15:36 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

ის დღეები ახლაც კოშმარად მესიზმრება – ქართველი ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

ის დღეები ახლაც კოშმარად მესიზმრება – ქართველი ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

ქართველი ემიგრანტები უცხოეთში… თავშესაფრის ძიება და მძიმე დღეები სადეპორტაციოში… ეს ბევრისთვის ნაცნობა გზაა, რომელიც ყოველთვის სასურველი შედეგით არ სრულდება.

 

მადონა სამუშაოს საძიებლად ისრაელში გაემგზავრა და საკუთარ გამოცდილებას „პრაიმტაიმის“ მკითხველს უზიარებს.

 

„5 წელია, რაც ისრაელში ვმუშაობ. აქ ძალიან მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა, ეს არის მონური შრომა, რომლის წარმოდგენა შორიდან ძნელია.

 

ისრაელში ასეთი შრომის გარეშე ფულს ვერ იშოვი. როდესაც პირველად ვცადე ისრაელში ჩამოსვლა, საზღვარზევე დამაკავეს.

 

ერთი კვირა გავატარე სადეპორტაციო ციხეში. ისეთი კოშმარი გადავიტანე, ახლაც კი მესიზმრება ხოლმე ის დღეები. ღამით კოშმარები მაწუხებს.

 

დაკავებულებს მონებივით გვექცეოდნენ, ცინიკურად, ჰაერზე 15 წუთით გამოვყავდით.

 

პურს შემოგვაწვდიდნენ და გვტოვებდნენ. გაურკვეველი ჯურის ხალხთან ერთად ვიყავი პატარა საკანში, შემზარავი განცდა მქონდა, არაფერი აღარ მინდოდა, არც ისრაელი, არც სამუშაო, ერთი სული მქონდა, საქართველოში ჩამოვსულიყავი.

 

ისრაელში სასტიკი წესებია საზღვარზე. გამორიცხულია, მესაზღვრე მოატყუო, რომ მოსალოცად ან ახლობლების მოსანახულებლად მოდიხარ, რვა-ათი საათი დაგაყოვნებენ დაკითხვაზე.

 

ისეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ შენზე, თვითონ აღიარებ, რომ იქ სამუშაოდ მიდიხარ. როდესაც საქართველოში დამაბრუნეს დეპორტით, უკან წასვლაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ მერე ოჯახის წევრი გამიხდა ავად.

 

ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა. ფული არ მქონდა, იძულებული გავხდი, მეორედ მეცადა ბედი. რომ მახსენდებოდა, რა გზა გავიარე, საშინელი შიშები მიპყრობდა.

 

მეორედ გამიმართლა, შეცვლილი საბუთებით შევძელი საზღვრის გადმოკვეთა.

 

იმის მიუხედავად, რომ უკვე აქ ვარ და ვმუშაობ, აქ იმდენად მკაცრი სისტემაა, სამართალდამცველების შიში არასდროს არ გტოვებს. ჩვენ ქუჩაში თავისუფლად კი ვერ დავდივართ.

 

უკვე ენაც ვიცი, ამათი წეს-ჩვეულებებიც, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, აქაურ სამართალდამცველებს მოვერიდო. გზაში თუ პოლიციელი  შემხვდა, გავფაციცდები ხოლმე, ვფიქრობ, ვუყურებ.

 

აბა, გამცდა თუ არ გამცდა, ეჭვით ხომ არ შემომხედა, თუ რაიმე საეჭვო შეგნიშნა და საბუთი ვერ წარუდგინე, გსვამს მანქანაში და მიყავხარ ციხეში. ეს დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, ამის  შიშით ნევროზი დამემართა. ამით ისე იღლები, რომ ბრმად ენდობი ბედს და იწყებ ფიქრს, რაც იქნება იქნება.

 

თუ ქუჩაში პოლიციელმა საბუთი მოგთხოვა, შენი საქმე წასულია. ზუსტად იცი, თავს ვერ დაიძვრენ. უკვე იმაზე იწყებ ფიქრს, რაც შეიძლება მალე გამოგიშვან საქართველოში და რაც შეიძლება ცოტა დრო დაგაყოვნონ სადეპორტაციო ციხეში.

 

თვითონ ჩვენი დამსაქმებლები გვაფრთხილებენ, ცდილობენ, რომ ზედმეტად არ მოვხვდეთ ვინმეს ყურადღების ცენტრში, არალეგალების დასაქმებისთვის ფინანსური სანქციები აქვთ და თვითონაც ფრთხილად არიან. მათთან შრომა იოლი არ არის.

 

რამდენჯერმე დამჭირდა სამედიცინო დახმარება, სიმძიმეების აწევის გამო ხერხემალი დამიზიანდა. ექიმთანაც თავისუფლად ვერ წახვალ, თუმცა როცა აქ ცხოვრობ, უკვე იცი სანდო ექიმები, ვინც ემიგრანტებთან მუშაობენ, როცა მათი დახმარება  გჭირდება.

 

სიტყვებით ძნელია ჩვენი მდგომარეობის გადმოცემა, ეს არის ტყვეობა, რომელიც თვეში ათას ხუთას დოლარად გვაქვს შეფასებული“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები