გაყევით ჟურნალისტიკას?

 

– საბჭოთა პერიოდში დაიწყო ჩემი საქმიანობა, დამავალეს უნდა გამენადგურებინა ზოოპარკის დირექტორი, ეტყობა ასეთი ნარატივი იყო.

 

მივედი და დამხვდა ახალგაზრდა მეცნიერი, რომელმაც ჩამახედა ყველა დეტალში, ის მცირე დაფინანსებით აკეთებდა ყველაფერს, თავისი ხელით მუშაობდა, დავწერე რეალურად რაც ხდებოდა და სტატია არ დაიბეჭდა.

 

როდესაც შენი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიდიოდი სასურველი აღარ იყავი, პენსიონერივით აიღებდი მხოლოდ ხელფასს და ჰონორარს აღარ მოგცემდნენ, ინტერესი დამეკარგა.

 

როცა ჩავაბარე მეგონა ჟურნალისტის სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა, შეეძლო ცხოვრება შეეცვალა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

 

რაც შეეხება ჩემს შვილებს, ანუკი წარჩინებული იყო, ლიკა ბეჯითი. ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ, რომ შეგვევსო ეს დრო რაც საინტერესო იქნებოდა გოგონასთვის იმ საქმით დავაკავე შვილები, სამოდელო სააგენტო „ნატალიდან“ გვქონდა შემოთავაზება და მივიყვანე სააგენტოში.

 

ორივე ექიმია. მე თავის დროზე არ გავაკეთე არჩევანი მედიცინაზე და მთელი ცხოვრება ვნანობდი, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი შვილები ყოფილიყვნენ ექიმები და ახლა ამას ვნანობ.

 

ანუკი იურისპრუდენციით იყო დაინტერესებული, მაგრამ მე ვუთხარი არა – სამედიცინოზე ჩააბარებ-მეთქი და ვნანობ ახლა. ლიკას კი აინტერესებდა მედიცინა.

Image may contain: 3 people

– მკაცრი დედა ხართ მათთვის?

 

– ჩვენ უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მკაცრი უფრო პატარა ასაკში ვიყავი, ახლა როლები შეიცვალა. ვსაუბრობთ, ერთად განვიხილავთ ყველაფერს, ღიად ვსაუბრობთ და თუ საჭიროა ბოდიშსაც კი ვიხდი.

 

– შვილიშვილების აღზრდაში ხართ ჩართული?

 

– გიორგი როცა დაიბადა – უფროსი შვილიშვილი, ყოველ საღამოს სამსახურის მერე ბავშვთან ვიყავი, რადგან ანი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა.

 

როცა მეორე პატარა დაიბადა, მე და ჩემი შვილი ერთად შევედით სამშობიაროში და 6 თვე, მხოლოდ 3 დღე დავისვენე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები