
ბარ „ბაუჰაუსის“ გაუჩინარებული თანამშრომლის, ბაია ბერუაშვილის მეგობარი აცხადებს, რომ დაკარგულ ახალგაზრდებს მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ და მათ შორის სხვა კავშირი გამორიცხულია.
მეგობარი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, „ვინმემ რამე დაალევინა, გაითიშნენ და დახმარება სჭირდებათ“. ამის შესახებ ის ambebi.ge-სთან ჰყვება.
„ჩემი მეგობარი 28 წლისაა, ძალიან სერიოზული და კარგი გოგოა, სიმშვიდისა და სითბოს განსახიერება, ამდენ ხანს ახლობლებს არ ანერვიულებდა. როგორც ვიცი, მათ შორის არანაირი სიყვარული და არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი თანამშრომლები არიან.
გამთენიისას ბარიდან ორივე ერთად გასულა მაღზიაში, ვერცხლის ქუჩაზე, მაგრამ გამყიდველი არ ადასტურებს, რომ ნახა ისინი. 21-ე საუკუნეა, აქამდე ხომ უნდა ამოეღოთ ვიდეოთვალის ფირები? კანონით, 48 საათის მერე იწყებენ ძებნასო და იქნებ როგორ უჭირთ? იქნებ ვინმემ რაღაც დაალევინათ, გათიშულები არიან და სასწრაფო სჭირდებათ? საინტერესო ისაა, რომ ორივემ საკუთარი ჩანთა და მობილური ბარში დატოვა.
ეს რას ნიშნავს, ვერ ამიხსნია. ბაია უმშვიდესი, უწყნარესი გოგოა, ისეთი, საუბრით რომ მოგარჩენს. მანამდე „ბორმენტალში“ მუშაობდა ფსიქოლოგად, იქედან წამოვიდა და მას შემდეგ „ბაუჰაუსში“ მუშაობს. იმ ბიჭზე, გიორგიზე ბევრი არაფერი ვიცი, უბრალოდ ის, რომ თანამშრომელი იყო. მასაც კარგად ახასიათებენ – მშვიდი, წყნარი ბიჭიაო, ამბობენ. თანამშრომლები გატაცებას გამორიცხავენ.
რა გითხრათ, არანაირი ვერსია არ მაქვს. სხვაზე და სხვა სიტუაციაში ვიფიქრებდი, სადმე ხომ არ წავიდნენ, დალიეს, ან მოწიეს და ხომ არაფერმა აწყინათ და გაითიშნენ-თქო. ახალგაზრდებზე სხვა რა უნდა იფიქრო?”, – ამბობს დაკარგული გოგოს მეგობარი.
ბარ „ბაუჰაუსის“ გაუჩინარებულ ორ თანამშრომელს უკვე მესამე დღეა ეძებენ.
ცნობილია, რომ სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ.
გამომძიებლებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც ბარის ტერიტორიაზეა განთავსებული. კამერებმა ისინი ბოლოს ვერცხლისწყლის ქუჩაზე დააფიქსირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 9:00 საათზე შევიდა.
„ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.