1780955048
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სამხრეთ კორეაში გაეცნენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები სეულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. „SITF Korea 2026“-ის ვიზიტორებს საქართველოს სტენდთან საშუალება ჰქონდათ აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. მათი უმრავლესობა მაღალ ინტერესს იჩენდა სათავგადასავლო ტურიზმის, გასტრონომიის, სამთო ტურიზმის, მათთვის ახალი და უცხო ტურისტული პროდუქტების მიმართ. ზღვისა და მთის შერეულმა ტურისტულმა მიმართულებებმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, იმერეთის დმო-სა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა მედიის, ტურისტული, ავია და სარეკლამო კომპანიების მენეჯმენტთან. გამოფენაზე საქართველოს სტენდი საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილმა დაათვალიერა. SITF Korea 2026-ზე 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 25-მდე სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს და აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. მიმდინარე წელს, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს 15-მდე პრესტიჟული გამოფენის ვიზიტორები გაეცნენ. გრძელდება რეგიონში უცხოელი ბლოგერ-ინფლუენსერების მომწვევაც, რომლებიც აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და ღირსშესანიშნაობებს მილიონობით გამომწერს აცნობენ.










