fbpx
14:20 | 2020-11-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“ირაკლის გარდაცვალების დღეს წინათგრძნობა მქონდა” – დათო ევგენიძე „მეფეს“ იხსენებს

“ირაკლის გარდაცვალების დღეს წინათგრძნობა მქონდა” – დათო ევგენიძე „მეფეს“ იხსენებს

“სარკეში რომ ჩაიხედო და სახე ვერ დაინახო, დაახლოებით ასე მაკლია ირაკლი” – ასე იწყებს დათო ევგენიძე  “პრაიმტაიმთან” იუბილარი ირაკლი ჩარკვიანის გახსენებას. მუდამ ერთად იყვნენ, ყოველდღე, ზამთარ-ზაფხულ…

 

მეგობრის ერთი დაბადების დღე, დათოს განსაკუთრებულად ახსოვს. ეს თვითმფრინავის ბიჭების გაფრენის მეორე დღე იყო…

 

დათო ევგენიძე: – გუშინ თვითმფრინავის გაფრენის დღე იყო, დღეს ირაკლის დაბადების დღეა.

 

ჩვენ სულიერი მეგობრები ვიყავით, სხვა სიღრმის ურთიერთობები გვქონდა. არა როგორც ადამიანი, მთელი სამყარო მაკლია მისი სახით.

“ევგენ” ასე მეძახდა, მე “ირას” ვეძახდი.

 

ირაკლის ის ერთი დაბადების დღე გამახსენდა. ერთად ვიყავით გეგა კობახიძის ქორწილში. იქედან მივედით ჩემს სახლში, სადაც ინსტრუმენტები მეწყო. ვუკრავდით შუაღამემდე… მეორე დღეს თვითმფრინავის ამბავი გავიგეთ…

 

კვირის პალიტრა - "ირაკლი ჩარკვიანის ზარმა გამაღვიძა - ხმა უკანკალებდა, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო"

 

შატალოზე მუზასთან ვიკრიბებოდით. ბუნკერთან ჩანთებს მივყრიდით. მერე ალექსანდოვის ბაღში ჩავდიოდით, ფოტოებს ვიღებდით. გოგოები, რომლებიც მოგვწონდა, გაკვეთილებიდან გამოგვყავდა. მერე იყო მუზიცირება, იყო ჩხუბებიც… ბიჭები გვერჩოდნენ იმიტომ, რომ გოგოებში პოპულარულები ვიყავით და ძველბიჭებს ეს არ მოსწონდათ.

 

თუ მხედრიონის პერიოდში ის უფრო ფასობდა, რა მანქანაში იჯექი, ჩვენს ბავშვბობაში სხვა ფასეულობა იყო – რამდენი წიგნი გქონდა წაკითხული, მხატვრების რეპროდუქციას როგორ იცნობდი, როგორ უკრავდი… ეს იყო ჩვენი პოპულარობის მიზეზიც. იყო ჩხუბები, არც ჩვენ ვთმობდით. შვარცნეგერები არ ვიყავით, მაგრამ მუჭებს ვიქნევდით. ჩხუბის დაწყების ინიციატორი კი ყოველთვის გეგა იყო. შარიანი იყო.

 

დათო ევგენიძის თავგადასავალი | კულინART

 

სულ ერთად ვიყავით, ზამთარ-ზაფხულ. იყო საერთო ბაკურიანები, ბიჭვინთები, ბორჯომები… ცალკ-ცალკე დასასვენებლად არასდროს დავდიოდით. თბილისში ან მე ვრჩებოდი მასთან, ან ის – ჩემთან. ეს იყო 24 საათიანი მეგობრობა.

 

ყოველი წამი სათავგადასავლო იყო. კინდრში ვისვენებდით მე, ირაკლი და ანრი ბასილაია. მე და ირაკლიმ იქედან ბიჭვინთაში ჩავაკითხეთ გოგოებს. გავაჩერეთ მაქანა, სოხუმის სადგურამდე უნდა ჩავეყვანეთ. ღამე იყო. მძღოლს უცნაურად ედო ფეხი, დავხედე და პროთეზი ჰქონდა გაზზე დადგმული. არ მავიწყდება სოხუმში როგორ ჩავედით. იქ ნახევარი სიცოცხლე გავათავეთ (იცინის).

