fbpx
16:46 | 2020-11-06 ავტორი: Prime Time

ირაკლი შოთაძე საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი შოთაძე საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს ჰან ჰენდრიკ მორაალს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე,  ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გიორგი გოგაძე ესწრებოდა.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კიბერდანაშაულის თემაზე 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 26-ე ყოველწლიური კონფერენციისა და გენერალური შეხვედრის შინაარსობრივი, ორგანიზაციული და ფინანსური საკითხები განიხილეს.

 

თბილისში 2021 წელს დაგეგმილ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე დელეგატი დაესწრება. აღნიშნული საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.

 

საქართველოს პროკურატურამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონულ კონფერენციას თემაზე „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნება და კიბერდანაშაული“ 2017 წელს უმასპინძლა, რომელსაც 25 ქვეყნის გენერალური პროკურორი, მოადგილეები და სხვა რანგის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) 1995 წელს დაარსდა და პროკურორთა ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 171 ქვეყნის 183 ორგანიზაციულ წევრს და 3000 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო  ასოციაციის ორგანიზაციული წევრია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X