fbpx
12:22 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

ინტერვიუ სიკვდილის წინ – „სიცოცხლე ამად ღირდა“

ინტერვიუ სიკვდილის წინ – „სიცოცხლე ამად ღირდა“

“თქვენ მე ორი საათით შემიჩერეთ დაავადება”, – ინტერვიუს დროს გვითხრა და გაგვიღიმა. ეს იყო მარიამ თევზაძის ბოლო შვება და უკანასკნელი შეხება გარე სამყაროსთან, ინტერვიუდან რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა.

 

 

შეხვედრა ჰოსპისში, 2009 წლის ზამთრის მიწურულს შედგა, გაზეთი „პრაიმტაიმისთვის“, სიკვდილის წინ, ჩავწერეთ სიმსივნით დაავადებული ქალბატონი.

 

 

საინტერესოა, რას ფიქრობს ამ დროს ადამიანი, რას ნანობს, რას განიცდის, რა სურვილები აქვს. ქალბატონი მარიამი ამ ყველაფერზე გულახდილად საუბრობს.

 

 

ის იწვა ჰოსპისში, იქ, სადაც კიბოთი დაავადებული, უიმედო პაციენტები წვანან და სადაც დრო ყველაზე ძვირფასია. ყოველი წუთი მთელ სიცოცხლეს ნიშნავს, ყოველი წამი თითო ამოსუნთქვას…

 

აქ სიცოცხლე აუხდენელი ოცნებაა. მარიამ თევზაძემ დიაგნოზი ექიმისგან შეიტყო, თუმცა ამბავს, რომ  დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა, დეპრესიაში არ ჩაუგდია.

 

მას მკერდისა და ლიმფური ჯირკვლების კიბოთი დაავადების შორსწასული ფორმა – მეოთხე სტადია ჰქონდა. მომაკვდავის სარეცელთან იმედი არ ჩამქრალა.

 

ცხოვრების ბოლო დღეებში 64 წლის ქალბატონი მაინც სიცოცხლეზე ოცნებობდა და ამბობდა, რომ ცხოვრება ამადაც კი ღირდა…

 

 

„ახლა უკვე მივხვდი, რომ…“

 

მარიამ თევზაძე: – სიცოცხლე სიკვდილის პირისპირ… როცა იცი, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გიდგას, იცით, რას შევცვლიდი, რომ შეიძლებოდეს? ხალხს შევცვლიდი.

 

ყოველთვის მინდოდა, ადამიანები სხვანაირები ყოფილიყვნენ… ერთმანეთს უმოწყალოდ ვექცევით. ამას გვიან ვხვდებით, ესეც კარგია მოსანანიებლად.

 

სიცოცხლე ყველაფრად ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დღეში ვარ! ცხოვრება ამადაც კი ღირდა. ვიცი, ჩემზე მეტად გაჭირვებულიც არსებობს, ღმერთს რომ სთხოვს, წამიყვანეო. მინდა ბედნიერი წუთების განმეორება, ეგეთი ბევრია ცხოვრებაში.

 

რაც არ მინდა განმეორდეს, იმას სიკვდილის წინაც ვერ ვიტყვი. ვიქნებოდი ნაკლებად ემოციური, სამართლიანობისთვის ნაკლებად გამოვიდებდი თავს და ჯანმრთელობას დავზოგავდი.

 

ადრე წესრიგის მოყვარული ვიყავი, ქუჩაში, ტრანსპორტში თუ ბაზარში, უსამართლობაზე სულ ვჩხუბობდი. უსინდისობას ვერ ვეგუებოდი. ახლა უკვე მივხვდი, რომ ნერვიულობიდან და სტრესიდან მოდის ყოველგვარი ავადმყოფობა.

 

ადამიანი ნერვებია და თუ ის წესრიგში არ გაქვს, არ თქვა, რომ რამე გაქვს წესრიგში. ბევრ რამეს ისე უნდა შემოუარო, რომ ნერვიულობა თავიდან აიცილო, მაგრამ ესეც რთულია.

 

 

„აღარ განიკურნები!”

 

 

დიაგნოზს აბსოლუტურად ნორმალურად შევხვდი. მოულოდნელი იყო, მაგრამ იმ წუთში მივხვდი, რომ პანიკას აზრი არ ჰქონდა, თუმცა პროტესტის გრძნობა დამეუფლა – რატომ მე? წარმოიდგინეთ.

 

გგონიათ, რომ ჯანმრთელი ხართ და უცებ გეუბნებიან, აღარ განიკურნებითო! მაგრამ უცებ დავიმშვიდე თავი – ალბათ, იმიტომ, რომ მე ამირჩია. ასეთი ვარ. დეპრესია რა არის, არ ვიცი…

 

 

“ახალგაზრდობაში ამაზე არც მიფიქრია”

 

თბილისელი ვარ. პროფესიით ფილოლოგი გახლავართ. ვწერდი, ვთარგმნიდი, ვცეკვავდი, ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში (კადრების განყოფილების უფროსად)…

 

მყავდა მეუღლე, პროფესიით მეღვინე ჯემალ ბაქრაძე, რომელიც 23 წლის წინათ ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა. მაშინ 41 წლის ვიყავი და თავში აზრადაც არ გამივლია, რომ მეც სიმსივნით დავავადდებოდი. ახალგაზრდობაში ამაზე არ ფიქრობ, დაფრინავ.

 

თანაც იმ პერიოდში კიბოს შესახებ ნაკლებად ვრცელდებოდა ინფორმაცია. დაუნიშნავდნენ ქიმიას, კეთდებოდა ოპერაცია და ამით სრულდებოდა ყველაფერი. ჩემმა ქმარმა არ იცოდა, რა სჭირდა. მაშინ არ იყო მიღებული, რომ მას სცოდნოდა.

 

შვილის აყვანაზე ვფიქრობდი, მაგრამ მას მამა და უზრუნველყოფილი ცხოვრება სჭირდებოდა, თანაც ხომ იცით, თავისუფლად ცხოვრებამ როგორი მიჩვევა იცის?! ჩემდა სამარცხვინოდ ამას ვამბობ. მყავს და, ლია თევზაძე, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. ისიც ჩემსავით მარტოხელაა.

დაგვიანებული სადაზღვევო პოლისი

 

 

სულ რამდენიმე თვეა, რაც ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი. არაფერი არ მაწუხებდა. აგვისტოში შევამჩნიე, რომ მკერდზე პატარა ცხიმგროვისმაგვარი რაღაც მქონდა.

 

მერე ძალიან სწრაფად მოედო ნახევარ მკერდს. ჯირკვლებმა სწრაფად დაიწყო თავმოყრა. სექტემბრიდან მკურნალობა რომ არ დაგვეწყო, არ შეიძლებოდა. სახალხო ბანკის ჯანმრთელობის დაზღვევამ პოლისის მოცემას გადამაყოლა. თვეების მანძილზე გამიჭიანურეს, რა ვქნათ, ასეთი წესები გვაქვსო.

 

1-ელ ივლისს მოსაცემი 5-დღიანი სადაზღვევო პოლისი 17 ნოემბერს ძლივს მაღირსეს. პოლისი რომ თავის დროზე მოეცათ, ბევრი არაფერი, მაგრამ მკურნალობა რაღაც ეტაპით წინ წავიდოდა.

 

ამას რომ დავლოდებოდი და პენსიონერს ბინა არ დამეგირავებინა, დღეს უკვე მკვდარი ვიქნებოდი. 15 დღეა, კლინიკაში ვწევარ და უკვე 3500 ლარზე მეტი დამიჯდა.

 

ჩემნაირი პაციენტები ბევრ გულგრილობას აწყდებიან. საშინელ დღეში გაგდებს გრანდიოზული ფასები. ამ მხრივ, ფაქტობრივად, განწირული ხარ.

 

“კიდევ მინდა სიცოცხლე და ვიცოცხლებ”

 

 

რწმენაში ვიცხოვრე, მაგრამ რომ გითხრათ, ეკლესიაში ვათენ-ვაღამებდი-მეთქი, მოგატყუებთ. შინაგანად მწამდა. ღმერთი სიყვარულია, როგორც ცხოვრობ, ისე გიყვარს.

 

აღსარებას ვერასოდეს ვიტყვი, სიკვდილის წინაც კი. აღსარებაზე ყველაფერი უნდა თქვა და მოინანიო. ყველას აქვს რაღაც თავისი, რისი თქმაც არ შეუძლია. ალბათ, მეშინია, არ ვთქვა ის, რისი თქმა და აღიარებაც საკუთარ თავთანაც არ მინდა. ღმერთს რას ვთხოვ? არაფერს.

 

კიდევ მინდა სიცოცხლე და ვიცოცხლებ. სიცოცხლე რომ არ მინდოდეს, არც სამკურნალოდ დავწვებოდი, რა გამოდის? მებრძოლი ვარ? ალბათ, ასეც არის. არაფერსაც არ ვინანიებ, ხანმოკლე ცხოვრება თუ დამრჩენია.

 

“საწოლს მიჯაჭვული ცხოვრების არსზე ვფიქრობ”

 

 

შეყვარებული ბევრჯერ ვყოფილვარ… სიყვარული იმდენჯერ მოდის, რამდენჯერაც მოდის. შეიძლება, ერთხელ მოვიდეს და დამანგრევლად, მაგრამ რა არის, არ ვიცი.

 

როცა გიყვარს, არაფერზე არ ფიქრობ, გიყვარს და მორჩა! როგორც კი რაღაცის ჩხრეკას დაიწყებ, დამთავრებულია სიყვარული.

 

და კიდევ ერთი, თუ არ გიეჭვიანია, ესე იგი, არც გყვარებია. ახლა უკვე საწოლს მიჯაჭვული ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე, მის არსზე ვფიქრობ. თუ ვინმემ იცის, რა არის ცხოვრების არსი, დავუჯდები და სიამოვნებით მოვუსმენ.

 

 

უკანასკნელი ოცნება დღემდე ძალიან მინდა პატარა თეატრის გახსნა. ჩემს დას ვათამაშებდი… არ მეშინია არაფრის. არ იფიქროთ, რომ ამას მხოლოდ ინტერვიუში ვამბობ, მართლა ასეა.

 

ცხოვრებაში არავისი შემშურებია. სიკეთე ჩემთვის ყველაფერია. რატომ უნდა მშურდეს ჯანმრთელი ადამიანის? ყველას თავისი გზა აქვს. რაც მეტი ჯანმრთელი ადამიანი იქნება, მით უფრო კარგი არ არის? ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს…

 

 

სტატია მომზადებულია გაზეთ „პრაიმატიმის“ არქივიდან

 

(2009 წელი 16 მარტი/ ავტორები: თამარ გორთამაშვილი, თამარ გონგაძე )

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X