 

ერთი გოგო, რომელიც მომწონდა, ლიკანში იყო დასასვენებლად. მე, დათო გომართელი, ლევან კერესელიძე, გეგა კობახიძე და ირაკლი წავედით. მატარებელში თავისუფალი კუპე არ იყო და გამცილებლის ერთადგილიან კუპეში შევეკუჭეთ. გიტარა გვქონდა წაღებული. მე გიტარაზე სულ ორი აკორდი ვიცოდი (გიტარაზე ირაკლი უკრავდა, მე – ფორტეპიანო) და ამ ორ აკორდზე სიმღერა ავაწყე. დილას 7 საათზე დავადექით თავზე ამ გოგოს.

 

მოსკოვში რომ ვიყავი, ირაკლიც ჩამოვიდა. მაშინ მოიყვანა პირველი ცოლი, ლენა. ერთდროულად შევირთეთ ცოლები და ერთად ვცხოვრობდით.

 

რატომ გადაადგილდება და ხმაურობს ირაკლი ჩარკვიანის ოჯახში საგნები » თბილისელები

 

მერე კანარის კუნძულებზე წავედით, ცოლს უკვე გაყრილი იყო და გერლფრენდთან ერთად წამოვიდა. უერთმანეთობა არ შეგვეძლო.

 

იმ პერიოდში არ იყო კლუბი. კულტურის სახლი იყო – дк – დომ კულტური. ხშირად ვქირაობდით და კონცერტებს ვაკეთებდით. იმ დროს ჩვენს თაობას “DK – დენსის თაობა” დავარქვი.

 

ჩვენი პროტესტი ფორმა არასდროს არ ყოფილა აგრესია. ჩვენ სისტემას ვეუბნებოდით – ჩვენ თქვენ არ გგავართ. ამ განსხვავებაზე იწერებოდა ლექსები, სიმღერები…

 

დღეს ირაკლის პროტესტი როგორი იქნებოდა?

 

– მე მგონია, რომ გზას არ შეიცვლიდა. იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო. სამყაროსთან დამოკიდებულებაში ირაკლი უკვე ჩამოყალიბებული სუბსტანციით წავიდა. შეიძლებოდა შიგნით ემოციები შეცვლოდა, მაგრამ ფორმები არ შეიცვლებოდა. მისი გამოხატულების ფორმა იყო სცენა და ლიტერატურა. ირაკლი მხოლოდ მუსიკოსი არ არის, ის ისეთივე ნიჭიერია ლიტერატურაში.

 

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ასაკში ლიტერატურას მიეძალებოდა.

 

– ჰქონდა კიდეც ახალი რომანის დაწერა გეგმაში, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. ერთ-ერთ კრებულში შევიდა ლექსი, რომელიც მივუძღვენი და ასე სრულდება: მე როცა მოვალ შენთან, შენს სიკვდილზე მოგიყვები…

 

ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრება სურათებში • ტაბულა

 

მისი გარდაცვალების დღეს წინათგრძნობა მქონდა. იმ პერიოდში ოჯახთან ერთად მოსკოვში ვიყავი. სახლში მოვედი და ცოლს ვეუბნები, ირაკლის უნდა დავურეკო-მეთქი. ჩემმა ოჯახმა უკვე იცოდა ირაკლის გარდაცვალების ამბავი. მთელი დღე ვამბობდი, უნდა დავურეკო, უნდა დავურეკო-მეთქი, მაგრამ არ ვრეკავდი. ქვეცნობიერად ბევრჯერ გადავდე, ვგრძნობდი… და ბოლოს რომ ავიღე ტელეფონი, დედაჩემმა მითხრა, არ დაურეკო, რეანიმაციაში არისო. ჩემთვის უკვე გასაგები იყო…

 

ირაკლის უმისობა ჩემთვის ცალკე ამბავია. ორეულივით ვიყავით. ერთმანეთზე ვსწორდებოდით, ინფორმაციებს ვცვლიდით.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X